აგარის ქარხანა ისევ გაჩერდა – მოსალოდნელია აქციებიც

აგარის ქარხანა ისევ გაჩერდა – მოსალოდნელია აქციებიც

„აგარის შაქარმა“ მუშაობა კიდევ ერთხელ შეწყვიტა, თუმცა მის თანამშრომლებს დამსაქმებელი რამდენიმე თვის ხელფასის ანაზღაურებას დაჰპირდა. დროთა განმავლობაში ერთადერთი შაქრის ქარხნის გაჩერება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. საწარმოს და იქ დასაქმებული ადამიანების პრობლემების მოგვარება ვერც მთავრობის ჩარევის შედეგად მოხერხდა.

როგორც ირკვევა „აგარის შაქარი“ კონკურენციას ვერ უწევს უფრო დაბალ ფასად შემოტანილ, პოლონურ, გერმანულ თუ უკრაინულ შაქარს. 2 კვირის წინ ქარხნის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს უთხრა, რომ ლერწმის ფასი, რისგანაც მზადდება შაქარი, საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა და გადაწყდა, რომ ქარხანა დაეკონსერვებინათ.

„რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩვენ ჩავერთეთ მოლაპარაკებებში და დამსაქმებელი შეჰპირდა თანამშრომლებს, რომ 7 თვის ხელფასს ერთიანად აუნაზღაურებდა. ჩვენ ხელშეკრულებაში ასევე მოვახერხეთ იმის ჩაწერა, რომ ქარხანა პროფილს არ შეიცვლის და იმის შემდეგ, რაც ლერწმის ფასი კვლავ დარეგულირდება, ქარხანა, როგორც შარშან, გააგრძელებს მუშაობას“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე.

პროფკავშირების ინფორმაციით, „აგარის შაქარში“ აგარაში მცხოვრები 380 ადამიანი მუშაობს, თბილისში არსებულის საწარმოს ჩათვლით კი – 480.

„400-მდე თანამშრომლის გაშვება მოგვიწია... მეტ დეტალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, წარმოება გაჩერებულია, არ ვიცი როდის აღდგება“, - აცხადებს ქარხნის ხელმძღვანელი ალხან ალიზადე.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში აგარაში მდებარე შაქრის გადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. ბოლოს საწარმო შარშან გაჩერდა. მაშინ თანამშრომლები ამბობდენ, რომ შემოსავლის წყარო 7 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ, სწორედ ამიტომ, ისინი აგარიდან თბილისამდე საპროტესტო მსვლელობით ჩამოვიდნენ.

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ მიზეზად ის ფაქტი სახელდებოდა, რომ ქართული პროდუქცია იმპორტირებულს კონკურენციას ვერ უწევდა.

დიდი პროტესტის შემდეგ ქარხანამ მუშაობა გასული წლის 1 ივნისს განაახლა. მაშინ ითქვა, რომ პროფკავშირებისა და ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით, „აგარის შაქარსა“ და სახელმწიფოს შორის შეთანხმება შედგა. მოლაპარაკებების შემდეგ საწარმოს, სავარაუდოდ, სხვადასხვა ტიპის შეღავათები დაუწესეს. მათ შორის „საქართველოს რკინიგზამ“ „აგარის შაქარს“ შეღავათიანი ტარიფი დაუწესა - 1 ტონა ტვირთზე 3,58 დოლარი.

თუ რატომ ვერ უშველა აგარის ქარხანას მთავრობის მიერ დაწესებულმა შეღავათებმა, ახლა არავის საუბრობს. ირკვევა, რომ „აგარის შაქარსა“ და მთავრობას შორის არსებული შეთანხმების შესახებ მთავრობა ინფორმაციას არ ფლობს და უწყებებს, რომლებიც მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებად სახელდებოდნენ, ინფორმაცია არ მოეპოვებათ ან არ საუბრობენ.

ამასობაში, ადგილობრივ მოსახლეობაში პროტესტი თანდათან მოიმატებს და როგორც წინა შემთხვევებში, აქციებში გადაიზრდება. თუკი საწარმომ მუშაობა მალე არ განაახლა, დასაქმებულები უკვე ნაცად მეთოდებს მიმართავენ. ხოლო ამ პერიოდში მათ პროტესტის გამოხატვის დიდი გამოცდილება დაუგროვდათ.

ბ ა ტ ო ნ ი 420 შაქარივით დავდნები,
ხელფასივით გავქრები,
ხალხი, რომ არ გიყვარდეს,
თავს შეიწუხებდნენ და როგორც ჩემი შიბლაუსკასი, სულ მცირე, ფეხზე მაინც ადგებოდნენ.
5 წლის უკან
სოციალისტი აი რა მოგვიტანა ფარღალალა საზღვრებმა, ევროპასთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ! ასეთია პოლიტიკური სიბრიყვის შედეგები!
5 წლის უკან