რატომ იკლებს ევროპაში ექსპორტი

რატომ იკლებს ევროპაში ექსპორტი

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით საქართველო პარქტიკულად ვერაფერს იღებს. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი გაიზრდებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. ევროპისკენ ქართული ნაწარმის ნაკადი იკლებს და შესაბამისად, ექსპორტის სტატისტიკაც უარესდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 118.2 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 10.7 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 23.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 304.2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (4.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 24.6 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 422.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-თებერვალში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.5 პროცენტს შეადგენს.

ამის პარალელურად ტრადიციულ ბაზრებზე ექსპორტის დინამიკა მზარდია. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 254.8 მლნ აშშ დოლარის საქონელი, რაც 45.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 50.4 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 372.9 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (14.4 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 30.2 პროცენტია.

სპეციალისტები ევროპის მიმართულებით ექსპორტის შემცირების მიზეზად ქართული პროდუქტის დაბალ ხარისხს მიიჩნევენ. ეკონომიკის მინისტრი კი სხვა მიმართულებით ხედავს პრობლემას.

„ექსპორტის ზრდა დსთ-ს ქვეყნებში არ მიმაჩნია პრობლემად, დსთ-ს ქვეყნები არის ჩვენი სავაჭრო პარტნიორები. რაც შეეხება ევროკავშირთან ვაჭრობას, შესაძლებელია, დროებით იყოს რაღაც ჩავარდნა, მაგრამ ძირითადი ტენდენცია 2018 წლის განმავლობაში იყო 19%-მდე ზრდა. ჩვენ ველოდებით, რომ 2019-შიც ასეთი ზრდა იქნება. ვნახოთ, რა იქნება კვარტალის განმავლობაში“, - განაცხადა ქობულიამ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მან ვაჭრობის საკითხებში ევროკომისართან სესილია მალმსტრომთან შეხვედრაზეც განიხილა.

„ჩვენ ვილაპარაკეთ ზუსტად ამ საკითხზე ქალბატონ მალსტრომთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში. განვსაზღვრეთ რამდენიმე დაბრკოლება, რომლებიც ჩვენ კომპანიებს გააჩნიათ იმისთვის, რომ ბოლომდე აითვისონ ევროკავშირის ბაზრის პოტენციალი. რა თქმა უნდა, ვაღიარებთ, რომ გვაქვს დაბრკოლებები ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ეფექტურობაში, საქართველოდან საქონლის გატანა ჯერ კიდევ საკმაოდ ძვირი ჯდება, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ჩვენი კონკურენტები არიან.

ჯერჯერობით ჩვენ კომპანიებს არ აქვთ შესრულებული ის ტექნიკური მოთხოვნები, რომლებიც ნაწარმოები საქონლის ხარისხს განსაზღვარვს. ჩვენ მოთხოვნებს ნელ-ნელა ვასრულებთ, ვიწყებთ მათ დაკმაყოფილებას. ჩვენ გვინდა კლასტერების შექმნა, რაც დაგვეხმარება ბაზარზე კონტაქტების დამყარებაში, ეს დიდ საშუალებას მისცემს კომპანიებს, რომ კოსნოლიდირებულად გაიტანონ საქონელი ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი ზვიად ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ ქართულ კომპანიებს მცირე წარმოების გამო ევროპული ბაზრის დაკმაყოფილება უჭირს, თუმცა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე წარმატებული ღვინის სექტორია. ქართული პროდუქცია მაღალხარისხოვანი უნდა იყოს და ამით შესაბამისად ვაჭრობის გაზრდის პერსპექტივაც არსებობს.

„ჩვენ ევროპასთან ვაჭრობას როგორ ვიყენებთ, ეს რთული პროცესია. ასევე რთულია ის, თუ როგორ იყენებს ბიზნესი თავისუფალ მიმოსვლას ევროპასთან ბიზნესის განვითარებისთვის. ის, რომ ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 10%-ით შემცირებულია, ეს ცუდია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბიზნესი მეტად მოტივირებული იყოს, ხოლო ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კი ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად საექსპორტო პროდუქციის ახალ სიაზე მიმდინარეობს მუშაობა.

„ევროპულ ბაზარზე ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი, ამასთან ერთად, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, იმ პერსპექტიულ პროდუქტებზე, რომელიც მომავალ წლებში უნდა გავიტანოთ ევროპის ბაზარზე. ამასთანავე, ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას“, - აცხადებს პრემიერი.