ქართულმა თაფლმა ევროპაში ვერაფრით შეაღწია

ქართულმა თაფლმა ევროპაში ვერაფრით შეაღწია

ევროკავშირის ბაზარზე ყოველწლიურად თაფლზე მოთხოვნა 6%-ით იზრდება. თუმცა, ქართული თაფლი, რომელიც თავისი ხარისხით და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, ბოლო წლების განმავლობაში ექსპორტზე ევროპისკენ მაინც ვერ გადის. ძირითადად საექსპორტო ქვეყნებია ლიბია, არაბთა გაერთიანებულ საემიროები, საუდის არაბეთი, ერაყი და ლიბანი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმ მიზეზებს განმარტავს, რაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტს აფერხებს და ძირითად ფაქტორებად, თაფლის ერთგვაროვანი ხარისხს, რაოდენობას და მეფუტკრეების კომპეტენციას ასახელებს.

„პირველ რიგში, ესაა ერთგვაროვანი ხარისხი, მეორე ფაქტორია რაოდენობა. მოგეხსენებათ, ნებისმიერ სერიოზულ კომპანიას სურვილი აქვს, რომ დიდი ოდენობით და თანაბარი ხარისხის თაფლი გაიტანოს. სწორედ ესაა ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა. რაც შეეხება თაფლის ხარისხს, აქ ძირითადი პრობლემა ფუტკრის არასწორი მოვლა და თაფლის აღების პროცედურების არასწორად წარმართვაა. მინდა ყველა ფერმერს ვთხოვო, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ სურსათის უვნებლობის არსებული სტანდარტები,“ - განაცხადა ხატია წილოსანმა.

მინისტრის მოადგილე ფერმერთა ცოდნის ნაკლებობას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ წლებია ქართული თაფლის ექსპორტის შემაფერხებელ მიზეზებად ერთი და იგივე არგუმენტები სახელდება და თაფლის ხარისხის კუთხით არსებული პრობლემები ბოლომდე ვერ აღმოიფხვრა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო აქტიურად ეწევა ცნობიერების ამაღლების კამპანიას, მათ შორის თაფლში ანტიბიოტიკების და სხვა ნარჩენების შემცირების კუთხით და პარტნიორებთან ერთად მუდმივად ხდება კომუნიკაცია ფერმერებთან, ჯერჯერობით მაინც კონსერვატიული მიდგომებია თაფლის წარმოებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, ფერმერები თანდათან გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რაც დადებითად აისახება თაფლის ხარისხზე“, - განაცხადა „აიპიენთან“ წილოსანმა.

2019 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალა ფუტკრის დაავადებების სამკურნალო ანტიბიოტიკები: „ნოზემატისა“ და „ნოზემაციდის“ ქვეყანაში შემოტანა, რამდენადაც აღნიშნული პრეპარატების გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია და ანტიბიოტიკებით დაბინძურებული თაფლის ექსპორტი ვერ ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, ბიზნესის ინტერესების დაცვის არგუმენტით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უკვე შემოტანილი და რეალიზაციაში გაშვებული მავნე პრეპარატის ამოღება არ მომხდარა.

რა პრობლემები აქვთ ქართველ მეფუტკრეებს, რა სჭირდებათ და რამდენად არიან ინფორმირებულები, რომ მათმა თაფლმა ევროპული სტანდარტები დააკმაყოფილოს, ამ საკითხებზე რეგიონულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროკავშრის პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება - მცირე და საშუალო ბიზნესის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში, რამდენიმე თვის წინ კვლევა ჩაატარეს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უკვე 1 წელზე მეტია, საქართველო ევროკავშირმა შეიყვანა მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია, ქართული ნაწარმი ევროკავშირის ბაზარზე მაინც ვერ ხვდება. მეფუტკრეები, ისევე, როგორც, ალბათ, საქართველოს სხვა კუთხეებში, არ არიან მზად იმ ხარისხის თაფლის საწარმოებლად, რაც ევროპის ბაზრისათვის არის მისაღები. ევროპის ბაზრის რეგულაციებს ქართული წარმოება ვერ აკმაყოფილებს. ვითარების სწრაფად გამოსწორები გზა კი არ ჩანს.

ერთადერთი სიახლე, რამაც შეიძლება მეფუტკრეობა გამოაცოცხლოს ისაა, რომ ქართულმა მხარემ ჩინეთის შესაბამის უწყებებს ყველა საჭირო ინფორმაცია გადაუგზავნა და ამ ეტაპზე, უწყება რეაგირებას ელოდება.

„ქართული თაფლის ჩინეთში გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტრო მუშაობს. ეს პროცესი დაკავშირებულია ვეტერინარული და წარმოშობის სერტიფიკატების შეთანხმების პროცედურებთან. არ მინდა, არასწორი მოლოდინი შევქმნა. ამიტომ მეტი დეტალის გახმაურებისგან თავს შევიკავებ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

სოციალისტი სალიარკაში გახსნილ საწამლავს რომ გაასხურებ ჰაერში, მცენარეებზე კი გამოვა კარგი, ხარისხიანი თაფლი?!
5 წლის უკან