როგორც მოსალოდნელი იყო, ტაქსისტებში დაგუბებულმა პროტესტმა იფეთქა და მათ მერიისთან აქცია გამართეს. მძღოლები დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან შეხვედრას მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებდნენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვას და ტექდათვალიერების წელიწადში ორჯერ გავლას გულისხმობს.
„მანქანები გვყავს ლიზინგით, არ გვაქვს შეღებვის უფლება და ქალაქში ტაქსი არის 80% ამ მდგომარეობაში, ამიტომ ვითხოვთ, გაგვანებონ თავი. ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი“, - განაცხადა მძღოლმა გიორგი ბერიკაშვილმა.
საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, დედაქალაქის მერს ამ ყველაფრის მიღმა თავისი ჩანაფიქრი აქვს. მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ კალაძე მისთვის მისაღები ტაქსის კომპანიის შემოყვანას აპირებს.
„ვიცით რა ნაღმი არის ჩადებული. ერთბაშად რომ უთხრას ქალაქის მერმა, რომ თქვენ ტაქსისტებმა თავი უნდა დაანებოთ და მარტო ჩვენი ტაქსები უნდა შემოვიყვანოთ, მაშინ ეს ხალხი შეიძლება აუჯანყდეს. ამიტომ ისეთი რეგულაცია შემოდის, რომ თანდათან დაანებებინებს თავს და ამ ბიზნესსაც ხელში ჩაიგდებენ“, - ამბობს ჯაფარაშვილი.
დედაქალაქის მერიაში უკან დახევას არ აპირებენ. როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ტაქსის მძღოლების მოთხოვნა და პროტესტი რეფორმის გადავადებასთან დაკავშირებით, მათთვის მიუღებელია. ყველა ის სირთულე, რაც შეიძლებოდა რეფორმის ფარგლებში ყოფილიყო, გათვალისწინებულია და ტაქსის მძღოლებს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვთ.
„ყველა სირთულე, რაზეც ტაქსის მძღოლები საუბრობენ, ჩვენ თავის დროზე გავითვალისწინეთ და გარემოებების გათვალისწინებით შეიქმნა ტაქსის რეფორმის მოდელი. შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტაქსის რეფორმა ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, ტაქსის მძოლებისთვის და მოკლე და გრძელვადიან ჭრილში მათთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მიუღებელია ამ რეფორმის გაპროტესტება.
რაც შეეხება იმას, რომ გადაღებვის ხარჯებს ვერ ფარავს ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი, ამას ვერ დავეთანხმები. ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა სხვა შეკეთებასაც საჭიროებს, ეს უკვე მანქანის მესაკუთრის საქმეა. ჩვენ ვნახეთ უკვე გადაღებილი მანქანები და დადასტურებულია, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი სრულად ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს“, - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება ტაქსის მძღოლებთან შეხვედრას, ვიცე-მერი ამბობს, რომ თუ ამის საჭიროება დადგება, ის მზად არის მათ შეხვდეს.
„შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ. აქამდეც მქონდა შეხვედრები ტაქსების ასოციაციასთან და ტაქსის მძღოლებთან. მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენ ახლა უნდა განვიხილოთ რამეს გადავადების საკითხი. პირიქით, მგონია, რომ დროული რეფორმაა. გადავადების აუცილებლობას ვერ ვხედავ, თუ რამე სხვა სირთულეებზე იქნება საუბარი, ამაზე შეიძლება მათთან საუბარი.
კიდევ ერთხელ ვაბობ, გადავადება, ფერის სტანდარტის ცვლილება, მარჯვენა საჭის შეზღუდვის მოხსნა, ეს მიუღებელია და ვერ დავუშვებთ. თუ ვინმე ამბობს, რომ მანქანა ნაქირავები ჰყავს, შეუძლია მეპატრონესთან შეთანხმებით გადაღებოს“, - განაცხადა ხმალაძემ.
თავის მხრივ, სატაქსო ბიზნესში ჩართული ადამიანები გაჩერებას არ აპირებენ და სამომავლოდ უფრო დიდი აქციების ჩატარებას გეგმავენ.