პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ახლო წარსულში სასპატრიარქოში სტუმრობისას ხელისუფლების ემისრის ფუნქციას ასრულებდა ხოლმე, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მის უწმინდესობას და უნეტარესობას მუხლებში ჩაუვარდა და დახმარება სთხოვა - გადაგვარჩინეო.
ბაქრაძის თხოვნაზე პატრიარქის პასუხი ასეთი გახლდათ - მე კანონს ვერ გადავაბიჯებ და სასამართლო გადაწყვეტილებებში ვერ ჩავერევიო.
for.ge-ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა წმიდა სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა და სრულიად საქართველოს მონარქისტული კავშირის წინამძღვარმა, მამა ელიზბარ დიაკონიძემ.
“გასულ წელს, ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ვთქვი - უწმინდესს და უნეტარესს ახლა, რომ იზოლაციაში ამყოფებთ, მალე მოვა ის დრო, როცა ფეხებში ჩაუვარდებით-მეთქი და ასე აგიხდათ ყველაფერი, როგორც ჩემი ნათქვამი ახდა. არჩევნები სამი-ოთხი დღის დასრულებული იყო, როცა დავით ბაქრაძე პატრიარქთან დახმარების სათხოვნელად მივიდა“, - ამბობს მამა ელიზბარ დიაკონიძე.
მისივე თქმით, ბაქრაძემ პატრიარქს ყოფილი ხელისუფლების წევრების გადარჩენაში სთხოვა დახმარება - “რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამაზე პატრიარქმა მიუგო, რომ მას სასამართლო გადაწყვეტილებებში ჩარევას უფლება, არც კონსტიტუციით აქვს და არც სჯულის კანონით“.