„ცენტრ პოინტისა“ და მისი დამფუძნებლების ირგვლივ ვითარება ძალიან გართულდა. უკეთეს დღეში არც დაზარალებული ბინათმესაკუთრეები არიან.
სამშაბათს, სასამართლომ „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე, მაია რჩეულიშვილს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში იგი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული პროცესზე არ გამოცხადებულა. ე.წ. იონის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით იყო აღძრული. პატიმრობაში რჩება აგრეთვე რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილი.
სასამართლოზე წარმოთქმულ დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილის დავალებით ბინათმესაკუთრეებს გამოართვეს დამატებით თანხები, თითქოსდა, კომუნიკაციების გასაყვანად და საკუთრებაში გადასაცემად. როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, ეს თანხები ობიექტს არ მოხმარებია და ამ თანხების თაღლითურად დაუფლება მოხდა.
ვითარება „ცენტრ პოინტისა“ და მისი დამფუძნებლების ირგვლივ ძალიან გართულდა. მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატმა“ უარი განაცხადა გაკოტრებული კომპანიის ვალდებულებების გადაბარებაზე, სიტუაცია ბურუსითაა მოცული.
„7 წელს არ ველოდი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო“, - ასე შეაფასა „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთავალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც რჩეულიშვილი აცხადებს, მისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მოულოდნელი იყო სასჯელის ზომა.
„ველოდით, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა, რადგან სტერეოტიპებით და კლიშეებით უფრო მიმდინარეობს ჩვენი პროცესი, ვიდრე რეალური შეფასებით. არ ველოდი 7 წელს. ეს ცუდი ნიშანი არის მომავალი ინვესტორებისთვისაც და თუნდაც, დაზარალებულებისთვის.
სამართლებრივად მაიას პატიმრობის ვადის გაზრდა ყველანაირ აზრს და ლოგიკას იყო მოკლებული. 7 წელი ციხეში თუ გააჩერეს, 7 წლის მერე იმ ხალხთან არანაირი ვალდებულება არ ექნება და ის ხალხი საბოლოოდ, მაინც დაზრალებული დარჩება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ რჩეულიშვილმა.
მისი განმარტებით, „ცენტრ პოინტ ჯგუფმა“ სამ ინვესტორთან შეთანხმებას მიაღწია, მოლაპარაკებები დასრულდა და ახლა უკვე ყველაფერი სახელმწიფოზეა. ინვესტორებმა მას გადაწყვეტილებების მისაღებად ერთთვიანი ვადა მისცეს.
„პროცესი, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ერთი თვით გადაიდო. ეს ვადა მე ავიღე, რადგან სამივე ინსვესტორი, რომელიც ამ წუთას სხვადახვა ობიექტზე შემოდის, ელოდება გადაწყვეტილებას, რომელიც სახელმწიფოსთან ერთად უნდა იყოს მიღებული. ბიზნესმენებმა ერთთვიანი ვადა მომცეს, დაახლოებით, 50 მილიონ ლარზეა ლაპარაკი. ერთ თვეზე მეტს ამ ფულს ვერ გააჩერებენ, მათაც თავიანთი ბიზნესი აქვთ.
ამ ერთთვიან ვადაში, თუ ჩვენ სახელმწიფოსთან ვერ მოვილაპარაკეთ, სამწუხაროდ, ყველაფერი ჩაიშლება და დავბრუნდებით ნულოვან წერტილზე და ჩიხში მოვიქცევით. ეს ერთი თვე არის გადამწყვეტი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მზადაა, საბოლოო შეხვედრები, ალბათ, იქით კვირაში გვექნება. სახელმწიფო სამართლებრივი კუთხით უნდა დაგვეხმაროს, ყადაღებია მოსახსნელი, ასევე უნდა დაგვეხმაროს მერიაც.
იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. ასე თუ არ მოხდა, ამის შემდეგ, ისეთ ჩიხში შევალთ, დაზარალებულები უსახლკაროდ დარჩებიან, ჩვენ - ციხეში. არ მგონია, ეს ვინმესთვის რამის მომტანი იყოს“, - აღნიშნა რჩეულიშვილმა.