ამართლებენ თუ არა ჟურნალისტები ქართულ პოლიტიკაში?!- ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც ქრისტიან-დემოკრატებში ყოფილი ჟურნალისტები გაერთიანდნენ. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა, საკრებულოს დეპუტატმა და ცნობილმა ტელე-სახემ ინგა გრიგოლიამ არჩევნების წინა დღეებში საკუთარ კანდიდატურაზე უარის თქმა მოახერხა და ამით პოლიტიკური შეხედულებების გადაფასებაც გამოხატა. საარჩევნო ციკლის ბოლო ფაზა სწორედ მის საინტერესო სვლებს ადასტურებს, როცა ინგა გრიგოლიამ მოულოდნელად უარი თქვა გლდანში მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
თუმცა, მაინც უპასუხოა კითხვა, თავის დროზე რატომ გადაწყვიტა ინგა გრიგოლაიმ მაინცდამაინც ქრისტიან-დერმოკრატებთან გაერთიანება? რა მიიღო და რა დაკარგა პოლიტიკაში ყოფნით? ქდმ-სთან ყოფნის პერიოდი, მისი უახლოესი წარსული, იქნება თუ არა დამღა მისი სამომავლო მოღვაწეობისთვის? რამდენად თავისუფალი იქნება ინგა გრიგოლია ჟურნალისტიკაში იმ გამოცდილების შემდეგ, რაც მას პოლიტიკაში ყოფნით დაუგროვდა და გაუხსენებენ თუ არა მომავალი რესპონდენტები ქდმ-ში ყოფნის პერიოდს?!
სამწუხარია, რომ ინგა გრიგოლიამ ინტერვიუ სახელისუფლო „პრაიმ-ტაიმსს“ მისცა, მაშინ, როცა სხვა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა მის მიერ გამართულ პრესკონფერენცვაზე გაირკვა, რომ იგი ჟურნალისტიკაში დაბრუნდება და პოლიტიკურ შეფასებებს აღარ გააკეთებს. რამდენიმე მედია-პროექტი უკვე მოფიქრებული აქვს და შეთავაზებებიც მიიღო. ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მამუკა ღლონტს კი მადლობა გადაუხადა მასთან თანამშრომლობის შეთავაზებისთვის. თუმცა ღლონტთან მიმართებით გრიგოლიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ერთი რამ კი ზუსტად იცის - იგი ჟურნალისტიკაში ბრუნდება; არა მარტო ტელევიზიაში, არამედ - პრესაშიც და რადიოშიც. პოლიტიკასა და, კონკრეტულად, საკრებულოში ყოფნის ორმა წელმა კი მას დიდი გამოცდილება დაუგროვა, რაც მას ობიექტური გადაცემის გაკეთებაში დაეხმარება.
მართალია, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე ინგა გრიგოლიას დაშინების, შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლად ასახელებს, რაც მასზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე განხორციელდა და, რაც გამოძიების საგანიც შეიძლება გახდეს, მაგრამ ინგა გრიგოლია აღნიშნავს, რომ მის პირად გადაწყვეტილებას პარტიის რეიტინგზე უარყოფითად არ უმოქმედია. ამ არჩევნების შედეგზე გავლენა პატიმართა წამებების ამსახველი ვიდეომასალების გამოქვეყნებამ იქონია,-მიიჩნევს ინგა გრიგოლია.
"მე შემეძლო მეთქვა, რომ ჩემი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოვხსენი, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. მე კანდიდატურა მოვხსენი იმიტომ, რომ აღარ ეფიქრათ, ხელისუფლების თამაშს ვთამაშობდი ოპოზიციის ხმების გასაყოფად. არ ვაპირებ, ავხტე და გადავხტე სხვა პარტიაში. არჩევნებამდე იმიტომ არ ვისაუბრე, რომ არ მინდოდა გარემო კიდევ უფრო დამეძაბა. ერთადერთს ვურჩევ ახალ მთავარ მოთამაშეს: არ დაუშვას იგივე შეცდომა, არ შეეხონ თავისუფალ სიტყვას და პატივი სცენ განსხვავებულ აზრს. თუ ეს მოხდა, მაშინ ეს ხელისუფლება შედგება, როგორც ყველაზე მართალი ხელისუფლება", - დასძინა ინგა გრიგოლიამ.
For.ge დაინტერესდა, ხომ არ მოხდა ინგა გრიგოლიას პერსონაში გარკვეული გარდატეხა და ხომ არ ინანა მან ქდმ-ში მოღვაწეობის პერიოდი?! ამ შეკითხვებით მივმართეთ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი ეთანხმება აზრს, რომ ინგა ჟურნალისტიკაში გაცილებით პროდუქტიული იყო, ვიდრე პოლიტიკაში. ამდენად, მის დაბრუნებას მიესალმება. ამასთან, იხსენებს, რომ ინგასთვის ყველაზე წარმატებული „იმედში“ მუშაობის პერიოდი გახლდათ. უფრო მეტიც, მართალია, ქდმ-ელებს არჩევნებში მაინცდამაინც წარმატებული შედეგი არ ჰქონიათ, მაგრამ ისინი, ყველანი, წარმატებულნი იყვნენ ზუსტად მაშინ, როცა „იმედში“ მუშაობდნენ და არა - ერთ-ერთ პარტიაში.
თუ რატომ წავიდა ინგა პოლიტიკაში, თამარ ჩიქოვანს მიაჩნია, რომ თავად ინგა გრიგოლია ასეთნაირად თვლიდა, რომ ის იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო. მას ყველა გადაცემა დაუხურეს, არცერთ ტელევიზიაში მისთვის ადგილი არ აღმოჩნდა.
„მესმის, რომ ძალიან აქტიურია, თუმცა მაინც, ალბათ, აჯობებდა, პოლიტიკაში არ წასულიყო ან არასამთავრობო, საზოგადოებრივ სექტორში მოესინჯა ძალები, რადგან პოლიტიკა ჟურნალისტს მაინც დაღს ასვამს. ადრე თუ გვიან, გარკვეულ კრიზისულ სიტუაციაში მას ყოველთვის შეახსენებენ, რომ ის იყო კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრი. ასე რომ, მეც მგონია, რომ ჟურნალისტს, ისევე, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს, შეიძლება, ჰქონდეს თავისი პოლიტიკური სიმპათიები, მაგრამ ახლა მთლად პარტიასა და პარტიულ სიაში მისი მოხვედრა, მე მგონი, ცოტა ზედმეტია“,-მიიჩნევს თამარ ჩიქოვანი.
ინგა გრიგოლიასა და ქრისტიან-დემოკრატების სიახლოვეს კი იმით ხსნის, რომ ეს ადამიანები ტელეიმედში ერთად მუშაობდნენ. მათი უმრავლესობა ამ ტელევიზიიდან არის წამოსული და მათ გადაწყვიტეს, პარტიაშიც ერთად ეცადათ ბედი.
„მაინც მგონია, რომ ქდმ-ში მარტო პარტიული ფასეულობების ერთიანობა არ ყოფილა. იქ მეგობრობაც იყო და ვთვლი, რომ პარტია მეგობრებმა არ უნდა შექმნან. ცოტა სხვა რამ უნდა იყოს საფუძველი და არა მეგობრობა, თუნდაც ახლო და დიდხნიანი მეგობრობა“,- აღნიშნავს თამარ ჩიქოვანი.
ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკაში ყოფნით, ალბათ, ინგამაც მიიღო გარკვეული გამოცდილება, რადგან, როგორც წესი, პოლიტიკაში შესული ადამიანები იძენენ ცუდ გამოცდილებასაც და - კარგსაც. ამდენად, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ინგას უფრო კარგი გამოცდილება დაუგროვდა; ყოველ შემთხვევაში, იგი უკეთესად ერკვევა განკარგულებებში, კანონებში, რაც ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს.
ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ტელემედიაში ინგას მოღვაწეობას უაღრესად პროდუქტიულად აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში ინგა ძალიან არაპროდუქტიული იყო. მართალია, ალეკო ელისაშვილისთვის აბსოლუტურად მისაღებია, როცა ჟურნალისტები პოლიტიკაში მიდიან, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ჯერჯერობით გამოცდილებამ ვერ გვიჩვენა, რომ პოლიტიკაში მოსულ ჟურნალისტებს გაემართლებინოთ.
„პოლიტიკოსად არავინ იბადება, ძალიან ნორმალურია ჟურნალისტი პოლიტიკაში მოვიდეს, მაგრამ პირადად მე მერჩივნა, რომ თავის დროზეც ინგა ჟურნალისტიკაში დარჩენილიყო და არ წასულიყო პოლიტიკაში; მით უმეტეს, არ წასულიყო იმ პარტიაში, რომელ პარტიაშიც გვევლინებოდა“.
ამასთან, ალეკო ელისაშვილი სულ სხვა ინფორმაციას ფლობს, რომ, გლდანის მაჟორიტარად ყოფნის პერიოდში ინგა გრიგოლიას კანდიდატურა არ მოუხსნია. უბრალოდ, მან განაცხადა, კანდიდატურას მოვხსნიო, თუმცა შემდეგ არ მოუხსნია და, საერთო ჯამში, ბიულეტენში ინგა გრიგოლიას გვარი ისევ ეწერა.
„უკეთესი იქნებოდა, საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა. მთელი ამდენი ხანი დახარჯა პოლიტიკაში და მით უმეტეს, - იმ პარტიაში. თუმცა არ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ, ჟურნალისტურ მოღვაწეობაში პოლიტიკური წარსული მისთვის დამაბრკოლებელი იყოს. ინგა ნიჭიერი ქალია და ამ დაღიდან თავის დაღწევას მოახერხებს. ამას ყველანი ვნახავთ“,-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ინგა გრიგოლიამ პოლიტიკაში ბევრის გაკეთება ვერ მოასწრო, მაგრამ პოლიტიკიდან მისი წასვლა ნამდვილი ტრიუმფი იყო. უფრო მეტიც, ინგას ბოლოდროინდელი განცხადება, როდესაც იგი განუდგა გუშინდელ მეგობრებსა და თანამებრძოლებს და განაცხადა, ჩემმა გუნდმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რასაც მე არ ვეთანხმები, ამიტომ მივდივარ პოლიტიკიდანო - ეს გახლდათ ადამიანის ღირსების, თავმოყვარეობის, სიამაყის თაიგული.
ჟურნალისტიკაში მის დაბრუნებას სოსო ცინცაძე თანამედროვე ჟურნალისტიკისთვის დიდ შენაძენად აფასებს. მისი აზრით, ახალ ვითარებაში გაცილებით მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ჟურნალისტებს, რადგან ქვეყანაში თოქ-შოუების ბუმია. ინგაც ამ დისკუსში, თოქ-შოუების სივრცეში, შეიტანს ჯანსაღ კონკურენციას და მის ფონზე ცოტა გაფერმკრთალდებიან გუშინდელი და დღეს უკვე გარდამავალ პერიოდში მყოფი ტელეკომპანიების, თოქ-შოუების წამყვანები, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ ოპოზიციონრები იყვნენ და უკვე სახელისუფლო სექტორში გადადიან.
„ასეთ სიტუაციაში, რასაკვირველია, ინგა ბევრს დაჩრილავს და ჯანსაღი კონკურენცია იქნება. ვფიქრობ, ქდმ-ში ყოფნამ არ დააკნინა ინგას ღირსება. მისი საკრებულოში ყოფნისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ინგა, საკუთარი პარტიის ლიდერებთან შედარებით, გაცილებით რადიკალური იყო. საერთოდ, საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით რადიკალური ჩანდა, ვიდრე საპარლამენტო ოპოზიცია. ინგას ყოველი გამოსვლა იყო კრიტიკისა და უკოპრომისო ბრძოლის გამოხატულება“.
თუ რატომ წავიდა ინგა გრიგოლია ქრისტიან-დემოკრატებში, ამის განმარტება სოსო ცინცაძეს უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ ქრისტიან-დემოკრატები თავიდანვე გარკვეულ იმედებს იძლეოდნენ და შეიძლებოდა, ისინი გადაქცეულიყვნენ ჯანსაღ საპარლამენტო ოპოზიციად. პოლიტოლოგის აზრით, როდესაც ქდმ-მ არ დაჭრა მანდატები, მათ ამით დაამტკიცეს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მათ კი, ვინც ჭრიდა თუ წვავდა მანდატებს და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, შეცდომა დაუშვეს. სამაგიეროდ, ამით მოიგო საპარლამენტო უმრავლესობამ. ქდმ-მ მაშინ სწორი ნაბიჯი გადადგა. თანაც, პრინციპულ გამოსვლებში თარგამაძე, ვეფხვაძე, ახვლედიანი კლასიკურ საპარლამენტო მებრძოლებად ჩამოყალიბდნენ. მართალია, ისინი უმრავლესობაში არ იყვნენ და კანონს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ იმავე პრეზიდენტის თანდასწრებით, მნიშვნელოვან გამოსვლებში თარგამაძე უკვე ჩამოყალიბებული იყო. იმ დროს სხვა ოპოზიცია არ ჩანდა, ახლა ინგა გრიგოლია ჩახვაძესთან ხომ არ მივიდოდა, ან დავითაიასთან?! ქრისტიან-დემოკრატებს რომ არ დაეშვათ კატასტროფული შეცდომა კენჭისყრაში ვიდეოგადაღებების თვალსაზრისით, გამორიცხული არ არის, მათ აექაჩათ ის 6 %-იანი ბარიერი“.
ამის მიუხედავად, სოსო ცინცაძე ადასტურებს, რომ ინგა გრიგოლიას წასვლამ თავისი ფანების, გულშამატკივრების ხმებიც წაართვა ქრისტიან-დემოკრატებს, რადგან ინგა მარტო არ წასულა. უფრო ზუსტად, თავის დროზე ინგა გრიგოლია ქდმ-სთან პოტენციური ხმების „ბაგაჟით“ მივიდა და უკან წამოსვლისას, მათთვის მიტანილი ხმები წამოიღო.
ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი, რომელმაც ინგა გრიგოლიას ჟურნალისტიკაში დაბრუნება და „მაესტროზე“ მუშაობა შესთავაზა, აცხადებს, რომ ჯერჯერობით ინგასთან არ უსაუბრია. შესაბამისად, გაუჭირდება მის სამომავლო გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთება.
„თუ მას დაველაპარაკები, გავარკვევ, ან რატომ წავიდა პოლიტიკაში ან რატომ წამოვიდა, მაშინ შემეძლება კომენტარის გაკეთება. ჯერ იგი არც მინახავს და რომელ გადაცემას შევთავაზებ, ვერ გეტყვით. არც ის ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ ის პარტია, რომელშიც ინგა მოღვაწეობდა, არ ყოფილა პარტია; უბრალოდ, ის იყო თანამგზავრი ერთ-ერთი პარტიის, მის დავალებებს ასრულებდა, რაც ძალიან კარგად გამოიკვეთა ბოლო დროს. შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, რომ ინგა როდისმე პოლიტიკაში იყო,“-აცხადებს მამუკა ღლონტი და ჟურნალისტიკაში მის დაბრუნებას მიესალმება, რადგან მედიაში ბევრად უფრო აქტუალურად და ხალხისთვის მეტი სარგებლის მომტანად მიიჩნევს.
„გეთანხმებით, შესაძლოა, ინგაში გადაფასებაც მოხდა, რახან ასე მოიქცა“,-განმარტავს მამუკა ღლონტი.