სად არის მორალი ქართულ პოლიტიკაში და საერთოდ უნდა არსებობდეს თუ არა მორალური ღირებულებები პოლიტიკაში, თუკი პოლიტიკა ბინძური თამაშია?
პარლამენტის თამჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შალვა შავგულიძე დღეს გირგვლიანის მკვლელების გვერდით დგას, რაც მეტყველებს, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ არანაირი პრინციპები.
ღირს თუ არა პოლიტიკაში დარჩენა ყველაფრის ფასად, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.
არსებობს პარტიებს შორის იდეოლოგიური შეუთავსებლობა და არსებობს იდეოლოგიური, ღირებულებითი მსგავსებებიც, მაგრამ მორალი ამ ყველაფერზე მაღლა დგას და იგი წმინდა ადამიანური ფენომენია. დღევანდელი პოლიტიკა რამდენად სცდება მორალურ ჩარჩოებს? შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ მორალიდან გამომდინარე, ადამიანები იქცევიან საკუთარი სინდისის მოთხოვნით?
- მორალი ძალზე ფარდობითი ცნებაა. განსაკუთრებით, დიდ პოლიტიკაში, სადაც მორალი კონკრეტული პოლიტიკითაა ნაკარნახევი, ძალიან მაღალ კრიტერიუმს ვერ მოვთხოვთ პარტიებს. მათთვის მთავარია ხელისუფლებაში მოხვედრა, დანარჩენი, უკვე ტექნიკის საქმეა, თუ როგორ მოახერხებენ ამას. მათი მიზანია, მოიპოვონ მეტი მანდატი და პარლამენტში საკუთარი პარტიის მეტი წევრი გაიყვანონ. ეს სამწუხაროა, მაგრამ ასეა.
ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ უცნაური ალიანსები - თუნდაც „თავისუფალ დემოკრატებს“ არ აყენებს ჩრდილს, რომ ყოფილ „ნაცებთან“ ხანმოკლე ზავს დებენ წინასაარჩევნო პერიოდში? ბევრისთვის „ნაცი“ ისევ „ნაცად“ რჩება და არ აქვს მნიშვნელობა, „ევროპელი“ ნაცია, თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბოლომდე ჩარჩენილი „ნაცი“.
- „ნაცებს“ იმდენად აქვთ სახელი გატეხილი, რომ, რასაკვირველია, „თავისუფალ დემოკრატებს“ მათთან ალიანსი ჩრდილს აყენებს. თუმცა მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმების ნაკლებობა მხოლოდ ქართული პოლიტიკის მინუსი არ არის, ეს ზოგადად პოლიტიკის დამახასიათებელი თვისებაა. პოლიტიკა რა არის? საბოლოო ჯამში, ეს არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ამ ბრძოლაში ნურავინ ელოდება, რომ მორალურ-ზნეობრივი კატეგორიები გაიმარჯვებს. სამწუხაროდ, ასე არ ხდება.
ჩვენ გვახსოვს გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ მაგიდასთან მსხდომი ბურჯანაძე, უსუფაშვილი და სხვა ოპოზიციური ლიდერები...
- ეს ყველაფერი საბოლოო მიზნით აიხსნება. აბსოლუტურად გაუგებარი და უცნაური გაერთიანებები მომხდარა ქართულ პოლიტიკაში. 90-იანი წლებიდან დაწყებული, ყველაზე უცნაური რაც მახსენდება, ეს იყო კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის გაერთიანება, რომლებიც ერთი წლის წინ დაუძინებელი მტრები იყვნენ, შეიარაღებულ კონფლიქტშიც კი იყვნენ ერთმანეთთან.
თუმცა მათი სულისკვეთება და იარაღისადმი დამოკიდებულება თითქმის ერთი იყო.
- მათი მიზანი იყო ძალაუფლების მოპოვება. ისინი ძალას, ანუ ძალის ავტორიტეტს სცემდნენ პატივს. ახლაც „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ გაერთიანებით ვინ იხეირებს? „თავისუფალი დემოკრატები“ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შედიოდნენ და სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძოდნენ, შალვა შავგულიძის სახელი სამართლიანობის აღდგენასთან იყო დაკავშირებული, გირგვლიანის საქმესთან, რაც „ნაციონალური“ რეჟიმის მსხვერპლთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო იყო. სამართლიანობისთვის ბრძოლა ჩვენთვის გირგვლიანის საქმესთან ასოცირდებოდა. „ევროპული საქართველო“ ამ გაერთიანებით ცდილობს, ახალი იმიჯი მოირგოს, მორალურ-ზნეობრივ შეფასებებში წავიდეს და თქვას, შავგულიძე ჩვენთანაა და რაღას გვერჩით? ეს ნიშნავს ზუსტად იმ წარსულის გარკვეულ რევიზიას, საიდანაც „ევროპული საქართველო“ მოდის.
ამით „ევროპული საქართველოს“ რეაბილიტაცია მოხდება?
- არა მგონია, იმდენად აქვთ სახელი გატეხილი, მაგრამ მცდელობა ეს არის. ზუსტად იმ სარგებელს ხედავს ამ გაერთიანებით „ევროპული საქართველო“, რომ წარსულის რევიზია მოახდინოს. თავისთავად ეს მიანიშნებს, რომ ისინი კრიტიკულად აფასებენ წარსულს. მეორე მხარეა, თვითონ „თავისუფალი დემოკრატები“ ამით რას მიიღებენ. მათ საპარლამენტო არჩევნებში რაიმე წარმატების მიღების არავითარი რესურსი არ აქვთ, ამიტომ ფიქრობენ, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ თუ გაერთიანდებიან, რაღაც შედეგს დადებენ. ოფიციალურად მათ ერთი და იგივე იდეოლოგია აქვთ, ორივე წარმოადგენს დასავლური ორიენტაციის ზომიერ მემარჯვენე პარტიას, ორივე ლიბერალური პარტიაა. აქედან გამომდინარე, რაც მეტი ასეთი გაერთიანება მოხდება და გაიწმინდება პოლიტიკური სივრცე, უკეთესი იქნება. 200-მდე რეგისტრირებული პარტიაა ამ პატარა ქვეყანაში, რაც არანორმალურია. ამიტომ ამაში პოზიტივიც უნდა დავინახოთ. ნუ შევხედავთ ისე, რომ პარლამენტარები და პოლიტიკოსები მორალურ-ზნეობრივი იდეალები, ეტალონები უნდა იყვნენ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორი ცოდვილებიც ვართ ყველანი, პოლიტიკაშიც ასეა და პოლიტიკაში ასეთი ადამიანების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, რადგან თვითონ საგანი პოლიტიკის, ანუ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ნაკლებადაა დაკავშირებული მორალურ-ზნეობრივ საქციელთან. ამიტომ ასეთი ხალხის მოზღვავება არ უნდა გაგვიკვირდეს. მე იმას არ ვამბობ, რომ უზნეო უნდა იყოს პოლიტიკა, არა, ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ოქროს შუალედია საჭირო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცდუნება არის ძალაუფლების მიცემა. გაიხსენეთ, ქრისტეს გამოცდა ეშმაკის მიერ, მთელი წუთისოფლის ძალაუფლებას და დიდებას მოგცემ შენო, ეუბნება ქრისტეს ეშმაკი, ე.ი. ძალაუფლებაში საცდურიც მეტია და ძალიან ძნელია პოლიტიკიდან სუფთად გამოხვიდე. რასაკვირველია, მორალურ-ზნეობრივი კრიტერიუმით პოლიტიკოსის შეფასება საჭიროა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს კატეგორიულ-იმპერატიული. პირადად მე ასეთ გაერთიანებებში პოზიტივს უფრო ვხედავ, რადგან პარტიები დაიწმინდება, გავლენების მქონე პოლიტიკური ძალები ჩამოყალიბდება, სრულიად გაურკვეველი წარმონაქმნი 200-მდე პარტია აღარ იქნება.
ეს ხომ არ არის მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ დამთავრდა თქვენი ფიქრი სამართლიანობის აღდგენაზე. თავის დროზე ძალად თავს მოხვეული კოაბიტაციით კეკლუცობდნენ ეს ადამიანები და ახლა ნებაყოფლობით შედიან ასეთ ალიანსებში? ხალხი ამიერიდან ვის უნდა ენდოს?
- „ევროპულ საქართველოს“ ნუ შევხედავთ ასე, „ევროპულ საქართველოს“ აქვს მცდელობა, „ნაციონალების“ წარსულიდან გამოვიდეს.
დიახ, მაგრამ იქ არიან ბოკერია და სხვანი.
- რასაკვირველია, იქ ბოკერიაა, მაგრამ მათ დემონიზაციას არ ვემხრობი. რასაკვირველია, მას ბევრი პოლიტიკური ცოდვა აქვს და შესაძლებელია, დანაშაულიც აქვს ჩადენილი, მაგრამ დემონიზაცია შედეგს არ მოიტანს. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ „ევროპულ საქართველოს“ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერდა მხარს, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმაც აჩვენა. ადგილობრივ არჩევნებშიც გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა მას აქვს.
თუკი ყველაფერი დაშვებულია ქართულ პოლიტიკაში, მაშინ ერთი წუთით დავუშვათ ადა მარშანიას ფიგურალური ნათქვამი „ნაცებთან“ „პატრიოტთა ალიანსის“ გაერთიანების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, რას მივიღებთ, სრულ პოლიტიკურ ქაოსს?
- ადა მარშანიამ ეს ფრაზა პარალმენტის თავმჯდომარესთან კამათისას თქვა, „ნაცებთან“ გავერთიანდებითო. ეს ნათქვამი სიტყვამ მოიტანა. ადა მარშანიას იმის თქმა უნდოდა, „ქართული ოცნება“ იმდენად დისკრედიტირებული გახდა, რომ ესეც კი არ გამოირიცხება, „ოცნების“ წინააღმდეგ „პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანდეს „ნაცებთანო“. რაღაც სიმართლე ადა მარშანიას ნათქვამში არის, რადგან ძალიან დაკარგა ავტორიტეტი „ქართულმა ოცნებამ“. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ პარტიების დისკრედიტაციის პროცესი უსასრულო ვარდნასავით გრძელდება და ყველა პარტია სახელგატეხილია. „ქართულ ოცნებას“ უნიათობაში სდებენ ბრალს, მაგრამ ოპოზიციის უნიათობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა, მათ არ შეუძლიათ „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა შექმნან. ეს კომიკურიცაა.
ჩვენ ვნახეთ, რომ არჩევნებზე ხალხი სურვილის გარეშე მიდიოდა. პროცესები იქამდე ხომ არ მივა, რომ საზოგადოება დაკარგავს პოლიტიკისადმი ინტერესს და აღარც სამართლიანობის აღდგენა იქნება პრიორიტეტული?
- ჩვენი ხალხი ამ ინტერესს ვერ დაკარგავს, რადგან ეს ინტერესი ცხოვრებისეულია. პოლიტიკაში აქცენტი კეთდება რეალურ ინტერესებზე, უწინარესად ეს არის შემოსავალი. პოლიტიკის საბოლოო მიზანი არის კეთილდღეობა და უსაფრთხოება. როგორც ბოლოდროინდელმა პერიოდმა გვიჩვენა, სამართლიანობის აღდგენაც ფარდობითი რამ ყოფილა, ვისთვის რა არის სამართლიანობა. სააკაშვილისთვის სამართლიანობის აღდგენა იქნება, საქართველოში დაბრუნდეს, ისევ პრეზიდენტი გახდეს, ივანიშვილი ჩასვას ციხეში და ქონება წაართვას. საუბედუროდ, სააკაშვილი მარტო არ არის, მას მომხრეებიც ჰყავს, ისინი ბევრნი არიან. თუმცა სააკაშვილის დაბრუნების საფრთხის არ მჯერა, იმდენად არის ის დისკრედიტირებული, წარმოსადგენ მომავალში არა მგონია, რაიმე რევანში მოახერხოს საქართველოში. ფაქტია, ახლა სამიზნე იცვლება, ადრე „ნაცები“ იყვნენ მთავარი სამიზნე, ახლა ისეთი ვითარებაა, მთავარ სამიზნედ „ქოცები“ იქცნენ. გააფთრებული ბრძოლა იქნება ამ არჩევნებზე. „ქართული ოცნება“ უმრავლესობის ზღვარზე იქნება, მთავრობის ფორმირებას ან შეძლებს, ან ვერ შეძლებს. მოუწევს თუ არა მას კოალიციაში შესვლა „პატრიოტთა ალიანსთან“, ან რომელიმე სხვა ძალასთან, ამას არჩევნები დაგვანახებს. შესაძლებელია, კოალიცია არც დასჭირდეთ და ნახევარზე მეტი მანდატი აიღონ პარლამენტში, 76 მანდატი ჰქონდეთ და შეძლონ მთავრობის ფორმირება. მაისში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდაზე და, ასევე, 11 მუნიციპალიტეტში ბევრ რამეს დავინახავთ. ეს არჩევნები მომავალი წლის არჩევნების კონტურებს გამოკვეთს.
ყველა ინსტიტუტი, გვაქვს ფორმალურად!
... და საქართველოს საკითხი, როგორც გარეთ გადაწყვეტენ,ისე იქნება.
ასე რომ პოლიტ-ტელესერიალიდან ვერ გამოვალთ!
...და ეს ფუნაგორიები, ხან ერთ ფულიანს აეტუზებიან კარზე,ხან მეორეს... მოკლედ, დამპურებელს ეძებენ და რა დროს პრინციპებზე და მორალზე საუბარია?!