მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-18 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა. პრაქტიკულად უკვე გარკვეულია, რომ იგი მიმდინარე წელს ვერ მოესწრება და მართვის მოწმობების გაცემა, ისევ ძველი მეთოდით გაგრძელდება.
აუდიტის სამსახურმა მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის შემოწმება ჩაატარა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პროექტების არათანმიმდევრული განხორციელების შედეგად, გარკვეულ შემთხვევებში სააგენტოს სახსრები არაეფექტურად დაიხარჯა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. ეს ვალდებულება 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შესრულებულიყო.
პროექტის განსახორციელებლად სააგენტომ შეისყიდა ავტომანქანები, მიკროავტობუსები, მოტოციკლები და აღჭურვა ისინი კამერებით, ასევე განახორციელა მოედნების მოწყობა, გადაამზადა გამომცდელი პერსონალი. 2017-18 წლებში პროექტის განსახორციელებლად 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
სააგენტომ სრულყოფილად შეასრულა თავისი ვალდებულება ასოცირების შეთანხმების შესრულების მიზნით, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა არ იყო მომზადებული და მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებული, ვერ იქნა მიღწეული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მიზანი - გამოცდის ჩატარება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
მიმდინარე პერიოდში (2018 წლის დეკემბრის მდგომარეობით) სააგენტოს მიერ შესყიდული ზემოაღნიშნული ქონება გამოუყენებელია. საგამოცდო მანქანებს ამოეწურა 2-წლიანი საგარანტიო ვადიდან 1 წელი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სააგენტომ კომპანიასთან შეთანხმებით ვადა დამატებით 1 წლით გააგრძელა.
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებასთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია ის არის, რომ სისტემის ამოქმედება კიდევ რამდენიმე თვით გადავადდა და მისი ამოქმედების ბოლო თარიღი (2019 წლის 1-ლი იანვარი) ასევე წარსულს ჩაბარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტისათვის განსაზღვრულ საგამოცდო მარშრუტების ნაწილზე უკვე დასრულებულია მუშაობა, თუმცა ნაწილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას საქართველოს 10 ქალაქში შეძლებენ: რუსთავი, გორი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, საჩხერე, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი და ფოთი. პროექტისათვის განსაზღვრულია საგამოცდო მარშრუტები, რომლის ნაწილზეც უკვე დასრულებულია მუშაობა.