„ნაცმოძრაობასა“ და „ოცნებას“ შორის მორალური ზღვარი წაიშალა... „ნაცმოძრაობა“ წარსულს უარყოფს, „ოცნებამ“ კი მომავალი უარყო, შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც“, - ამ სიტყვებით პოეტმა დავით მაღრაძემ 13 აპრილს ფილარმონიაში შეკრებისკენ იმ ადამიანებს მოუწოდა, ვინც განსაცდელში ღირსების შენარჩუნება შეძლო.
დავით მაღრაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, „ქართული ოცნების“ ოპონენტი გახდა და საზოგადოებრივ აქტივობას დაუბრუნდა. მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი არ მოსწონს. დავით მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ მის გვერდით დადგნენ ძმები გაჩეჩილაძეები; ამასთან, არც უარყოფს და არც ადასტურებს, შეუერთდებიან თუ არა მას ეკა ბესელია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ წასული წევრები.
პოლიტიკოსებისგან დაღლილ და იმედგაცრუებულ ქართულ საზოგადოებაში რა პერსპექტივა ექნება რეინკარნირებულ „დაიცავი საქართველოს“?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
თავის დროზე დავით მაღრაძე ამბობდა, რომ „ოცნება“ თავად დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდა: „ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი, თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, პროტესტი მთელი სიმძაფრით გაიზრდება“. აქვს კი პერსპექტივა დათო მაღრაძის მცდელობას, შეკრიბოს თანამოაზრეები, რომლებიც არც „ოცნებისანი“ არიან და არც „ნაციონალების“?
- ზოგადად, ეს მოტივი სწორია, რადგან არც „ნაცმოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ უკვე აღარ წარმოადგენენ ამომრჩევლისთვის მიზიდულობის ცენტრს. ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალიან დიდი მასა ამომრჩევლისა, რომელიც იწყებს ახალი ძალის ძებნას. ამას გრძნობს ყველა და იწყება ახალი საზოგადოებების, თუ უკვე არსებული საზოგადოებების ისევ აღორძინება, ისევ მოწოდებები, ისევ ფიქრი იმაზე, როგორ ჩამოყალიბდეს მესამე ძალა. თავისთავად სწორი და კარგია, რომ ამაზე იწყება ხმამაღლა საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, ან რომელიმე კონკრეტულ მოძრაობას, თუნდაც „დაიცავი საქართველოს“ აქვს კი იმის რესურსი, ეს ძალები შემოიკრიბოს? მოსახლეობაში არსებობს ამის მოთხოვნა და ეს მოთხოვნა, ალბათ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ რამდენად შეჩერდება მოსახლეობის ინტერესი სწორედ ამ მოძრაობაზე, ჯერჯერობით ეს არ ჩანს.
ფილარმონიაში შეკრება არ არის თავისთავად ძნელი, დარწმუნებული ვარ, ფილარმონია შეივსება კიდეც, მაგრამ არა მგონია, იქ შეკრებილი ადამიანები უკლებლივ ყველანი „დაიცავი საქართველოს“ წევრები გახდნენ. უბრალოდ, ცნობისმოყვარეობის და ინტერესის გამო საზოგადოება მივა და დაესწრება ამ შეკრებას, მაგრამ გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნებაც“ და „ნაცმოძრაობაც“ უკვე ერთი მედლის ორი მხარეა, კიდევ რა აქვთ სათქმელი? საინტერესოა, კონკრეტულად რას აპირებს „დაიცავი საქართველო“, რომელიც ბრძოლის დაწყებას აანონსებს? ამ ბრძოლის შედეგი რა უნდა იყოს? უნდა დადონ ეს შეფასება. თუკი მათი მიზანია, ჩამოყალიბდეს, პარტიად გადაკეთდეს ეს მოძრაობა და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ესეც უნდა ითქვას და ამის მიხედვით გაანალიზდეს პროცესები, თორემ ასე მარტივად არ არის საქმე.
არც დათო მაღრაძის საწინააღმდეგო მაქვს რამე და არც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ თავისთავად საკითხავია, რისკენ მოუწოდებენ ფილარმონიაში შეკრებილ საზოგადოებას?! ისიც საკითხავია, ამ ჯგუფს რამდენად ექნება ნდობა მოსახლეობაში. შეიძლება, კეთილი საქმეების გაკეთებაც გინდოდეს და განზრახვაც ასეთი გქონდეს, მაგრამ ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ შენ მართლა შეგიძლია ამის გაკეთება, მართლა ამისთვის იბრძვი და არა სხვა რამისთვის. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ ვინ იქნება „დაიცავი საქართველოს“ სახე. მარტო დავით მაღრაძე, გაჩეჩილაძეები, თუ კიდევ ვინმე სხვა? საქართველოში ასეა, როდესაც ლიდერი გამოკვეთილი და აღიარებულია მოსახლეობის მიერ, მაშინ მოსახლეობას აქცენტი გადააქვს ამ ლიდერზე, რაც, ჩემი აზრით, არასწორი მიდგომაა, მაგრამ ჩვენი რეალობა ასეთია. მოსახლეობა დიდად არ უყურებს ვინ იქნება მეორე, მესამე და მეოთხე ლიდერი. ამ შემთხვევაში, დათო მაღრაძე, მიუხედავად მისი ცნობადობისა, საზოგადოებაში არ აღიქმება საზოგადო, თუ გნებავთ, პოლიტიკური მოძრაობის ლიდერად. მან ჯერ ამისთვის უნდა იბრძოლოს და შემდეგ, კი ბატონო, ვინ იქნება მეორე ეშელონში, ამას ხალხი მნიშვნელობას აღარ მიანიჭებს.
თავის დროზე, როდესაც „დაიცავი საქართველო“ ჩამოყალიბდა, ამ მოძრაობის ხიბლი სწორედ მის საზოგადოებრივ დატვირთვაში იყო, მას პოლიტიკური დატვირთვა ნაკლებად ჰქონდა. ამჯერად რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა, საზოგადოებრივ მოძრაობად შენარჩუნდეს „დაიცავი საქართველო“, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს? იქნებ, ხალხს სურს, რომ დათო მაღრაძე პოლიტიკაში შემოვიდეს და პოლიტიკოსად მოგვევლინოს?
- თავის დროზე, როდესაც ეს მოძრაობა შეიქმნა, მას ჰქონდა საპროტესტო აქციებიც, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მთელ იმ ამბებში, რაც შემდეგ მოხდა, ამ მოძრაობამ დიდი წვლილი შეიტანა. ასე არ იყო, იმ პერიოდში საქმეში ჩაერთვნენ პოლიტიკური პარტიები და მთელი წინააღმდეგობრივი მოძრაობა დაიწყო სხვა მხრიდან. მთელი მაშინდელი ძველი ოპოზიცია, ვინც ივანიშვილის მოსვლამდე არსებობდა, ერთიანი იყო და იბრძოდა მაშინდელი რეჟიმის წინააღმდეგ, ანუ საზოგადოებრივი მუხტის წაძღოლის ტვირთი პოლიტიკურ პარტიებზე გადავიდა. თუმცა „დაიცავი საქართველოს“ მოძრაობა მნიშვნელოვანი იყო, უფრო მეტიც, მაშინ ისეთი ვითარება იყო, რომ არათუ ამ კონკრეტული საზოგადოებრივი მოძრაობის, არამედ ცალკეული პიროვნების მიერ ნათქვამი გაბედული სიტყვაც სწორედ იმაზე მუშაობდა, რომ მოსახლეობაში დამკვიდრებული შიშის სინდრომი დაეძლიათ. დღეს ეს შიშის სინდრომი არ არსებობს, მაგრამ ჩვენს რეალობაში ძალიან ძნელია საზოგადებრივი მოძრაობა თავად მოსახლეობამ ნეიტრალურად აღიქვას. საზოგადოება ყოველთვის ეძებს, თუ სად არის ამ მოძრაობაში გაწევრიანებული ადამიანების პირადი ინტერესები, ხალხი ყოველთვის ფიქრობს, დარჩება ეს მოძრაობა საზოგადოებრივად, თუ გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად?
დღეს ბესელიამ არაპირდაპირ დაადასტურა, რომ შესაძლოა, დავით მაღრაძის გუნდის წევრი გახდეს. ეს ნიშნავს, რომ შეიძლება პოლიტიკოსები მიეტმასნონ ამ მოძრაობას? ეს ხომ არ გააუფასურებს ამ მოძრაობის არსს?
- გააჩნია, 13 აპრილს რა იქნება და რას გვეტყვიან ფილარმონიის დარბაზიდან. თუკი „დაიცავი საქართველო“ საზოგადოებრივი მოძრაობაა, მაშინ ადამიანებს ვერ დავუშლით ამ მოძრაობაში გაწევრიანებას, მაგრამ უნდა გამოიკვეთოს, რა ფუნქციები ექნება ამ მოძრაობას და რომელ საზოგადოებაზეა ლაპარაკი. თვითონ საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერობაც ცალკე თემაა, რადგან გასარკვევია, რა უფრო უმჯობესია, საზოგადოებას ჰყავდეს ერთი ლიდერი, თუ ეს უნდა იყოს რაღაც ჯგუფი, რომელიც მეტ-ნაკლები ობიექტურობით სარგებლობს გნებავთ, პოლიტიკურ წრეებში, გნებავთ, საზოგადოებაში, არასამთავრობო სექტორში. ამდენად, მხოლოდ მოწოდება, რომ მოდით, შევიკრიბოთ და ვიმსჯელოთ ფილარმონიაში, საკმარისი არ არის. ამიტომაც გავიხსენე წარსული, რომ „დაიცავი საქართველო“ მაშინ გაბედული სიტყვა იყო, მაგრამ მიუხედავად გაბედული სიტყვისა, სანამ პოლიტიკური პარტიები ბრძოლაში არ ჩაერთვნენ, ოპოზიციური მუხტი მაინც ვერ ამოძრავდა მოსახლეობაში.
და სანამ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთო თავისი ფინანსური რესურსებით?
- სანამ ბიძინა ივანიშვილი ჩაერთვებოდა, მანამ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული ოპოზიციის მხრიდან. მე არ ვუყურებ საკითხს ასე, რომ ივანიშვილის ფინანსებმა მოახდინა გარდატეხა. ახლა არ მინდა ამის ანალიზი და შორს წასვლა, მაგრამ ოპოზიციას რამდენჯერმე ჰქონდა შანსი, ივანიშვილის მოსვლამდე რაღაც სერიოზული გაეკეთებინა, ოღონდ ტვინი ვერ მიაყოლეს ამ ყველაფერს. ივანიშვილი მოვიდა და, ფაქტობრივად, ქუჩაში არსებული ძალაუფლება აიღო ხელში, რადგან ივანიშვილი, ფაქტობრივად, ლეგენდა იყო, მისი სახით ქარიზმა მოვიდა, რომელიც უსიტყვოდ აღიარა მთელმა საზოგადოებამ. ეს ქარიზმა არ შექმნილა 2011-ში, 20 წლის განმავლობაში იქმნებოდა ლეგენდა ივანიშვილზე და 3 მილიარდი დოლარი დაახარჯა მან ამ ლეგენდის შექმნას. ამიტომ მაშინდელ არჩევნებში ფულს არ უმუშავია, იმუშავა ლეგენდამ. ახლა ეს ლეგენდა არ არსებობს, ამიტომაც, როცა არ არის ლეგენდა, როცა არ არსებობს პიროვნება, რომელსაც ლიდერად აღიარებენ, როცა არ არსებობს ქარიზმა, მაშინ მნიშვნელობა ენიჭება იმ ჯგუფს, რომელსაც მოძრაობის ლიდერად აღიქვამს მოსახლეობა.