სევდიანი კომედიების მხიარული შემოქმედი

სევდიანი კომედიების მხიარული შემოქმედი

რამდენიმე დღის წინ კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. კი, ვიცოდით რომ ბოლო ხანებში შეუძლოთ ბრძანდებოდა და ხანგრძლივი მკურნალობის კურსსაც გადიოდა, მაგრამ გავრცელებული ცნობა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მიმინო“, „შემოდგომის მარათონი“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“... - ამ კინოსურათებს ჩემი თაობის ადამიანების გულებში მუდმივი და სამარადისო ადგილი უკავია. ძნელი დასაჯერებელია რომ ამ ე.წ. „ნაღვლიანი კომედიების“ ავტორი ჩვენს გვერდით აღარ არის. რას იზამ, ცხოვრება ულმობელია და მას საკუთარი, სასტიკი და დაუნდობელი კანონები გააჩნია...

დღევანდელი საკვირაო მოგონებები ბატონ გიორგი დანელიას ეძღვნება. კინორეჟისორი ჩინებული მწერალიც ბრძანდებოდა და საკუთარი მოგონებების რამდენიმე წიგნიც დაწერა. ქვემოთ მოყვანილი ისტორიები ამ ნაშრომებიდანაა ამოღებული.

"ვგიკში ჩავაბარებინოთო, - ამბობდა მამაჩემი, როდესაც სკოლა დავამთავრე. რატომ ვგიკშიო? - დედა ეკითხებოდა. მაშ, სადღა მიიღებენ ამ სულელსო, - პასუხობდა. მეტრომშენებელი მამაჩემი კინოს არასერიოზულ საქმიანობად აღიქვამდა და ვკიგსაც უკიდურეს ვარიანტად მიიჩნევდა. მე რეჟისორობა ისევე არ მიზიდავდა, როგორც სხვა დანარჩენი, - გარდა ჯაზისა. ჩემი მეგობარი არქიტექტურულზე აბარებდა და გადავწყვიტე, მისთვის კომპანიონობა გამეწია. ასე გავხდი არქიტექტორი. სწავლის დამთავრების შემდეგ ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში გამანაწილეს. თავიდან ენთუზიაზმით შევუდექი მუშაობას, მერე...

ერთ დღეს თანამშრომელთან ერთად მივსეირნობ და ვხედავთ, ღობის ძირას მთვრალი მამაკაცი წევს: ბერეტით, მაკინტოშით, სათვალით, ჰალსტუხითა და მაჯაზე საათით. უნდა გაგვეღვიძებინა, თორემ გაქურდავდნენ "მთვრალ ინტელიგენტს". ასეც მოვიქეცით. ინტელიგენტმა იუარა, მთვრალი კი არა ვარ, ვისვენებო! მეტი დამაჯერებლობისთვის გაზეთი სახეზე აიფარა.

შესაძლოა, ჩემი ცხოვრება სულ სხვაგვარად წარმართულიყო, იმ დღეს ის "მთვრალი ინტელიგენტი" რომ არ შეგვხვედროდა. იგი "კითხულობდა" "საბჭოთა კულტურას", რომელშიც მკვეთრი შრიფტით ეწერა: "მოსფილმი"აცხადებს მიღებას სარეჟისორო კურსების დასაკომპლექტებლად". გაზეთი ვიყიდე და შევიტყვე, რომ ამ კურსებზე მიიღებოდნენ მხატვრები, თეატრალები, მუსიკოსები... და არქიტექტორები.

"დედას საყვარელი წიგნი იყო ფრანგი მწერლის, კლოდ ტელიეს რომანი "ბიძაჩემი¬ ბენჟამენი". პირველად ეს რომანი მეხუთე კლასელმა წავიკითხე. მერეც ხშირად ვფურცლავდი. ერთ დღეს იღლიაში ამოვიდე და თბილისში ჩავფრინდი. დავურეკე ელდარ შენგელაიას, ქართველი სცენარისტი მჭირდება-მეთქი. ელდარმა სამი გვარი დამისახელა. სჯობს, სტუდიაში მოხვიდე და ყველას გაგაცნობო. საბედნიეროდ, პირველი რეზო გაბრიაძე მოვიდა. დანარჩენებს არც დავლოდებივარ. წიგნი მას გადავეცი.

იმ შემოდგომაზე თბილისში სასტუმრო "საქართველოს" 501-ე ნომერში ვცხოვრობდი. რეზო დილით მოდიოდა და ვიწყებდით მუშაობას. საღამოობით ჩაიზე ვსტუმრობდით ხოლმე დეიდა ვერიკოს (დედის და) და ძია მიშას და ვსაუბრობდით ძველ თბილისზე. ამ საუბრების ნაწილი ფილმისთვის ვისესხე, ნაწილი კი უცვლელად გამოვიყენე. ამ ისტორიების, თბილისური მზისა და კეთილგანწყობის გარეშე ფილმი ისეთი ვერ გამოვიდოდა, როგორიც ახლაა".

"მე და რეზომ სოფიკო (ბენჟამენის და) დავწერეთ სოფიკო ჭიაურელისთვის, მეარღნე - იპოლიტე ხვიჩიასთვის, მაგრამ რა ვუყოთ მთავარ პერსონაჟს - ბენჟამენს? რომანში ის მაღალი, ღია თმით, ცისფერთვალება და ზორბაა. მსახიობებს შორის რომ ვერ ვიპოვეთ, პროვინციებში განვაგრძეთ ძებნა. ამ დროს ბოტკინი დამემართა და საავადმყოფოში აღმოვჩნდი. ერთხელაც დედამ დამირეკა: გაიქეცი ტელევიზორთან, შენი ბენჟამენი¬ მღერისო. გავედი ჰოლში - ტელევიზორში "ორერა" მღეროდა. ყველა სოლისტი დავათვალიერე, მერე დედას გადავურეკე, რომელს გულისხმობ-მეთქი. დასარტყამებზე უკრავსო. ისევ ჰოლში გავბრუნდი, დასარტყამებზე გამხდარი, კბილებდაკრეჭილი შავგვრემანი ბიჭი უკრავდა. ეს რანაირი ბენჟამენია? საავადმყოფოდან გამოვედი, ისევ ვეძებ ბენჟამენს. გამახსენდა დედას რეკომენდაცია და მეორე რეჟისორ დათო კობახიძეს ვკითხე: ხომ არ ვნახოთ ის "ორერას" წევრი-მეთქი.

არ გამოდგებაო, მითხრა, მაგრამ მაინც გადავწყვიტეთ შეხვედრა. როგორც კი ფეხი შემოდგა, მივხვდი, რომ ის არ იყო, ვინც მე მჭირდებოდა. ზრდილობის გულისთვის მაინც გავესაუბრე. როგორც კი გავიდა და კარი გაიხურა: მგონი, მორჩა, როგორც იქნა, ვიპოვეთო, თქვა ჩემმა მეუღლე ინამ.

მე და დათომ ძებნა განვაგრძეთ. ვერავინ ვერ ესადაგება როლს. ისევ შევხვდით კიკაბიძეს, რადგან ის დედასა და ინას მოსწონდათ. მივაწებეთ წვერ-ულვაში და ფოტოები გადავუღეთ. გრიმიორი თამარა მოვიდა: გილოცავთ გმირის პოვნას, მაგრამ წვერები არ უნდა, მარტო ულვაში საკმარისიაო. უცნაურია, დედას, ინასა და თამარას მოსწონდათ... მე ბუბა ჩაიზე დავპატიჟე დეიდაშვილებთან. იქ მისი დაქალები დაგვხვდნენ. ბუბა ადრე წავიდა. ვიკითხე: "ავიყვანო მთავარ როლზე კიკაბიძე?" ყველამ ერთად მიპასუხა: "ბუბა? რა თქმა უნდა".

ამბობენ, მოუსმინე ქალს და პირიქით მოიქეციო, მაგრამ არ არსებობს წესები გამონაკლისის გარეშე. მე რომ მაშინ ქალების აზრი არ გამეთვალისწინებინა, კრიტიკოსები "არ დაიდარდოს" XX საუკუნის ას საუკეთესო ფილმს შორის არ შეიყვანდნენ. არც ფესტივალებზე აიღებდა პრიზს მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის".

„მიმინოს“ ერთ-ერთი ეპიზოდი უნდა გადაგვეღო და საამისოდ სასტუმრო „როსიას“ მე-14 სართულზე ნომერი გვქონდა დაჯავშნილი. ეპიზოდში ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ბუბა და ლეონიდ კურავლიოვი მონაწილეობდნენ. რადგან ბუბას ტვინის შერყევა ჰქონდა, გადავწყვიტე, ჯერ ფრუნზიკა და კურავლიოვი გადამეღო და ბუბას მოგვიანებით ჩავსვამდით კადრში. ამიტომ, მკრტიჩიანი „როსიაში“ გავუშვი და ვუთხარი – კურავლიოვი წაიყვანე და რეპეტიცია დაიწყეთ, ხოლო, რომ მორჩებით, მანქანაში დამირეკე და მოვალთ-მეთქი. ამ პერიოდში მოსკოვის მილიციის უფროსმა თავისი ტელეფონიანი „ვოლგა“ მათხოვა და რადგან ბევრს ვმოძრაობდი, იქ მირეკავდნენ და მეც იქიდან ვრეკავდი ხოლმე. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არ გასულა ერთი საათიც, რომ მოსკოვში ხმა გავრცელდა, სასტუმრო „როსია“ იწვისო. მილიციის „ვოლგით“ იქ გავვარდი, რადგან ჩემი მსახიობები იქ მეგულებოდნენ. აკრძალულ ზონაშიც უპრობლემოდ შემიშვეს, რადგან „მურის“ უფროსის მანქანით ვიყავი და რომ გადმოვედი და ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, ვიღაც პოდპოლკოვნიკმა „ჩესტი“ ამიღო და მომახსენა:

– სასტუმროს მეცამეტე სართულზე ხანძარი გაჩნდა და მსხვერპლიცააო...

ის იყო, თავში ხელები უნდა შემომერტყა, რადგან მკრტიჩიანი და კურავლიოვი მე-14 სართულზე იყვნენ, რომ „ვოლგაში“ ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, მკრტიჩიანმა მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, მე და კურავლიოვი ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ „როსიას“ მეთოთხმეტე სართულზე და კიდევ ორი საათი დაგვჭირდებაო...

მივხვდი, რომ ფრუნზიკა მატყუებდა და სხვაგან იყო. გულზე მომეშვა და ვკითხე:

– ხომ არ გცხელათ-მეთქი?

– კი. შემოქმედებითადო, – მიპასუხა ფრუნზიკამ და სანამ რამეს ვეტყოდი, ტელეფონი გათიშა.

სამწუხაროდ, მე-13, მე-14 სართულებზე ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ფრუნზიკა და კურავლიოვი კი ასევე, ცნობილმა მსახიობმა საველი კრამაროვმა გადაარჩინა სიკვდილს. მან ისინი ქალებში დაპატიჟა და როდესაც „როსია“ იწვოდა, ისინი ქალებში „გულაობდნენ“.

„ზამთარია, ნაახალწ ლევია და საპატიო მიზეზით (ახალი წელი) შეჩერებული „მიმინოს“ გადაღება განვაახლეთ, ინტენსიურად ვმუშაობთ. 7 იანვარს ფრუნზიკამ დამიმარტოხელა და მითხრა:

– გიორგი ნიკოლაევიჩ, სამი დღით ერევანში უნდა გამიშვა. ჩემი ცოლი ცუდადაა და მთხოულობსო.

რა უნდა მექნა, დრო მაშინაც ფული იყო, თანაც ვადებში უნდა ჩატეულიყავი, მაგრამ ფრუნზიკა მაინც გავუშვი იმ პირობით, რომ 10-ში დილით, აქ იქნებოდა.

ფრუნზიკა წავიდა. მის გარეშე ვერაფერს გადავიღებდით და მეც თბილისში გავფრინდი, რომ ჩემები მომენახულებინა. რვაში საღამოს სოფიკომ (ჭიაურელმა) დამირეკა და მითხრა: ხვალ სერგო ფარაჯანოვის დაბადების დღეა და ჩემთან ერთად წამოდი. არ იცის, რომ აქ ხარ და სიურპრიზი გაუკეთე, გაუხარდებაო.

მეორე დღეს, სერგოს დიდი ჯიხვის ყანწი ვუყიდე და მე და სოფიკომ მთაწმინდაზე „ავაჭერით“, სადაც ფარაჯანოვი ცხოვრობდა იტალიურ ეზოში.

სუფრა პირდაპირ ეზოში გაეშალათ, იმდენი ხალხი იყო, რომ შევედით, ჩემგან ზურგით მჯდომი თამადა სომხურ-რუსულად მჭევრმეტყველებდა. აღნაგობა მეცნო, დავაკვირდი და აბა, ფრუნზიკა ვისში შემეშლებოდა? მივუახლოვდი, ჯიხვის ყანწით მოვაბრუნე და რომ დამინახა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. მე კი მას ჯიხვის ყანწი ავუვსე, მივაწოდე და გადავუჩურჩულე:

– თუ დალევ, ფილმში დარჩები, თუ არა და, – სუფრას გადავხედე, – აი, რამდენი სომეხია, რომელიმეს ავიყვან-მეთქი.

ფრუნზიკამ ლიტრიანი ყანწი გამოცალა და ფილმშიც დარჩა. კიდევ სამი დღე დავრჩით თბილისში და „მიმინოს“ გადაღება ამდენივე დღით შეჩერდა“.

„ერთხელ, მე და დაღესტნელი პოეტი, საყოველთაოდ ცნობილი რასულ გამზატოვი ლიტერატორთა სახლში წავედით სავახშმოდ. მაშინ მე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ვიყავი, გამზატოვს კი სახალხო პოეტის სტატუსი ჰქონდა და მთელი ქვეყანა იცნობდა, პატივს სცემდა. ლიტერატორთა სახლში საუცხოო რესტორანი იყო და იქ არავინ შეგიშვებდა, თუ მწერალთა კავშირის წევრი არ იყავი. დანიშნულების ადგილზე ჩემი „მოსკვიჩით“ მივედით. სანამ მანქანა დავაყენე და შუშის საწმენდები მოვხსენი, რათა არ მოეპარათ, გამზატოვი შენობაში შევიდა... ვახტიორმა ქალმა რომ დამინახა, წინ გადამიდგა და მხოლოდ მას მერე შემიშვა, როდესაც ვუთხარი, გამზატოვის მძღოლი ვარ-მეთქი და თან, საწმენდებიც დავანახვე...

გაიარა წლებმა. უკვე საკმაოდ ცნობილიც ვიყავი და სახეზეც მიცნობდნენ. ერთხელ, მოსკოვის კინოფესტივალზე პოპულარული იტალიელი მსახიობები – სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი ჩამოვიდნენ. ორივე ლიტერატორთა სახლში დავპატიჟე ვახშამზე და იმავე ვახტიორ ქალს რომ ვუთხარი, რომ სტუმრები ცნობილი კინოვარსკვლავები იყვნენ, ორთავე დაუბრკოლებლად გაატარა... მერე კი, გარდერობში, მეგარდერობე ფეოდორს ჩემს პალტოს რომ ვაძლევდი შესანახად, ზურგს უკან მომესმა:

– ამხანაგო, თქვენ მწერალთა კავშირის წევრი ხართ?

– არ ვარ, – მივუგე მამაკაცს, რომელიც ლიტერატორთა სახლის ადმინისტრატორი აღმოჩნდა.

– ფეოდორ! პალტო არ ჩაიბარო, – მრისხანედ მიმართა მეგარდერობეს ადმინისტრატორმა, თან თვალები დამიბრიალა.

ამ დროს ადმინისტრატორს ჩემი ნაცნობი ქალი მიუახლოვდა და უჩურჩულა:

– ეს ამხანაგი რასულ გამზატოვის მძღოლიაო...

ადმინისტრატორს მრისხანე სახე გაებადრა და ქალს უთხრა:

– ადრე ვერ მითხარი? – შემდეგ მეგარდერობეს მიუბრუნდა და რიხიანად უბრძანა, –  ფეოდორ, პალტო ჩაიბარე! – შემდეგ თავაზიანად შემიპატიჟა დარბაზში და დააყოლა:

– მობრძანდით, ამხანაგო მძღოლო...

ასეთი კურიოზებიც ხდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირში – ცნობილი პოეტის მძღოლს მეტი „ბლატი“ ჰქონდა, ვიდრე ცნობილ კინორეჟისორს.“

 

 

 

 

კ ო მ ბ ლ ე რას მერჩით ვერ გამიგია?
5 წლის უკან