საქართველოში ფართოდ გაშლილ აზარტულ ბიზნესში საეჭვო წარმომავლობის ფულის გათეთრების შესაძლებლობა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადასტურა. ის, რაზეც წლებია სპეციალისტები და მედია საუბრობს, უკვე უცხოელი დიპლომატების განსასჯელი გახდა.
ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი სამორინე შენდება რუსეთთან საზღვართან, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს ორგანიზებული დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის გათეთრება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2018 წლის იანვრის წლიური ანგარიშის თანახმად, საქართველოში დარეგისტრირებულია ლატარიის და სათამაშო 416 დაწესებულება და 31 სამორინე.
„ახალი სამორინე შენდება რუსეთთან საზღვართან, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს ორგანიზებული დანაშაულისგან მიღებული შემოსავლის გათეთრება“, - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშის ავტორები ასევე ამბობენ, რომ საქართველოში სათამაშო ინდუსტრიის ზრდა, მათ შორის ინტერნეტში, შემაშფოთებელია.
ის, რაზედაც ბოლო დრომდე არასამთავრობო ორგანზიაციები და ექსპერტები მუსმივად მიუთითებდნენ, საბოლოოდ დასტურდება.
„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მსგავსი ტიპის განცხადების გაკეთება ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფერის კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნიათ და სიტუაცია საგანგაშოა“ - ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშს.
„არ გამოვრიცხავ, რომ ეს შორსწასული პროცესია. ამიტომ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ქვეყანაში, რომელიც მყიფეა, განვითარებადია, ნაკლებად სტაბილურია, უკანონო შემოსავლებისთვის ყოველთვის კარგი პლაცდარმი არსებობს. ეს პრობლემა ყოველთვის იყო საქართველოში, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არასდროს მოხვედრილა. საინტერესოა, რატომ მოხვდა ეხლა - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ დანაშაულს საქართველოში დღეს სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან ძლიერი ლობი გამოუჩნდა. შესაძლოა, სწორედ ეს ინფორმაცია მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა და ამიტომაც გააკეთა ასეთი მკაცრი შეფასება“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ცომაიამ.
ფულის გათეთრების სქემაზე საუბრობს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც, რომელსაც აინტერესებს თუ სად მიდის ფული, რომლის გათეთრებაშიც სათამაშო ბიზნესი ამხილეს.
„ჩემი აზრით, საინტერესო აქცენტებია დასმული. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, როცა საუბარია საბანკო სფეროსა და ფულის გათეთრებაზე. ისეთი ქვეყნები, როგორიც ჩვენ ვართ, ეს პროცესი დამახასიათებელია, რადგან არ გვაქვს შესაბამისი კანონმდებლობა და ამასთან ადმინისტრირება-აღრიცხვა კარგად ვერ ხერხდება. გააჩნია იმასაც, სად მიდის და რაში იდება ეს ფული, თუ საუბარია, რომ შავი ფული შეიძლება პოლიტიკაში მოხვდეს ან ისეთ სფეროში, როგორიცაა საბანკო სექტორი, ამ საკითხს სწორად უნდა მიუდგეს როგორც ეროვნული ბანკი, ასევე სახელმწიფო. წარმოებაში თუ იდება საეჭვო წარმომავლობის ფინანსები, არ გამოვრიცხავ, მთავრობა თვალს ხუჭავდეს.
სავალუტო ფონდის კვლევებითაც დასტურდება, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკაა ქვეყანაში, თითქმის 50%-ს აჭარბებს. არ არის გასაკვირი, რომ ამ დროს შავი ფული ტრიალებდეს, განსაკუთრებით სათამაშო ბიზნესში, რომლის ბრუნვა ბოლო წლებში არნახულ მასშტაბებს აღწევს. საეჭვოა, როცა ქვეყნის ეკონომიკა არის 41 მლრდ ლარი და 11 მლრდ ლარი სათამაშო ბიზნესზე მოდის, შესაბამისი ორგანოები ამ საკითხით, მინიმუმ, უნდა ინტერესდებოდნენ“, - ამბობს ჯანიაშვილი.