9 აპრილის საღამოს (ევროპული დროით 10 აპრილს) ვენესუელაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა. ელექტროენერგიის გარეშე ქვეყნის დედაქალაქი კარაკასი დარჩა.
გარდა ამისა, მასშტაბური გათიშვა 23 შტატიდან 20-ს შეეხო. ვენესუელის ეროვნულ ელექტრომომარაგების კომპანიას გათიშვის მიზეზი ჯერ არ დაუსახელებია.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს ვენესუელაში მეხუთე მასშტაბური გათიშვაა. ქვეყნის მთავრობა და პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ელექტროენერგიის ხშირ გათიშვას აშშ-სა და ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის შედეგს უწოდებენ. ოპოზიციის მტკიცებით კი, გათიშვის მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურა, არაკვალიფიციური მომსახურება და კორუფციაა.