ტექნიკის მაღაზიების ინფორმაციით, სესხების გაცემაზე რეგულაციების შემოღების შემდეგ, გაყიდვების რიცხვი 70-80%-ით შეუმცირდათ, რადგან პროდუქტს ძირითადად განვადებებით ყიდდნენ. იანვრიდან მოყოლებული კი ბანკები განვადებას, საშუალოდ, 10 მყიდველიდან, მხოლოდ ერთს უმტკიცებენ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ახალი შეთავაზების დანერგვა მომხმარებლისთვის, რათა სავაჭრო ობიექტები კრიზისიდან გაკოტრების რეჟიმში არ გადასულიყვნენ.
პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა კიდეც კომპანია „ტექნო ბუმმა“, რომელიც მაისიდან შიდა განვადების სერვისს აამოქმედებს. ასეთი გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რეგულაციების გამო, პროდუქციის რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირდა.
შიდა განვადების სერვისი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, პროდუქცია ბანკის გვერდის ავლით, განვადებით შეიძინონ. ხელშეკრულება უშუალოდ „ტექნო ბუმსა“ და მომხმარებელს შორის გაფორმდება და მისი ვერდაფარვის შემთხვევაში კომპანია სესხს/განვადებას ე.წ. კოლექტორულ კომპანიებზე გადაყიდის, რის შესახებაც კლიენტი განვადების ხელშეკრულების გაფორმებისას იქნება ინფორმირებული.
„ბიემის“ ინფორმაციით, განვადების დამტკიცების პროცედურა 5-10 წუთი გაგრძელდება და ძირითადად, საკრედიტო ისტორიას მიენიჭება მნიშვნელობა.
რაც შეეხება იმას, რამდენად ჯდება აღნიშნული იანვრიდან ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესებში, რომლის თანახმად, შემოსავლის დადასტურების გარეშე, სესხის გაცემა აკრძალულია, კომპანიის ხელმძღვანელმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა, რომ ეს არაა ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ მყოფი გარიგება და შესაბამისად, ამ თემაზე სებ-თან კომუნიკაცია არც ჰქონია.
ჯერჯერობით სხვა სავაჭრო ქსელებს მომახრებლისთვის სიახლე არ შეუთავაზებიათ, თუმცა რეალიზაციის მხრივ პრობლემებს ისინიც ადასტურებენ. მაგალითად, „ალტა-ოკეიში“ ამბობენ, რომ გაყიდვების თვალსაზრისით კლება შეიმჩნევა: „ისეთი დრამატული არ არის, რომ ფარ-ხმალი დავყაროთ. იმედი გვაქვს, უკეთესობისკენ შეიცვლება სიტუაცია“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ელიტ-ელიტრონიქსში“ კი ამბობენ, რომ გაყიდვებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი ცვლილებები არ აქვთ და იმავე შემადგენლობით აგრძელებენ მუშაობას, თუმცა აღნიშნავენ, რომ „ეს რეგულაციები, ზოგადად ეკონომიკური მიმართულებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განსხვავებული შედეგების მომცემი იქნება“.
„ზუმერში“ თვლიან, რომ რეგულაციების შემოღებიდან ჯერ საკმარისი დრო არ გასულა იმისთვის, რომ შედეგებზე ისაუბრონ. „მივყვებით ჩვენს მიერ დადგენილ გეგმას. ჩამორჩენა არ გვაქვს. განვადება რომ შემცირდა, გაიზარდა ე.წ. „ქეშით“ რეალიზაცია“, - ამბობენ „ზუმერში“.
2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან.
- თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.
- თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, ანუ 900 ლარს
- თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, ანუ 2200 ლარს
- თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია.
წინდახედული ადამიანი ძვირიფასიანი ნივთის შესაძენად ფულს აგროვებს დეპოზიტზე რითაც იქეთ იღებს პროცენტს ბანკიდან და ნივთი 15-20%-ით იაფი უჯდება. სულწასული კი სესხით ყიდულობს და ორმაგს იხდის. ეს მარტივი არითმეტიკაა, რომლის გამოყენებითაც მევალე ყვლეფს მოვალეს. ეს უკანასკნელი თავიდან სიამოვნებისაგან კრუსუნებს, ბოლოს კი სამშობიარო ტკივილებისაგან კივის და იკრუნჩხება.
აი ასეთია თავიდან "თკბილის" ჭამის ფილოსოფია.