უცხოური მედიის ინფორმაციით, სუდანში გადატრიალება მოხდა. ქვეყნის ჯარმა საგანგებო სხდომაზე თანამდებობებიდან გადააყენა მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი.
ამის შესახებ ლიბანური ტელეარხი al-Mayadeen საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, სამხედროები სპეციალურ საბჭოს ჩამოაყალიბებენ, რომელიც ქვეყანას გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს პერიოდი შესაძლოა ერთი წელი გაგრძელდეს. სამხედროების ჯგუფმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის შენობა უკვე დაიკავა.
გარდა ამისა, საუდის არაბეთის ტელეკომპანიის al-Hadath-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი აბდურაჰიმ ჰუსეინი, პრეზიდენტის პირადი გვარდიის წევრები, მმართველი პარტია „ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე აჰმად ხარუნი და პრეზიდენტ ალ-ბაშირის ყოფილი მოადგილე ალი უსმან თახი.
ომარ ალ-ბაშირი სუდანს სათავეში 1989 წლიდან უდგას, მათ შორის 1993 წლიდან - პრეზიდენტის რანგში.