დემპინგის შემოტევა ადგილობრის ბაზარზე პერიოდულად აქტუალური ხდება. შესაბამისად, ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ მაშინ ახსენდებათ ანტიდემპინგური კანონპროექტი, რომლის მიღებას არა და არ დადგა საშველი.
ანტიდემპინგური კანონმდებლობის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა და მოუწოდა, ანტიდემპინგური კანონმდებლობა შეპირებულ ვადებში წარადგინოს.
„ეკონომიკის მინისტრს მინდა მივმართო, ჩვენ შიდა კონსულტაციების შედეგად ბევრ რამეზე შევთანხმდით, რომელიც შემდეგ დროში ძალიან იწელება. მაგალითად, დემპინგთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მეჩვენება, რომ ხდება ამ თემის გაჭიანურება. თუ კონსულტაციებისა და სემინარების საშუალებით უნდათ ჩამოაყალიბონ ის მოსაზრება, რომ ეს კანონმდებლობა ფართო აღიარებული მხარდაჭერის გამო არ არის მისაღები, მე ამას არ დავეთანხმები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში არავის არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინვესტორს ჩვენი ქვეყნისთვის.
გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ანტიდემპინგურ კანონმდებლობას. პირადი საუბრების მიუხედავად, ეს საკითხი ძალიან გაიწელა და და ამიტომ გადავწყვიტე კომიტეტის ტრიბუნიდან მივმართო, რომ თუ შეიძლება თქვენი დაპირება ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეპირებულ ვადაში შემოიტანეთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ დასძინა, რომ მიუხედავად პირადი საუბრებისა და გარკვეული შეთანხმებებისა, ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა მაინც ჭიანურდება.
საინტერესო როგორ უყურებს თავად ამ კანონპროეტს ბიზნესი. მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი, აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არარსებობა ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. პერიოდულად დემპინგის თემა აქტიურდება და შემდეგ კი გარკვეული ძალების დაინტერესების გამო, ისევ იკარგება. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებისთვის ევროპული საქონლისთვის შეზღუდვის დაწესება არაპოპულარულია, კანონმდებლები ერიდებიან ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღებას.
„როდესაც თურქეთის შიდა ბაზარზე კვერცხი 37 აშშ დოლარი ღირს და საქართველოში 17 აშშ დოლარად შემოდის, ამას მოკვლევა არ უნდა, ისედაც ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს დემპინგთან. ამას მაქსიმუმ 1 კვირაში უნდა მოევლოს, ეს უნდა აღმოიფხვრას“, - ამბობს უჩუმბეგაშვილი.
ცემენტის მწარმოებელ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტში“ კი „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ საქართველოში კვლავ ხდება დემპინგური/სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტი, რაც მნიშვნელოვნ ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.
„დღევანდელი მდგომარეობით ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში სავაჭრო ურთიერთობებში აპრობირებული სანქციების მხოლოდ ერთ საშუალებას - ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს და არ მოიცავს სხვა ქმედით ინსტურმენტებს (მაგალითად, როგორიცაა სუბსიდირებული პროდუქციის შემოტანის აკრძალვა), რომლებსაც აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები. კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტში ჯერ არ არის შეტანილი“, - აცხადებენ „ჰაიდელბერგცემენტში“.