ორშაბათიდან დაგროვებით საპენსიო სისტემას ბევრი მოქალაქე დატოვებს. საუბარია 40 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომლებსაც არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. იმისათვის, რომ მოქალაქეებს პროცედურა გაუადვილდეთ და არც გაურკვევლობა არ შეიქმნას, საპენსიო სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ. განცხადების დაწერა ასევე შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.
საპენსიო სააგენტო აღნიშნავს, რომ საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე იყვნენ 40 წლის ან მეტის.
„მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ განცხადების დაწერა შესაძლებელია სქემაში ჩართვიდან სამი თვის შემდეგ. სამი თვის ათვლა კი იწყება იმ თარიღიდან, როდესაც ბუღალტერმა თქვენი პირველი საპენსიო შენატანი განახორციელა და დეკლარაცია დახურა.
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვისა და გასვლის თარიღი შეგიძლიათ შეამოწმოთ საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე არსებულ თქვენს პირად პროფილზე.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ორი დამსაქმებელი გყავთ, პირად გვერდზე შესასვლელად დაგჭირდებათ ორი პაროლი.
გარკვეული მოლაპარაკება გავმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ტრენერები არიან რეგიონებში და ატრენინგებენ პირებს, რომლებმაც შეუფერხებლად უნდა გაუწიონ მომსახურება მოქალაქეებს. დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ სანამ მივლენ მომსახურების შესაწყვეტად, ადამიანები შეამოწმებენ საკუთარ გვერდს, სადაც ნახავენ, მათ დანაზოგზე ერიცხებათ როგორც საკუთარი, ისევე დასამმაგებული პროცენტი საკუთარ შენატანზე, ასევე წლიური 7%-ის ინვესტიცია.
გატანის შემთხვევაში პირს გააქვს მხოლოდ დაბეგრილი თანხა, ისევე როგორც ის აიღებდა ხელფასად დარიცხვის შემთხვევაში და ასევე დართული აქვს იმ 7%-ის წილი მის თანხაზე. ფონდი აბრუნებს თანხას წყაროსთან (კომპანიასთან, იურიდიულ პირთან), ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია, დაუბრუნოს დასაქმებულს თავისი დანაზოგი. ასევე თავისი ორი პროცენტი უბრუნდება სახელმწიფოს და დამსაქმებელსაც.
თუ პირი 2 თვის განმავლობაში, ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში, ვერ ან არ წერს განცხადებას, ის რჩება სისტემაში მუდმივად და ეს ითვლება უკვე ნებაყოფლობითად. სურვილის შემთხვევაში ეს ნამდვილად არის ვადა, რომელიც ოპტიმალურია და განხორციელებაც არ უნდა იყოს პრობლემა. ჩაწერის ადგილს არ ექნება მნიშვნელობა, ნებისმიერ ცენტრში აქვს მოქალაქეს განცხადების დაწერის შესაძლებლობა“, - აცხადებენ სააგენტოში.
განცხადების დაწერა შეუძლია მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.
საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა დაუბრუნდებათ შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული).
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა. მასში ჩართვა სავალდებულოა 40-წლამდე პირებისთვის, 40-წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი არჩევითი. სისტემის ამოქმედების პეროდისთვის ყველა მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია, ავტომატურად ჩაერთო სისტემაში. 40 წელს გადაცილებულ პირებს, ვისაც არ სურთ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ყოფნა, შეუძლიათ სისტემაზე უარი თქვან.
ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია საპენსიო რეფორმის წარმატების ინდიკატორად მიიჩნევს იმას, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული მოქალაქე დატოვებს სისტემას შესაძლებლობისთანავე და ასევე, რამდენი თვითდასაქმებული ჩაერთვება მასში.
„რასაკვირველია, ვეწინააღმდეგები, რომ ვინმესათვის სავალდებულო იყოს გაწევრიანება. თუ სისტემა არის გამართული, კარგი, მისაღები და მომგებიანი, მასში ხალხი ნებაყოფლობითაც ჩაერთვება. საუკეთესო ინდიკატორი, თუ როგორ ხედავს მოსახლეობა ამ რეფორმას და როგორ აფასებს მას, იქნება 40 წელს გადაცილებული იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სისტემას დატოვებენ. ეს გამოჩნდება თვითდასაქმებულთა ჩართვის ოდენობითაც, რომლებიც თავად იღებენ ამ გადაწყვეტილებას. ვალდებულების კომპონენტი იმიტომ შემოიღეს, რომ ნაკლებ აქტივობას ელოდნენ მოსახლეობისგან.
დიდი ალბათობით, დამსაქმებლებს გაუჩნდებათ მოტივაცია, საპენსიო რეფორმის მიღმა დარჩენილი მეტი ადამიანი აიყვანონ სამსახურში, რათა ფინანსური ტვირთი მაქსიმალურად შეიმსუბუქონ. ეს კი არაკონკურენტუნარიან გარემოში მოაქცევს სისტემაში არანებაყოფლობით ჩართულ ადამიანებს“, - ამბობს მაკალათია.