თუკი ამდენ ხანს საქართველოში პრობლემა იყო უმუშევრობა, უკვე დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები პრობლემაა კადრების დეფიციტი. აქ უკვე საუბარი არ არის მაღალ კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე, სამუშაოს მაძიებლები საშუალო დონის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებენ, ხოლო პროფესიული განათლება სულ უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს აქვს. ასე თუ გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, ქვეყანაში უცხო ეროვნების მუშახელის შემოდინება დაიწყოს.
პროფესიული კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე საქართველოში უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტასა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი ინფორმაცით, დაახლოებით, 20-მდე კომპანიაში 3000-მდე სამუშაო ადგილია, მაგრამ ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა. ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი სამშენებლო და ენერგეტიკის სექტორებშია.
„ამ ჩამონათვალში შედიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა, მაგალითად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“. ძირითადად ვისთანაც ვთანამშრომლობთ, მუშაობენ ენერგეტიკაში, შედუღების მიმართულებაში, წყალმომარაგებაში, ავეჯის, ტურიზმის სექტორში, სანტექნიკაში, ფაქტობრივად, სამშენებლო სექტორის ყველა სეგმენტში.
დაახლოებით, მაისიდან უკვე იწყება სახელმწიფოს გადამზადების პროგრამა და კვლევები ჩავატარეთ იმისთვის, რომ გვცოდნოდა, დაახლოებით, რომელ პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა“, - განაცხადა მან.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, საქართველოში პროფესიული განათლებით სამსახურის შოვნა ძალიან მარტივია. ტაკიძე ამბობს, რომ თუ ადამიანს აქვს მოტივაცია და სურვილი, შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ დასაქმების შანსი მაღალია.
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თუ ადამიანს აქვს მოტივაცია და სწავლის სურვილი, ის პროფესიულ სექტორში შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ მყისიერად დასაქმდება“, - აცხადებს ტაკიძე.
როგორც „სპექტრის“ დირექტორი „ბიზნეს მედიასთან“ ამბობს, სამშენებლო სექტორში საშუალო ანაზღაურება 1000 ლარია, შესაბამისად, სამუშაო პირობები საკმაოდ ნორმალურია.
საქართველო თანდათან ეფლობა პრობლემებში, რომელსაც კადრების დეფიციტი ჰქვია. რამდენიმე წლის შემდეგ ეს უკვე სერიოზულ გამოწვევად იქცევა და გამორიცხული არ არის, უცხოეთიდან იაფი მუშახელის შემოდილებაც გამოიწვიოს. ეკონომისტი სანდრო თვალჭრელიძე ადასტურებს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში კადრების კვალიფიკაცია და ოდენობა უკვე აშკარადა თვალში საცემია.
„ის, რომ ქვეყნიდან სამუშაო ძალა გადის და ერიც დაბერებადია, იწვევს უზარმაზარ პრობლემას. ეს არის კადრების დეფიციტი. ძალიან ცოტა აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რასაც დღეს დამსაქმებლები აყენებენ. გარდა ამისა, არსებობს პროფესიები, სადაც ძალიან ცოტა კადრებია.
რაც უნდა ბევრი ვისაუბროთ განათლებაზე, უზარმაზარი ინვესტიციის გარეშე, რა თქმა უნდა, ფუჭია ყველაფერი. ფიზიკას დაფაზე ვერ ასწავლი, ამისათვის აპარატურა და ლაბორატორიებია საჭირო, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს. სწორედ ამიტომ სამუშაო ადგილები უამრავ დარგში ვერ გვექნება. ასე გაგრძელების შემთხვევაში რამდენიმე წელში დაბალი კვალიფიკაციის უცხო ქვეყნის მოქალაქეებით გაჯერდება ჩვენი ბაზარი, რადგან ჩვენთვის ესეც დამაკმაყოფილებელი იქნება“, - აღნიშნავს თვალჭრელიძე.
...და პროფესიულ სასწავლებლებში რას ასწავლიან, უკვე წარმომიდგენია.
ვისაც სწავლა და მუშაობა უნდა,გარბის ქვეყნიდან.
თუმცა, ყველაფერი კარგად არისო, ჩვენმა ნაც-ქოცების კოქტეილმა.
მშენებლობებზე რომ პირობებია, ისეთი არ გამოელიოს მას ვისაც მშენებლობის არაფერი გაეგება და მშენებლობას იბრალებს.
ზესტაფონში M კვადრატს სამშენებლო კოლეჯი გაუხსნია. იმას რომ მშენებლობაში "გამობრძმედილი" დირექტორი ჰყავს, ეს ტაკიძეც თუ ისეთია მოწყობია ხელი მომავალ მშენებლებს და ისაა.