"ეს მარიონეტი როცა საქართველოზე ხმას იღებს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში და ნახოს, სად არის მისი ქვეყანა თითოეული მიმართულებით: კორუფცია იქნება, მედია თავისუფლება, ადამიანის უფლებები თუ სხვა და შემდეგ ისაუბროს"

სამარცხვინო მარიონეტის უტიფარი განცხადება გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც გაეროში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება."

კირცხალიამ ზელენსკის ე.წ. პოლიტიკოსი და მარიონეტი უწოდა და აღნიშნა, რომ მან კიდევ ერთხელ გაბედა საქართველოზე უარყოფით ჭრილში საუბარი ადამიანის უფლებების კუთხით, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაში დარჩენილ მოსახლეობას მიაყენა შეურცხყოფა. მან ასევე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, სანამ საქართველოზე ისაუბრებს, ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას და შეადაროს, სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით და სად არის საქართველო. 

"ამ ადამიანმა, ე.წ. პოლიტიკოსმა, გაბედა და კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩვენს ქვეყანაზე უარყოფით ჭრილში და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა კუთხით - როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს ეხება. ამით შეურაცხყოფას, პირველ რიგში, აყენებს თავისი ქვეყნის მოსახლეობას - იმ ქვეყნის დარჩენილ მოსახლეობას, რადგან კარგად ვიცით იძულებითი მიგრაციის დონე რაც არის უკრაინაში - იმ ქვეყნის მოსახლეობას, რომლის მიმართაც ძალადობრივ გაწვევას ფრონტის ხაზზე, ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალ-ყურს, პირდაპირი მნიშვნელობით, ხალხის როგორი მოტაცება ხდება ქუჩებიდან. როდესაც ადამიანის უფლებებზე საუბრობს, ჯერ ჩაიხედოს ევროკომისიის დასკვნაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე ხმას იღებს და ნახოს სად არის მისი ქვეყანა დღეის მდგომარეობით თითოეული მიმართულებით ეს იქნება კორუფცია, მედიათავისუფლება, ადამიანის უფლებები თუ სხვა, შემდეგ ასევე ჩახედოს ევროკომისიის დასკვნას ამ მარიონეტმა, სად არის ჩვენი ქვეყანა და შემდეგ ისაუბროს. სანამ გაბედავს, როგორც მისი მაღალჩინოსნები ბედავდნენ, ჩვენი ქვეყნისთვის შეურაცხყოფა ეყენებინათ და პირდაპირი მოწოდებები ჰქონოდათ ომში ჩართვაზე, ამ მარიონეტმა, პირველ რიგში, პირი გამოირეცხოს და ისე ისაუბროს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით," - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

Gami იმავე ტრიბუნიდან უნდა გაეცეს პასუხი
1 საათის უკან