მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო კრიტერიუმები, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი განისაზღვრა. ეს სიახლე შეეხება მანიფესტაციების დროს, აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის დაკავებულებს და უკანონოდ დაკავებულ სხვა ადამიანებსაც. ევროსაბჭო საკუთარ წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ ან დაუყონებლივ გაათავისუფლონ პატიმრები ან კიდევ აღნიშნულ საქმეებზე ახალი სასამართლო ჩატარდეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება, ახალი მთავრობის პოლიტიკური ნების შემთხვევაში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გააიოლებს. მათ შორის, "ქართულ ოცნებას" აღარ ექნება პრობლემა, პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, ხელახალი სასამართლოს ჩატარების მოთხოვნით უფლებადამცველები ევროსაბჭოსა და საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმართა სიებს გაუგზავნიან. ამ სიის მიხედვით დადგინდება, რეალურად არიან თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები და ამის შემდეგ ისინი კანონიერად გათავისუფლდებიან.
ჯერჯერობით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია 20 პოლიტპატიმარი. მათ შორის, ნორა კვიციანი, მერაბ რატიშვილი, ომარ ქუცნაშვილი, ვლადიმერ ვახანია, იგორ გიორგაძის 12 მომხრე. ისინი აღიარა ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვლადიმერ ვახანია კი პოლიტპატიმრად მიიჩნია უფლებადამცველმა, დისიდენტმა კოვალიოვმა.
For.ge "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისთვის" თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.
რას ნიშნავს პოლიტპატიმრის სტატუსის აღიარება და ევროსაბჭოს მიერ ეს სტატუსი საქართველოში ვისზე გავრცელდება?
- პოლიტპატიმრის სტატუსი შეეხება ყველას, ვინც არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, - სიტყვის გამოხატვის, თავისუფლების, მიტინგებისა და მანიფესტაციების, შეკრებებისა და გაერთიანებების და სხვა ნიშნით დევნილ ადამიანებს. ეს სტატუსი იმ პატიმრებს შეეხება, რომელთა ფუნდამენტალური უფლებები შელახულია და ისინი ციხეში სხედან. ქართველი და საერთაშორისო უფლებადამცველთა ნაწილის მიერ საქართველოში ჯერჯერობით 119 ადამიანი აღიარეს პოლიტიკურ პატიმრად.
ევროსაბჭოს სტატუსის ამოქმედება ხომ არ ნიშნავს ამ ადამიანების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას?
- საპარლამენტო ასამბლეამ პირდაპირ მიიღო ასეთი რეკომენდაცია, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ან საქმეების გადახედვის, ან სასამართლოს შემდეგ. მაგრამ ის, რომ ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, ცალსახაა.
თქვენი აზრით, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანებიდან რამდენი პატიმარი შეიძლება უპრობლემოდ გათავისუფლდეს?
- ალბათ, კომისია პირველსავე საპარლამენტო სხდომაზე პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს. ამ სხდომის მოწვევას 20-ში ველით.
ევროსაბჭოს მიერ პოლიტპატიმრის სტატუსის ამოქმედება რატომ დაემთხვა კოალიციის გამარჯვებას, თუ ეს პროცესი დიდი ხანია, მიმდინარეობდა?
- ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია. მეტიც, უკვე წლების განმავლობაშია დაწყებული; უბრალოდ, ამჯერად სტატუსის განსაზღვრა მართლაც კოალიციის გამარჯვებას დაეთხვა.
ქართული საზოგადოება არაერთი ფაქტის თვითმხილველი გახდა, როცა მიტინგების, აქციების და სხვადასხვა შემთხვევის დროს, უაზრო ბრალდებით არაერთი ადამიანი აიყვანეს. ეს ადამიანები თუ მიემატნენ იმ პოლიტპატიმართა რიცხვს, ვისზეც თქვენ ამახვილებთ ყურადღებას? მით უფრო, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასე გადავსებული ციხეები არსად შეიმჩნევა.
- ჯერჯერობით, ეს ადამიანები არ დაუმატებიათ. იმავე რუსეთთან, უკრაინასთან, სომხეთთან, ბელორუსიასთან შედარებით, პოლიტპატიმართა რიცხვით, საქართველო პირველ ადგილზეა. რომელიმე საქმეს ვერ გამოვყოფ, ყველა პოლიტპატიმარს უპირობოდ ეკუთვნის გათავისუფლება. ყველაზე უფრო გამოკვეთილად ის ადამიანები ჩანან, რომლებიც პირდაპირ მიტინგებსა და მანიფესტაციებზე აიყვანეს.