ყოველ მეორე ახალაშენებულ კორპუსს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარს ეუბნებიან

ყოველ მეორე ახალაშენებულ კორპუსს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარს ეუბნებიან

ახალაშენებული კორპუსების ნახევარი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ ასეთი შენობები ექსპლუატაციაში არ მიიღება. დედაქალაქის მერია ზედამხედველობას ამკაცრებს და ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებიც მოსალოდნელია.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 281 განცხადება შევიდა, აქედან უარი თითქმის ნახევარს, ანუ 135 ობიექტს ეთქვა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, უწყებას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 2017 წელს 1757-ჯერ მიმართეს, აქედან ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 814 ობიექტს ეთქვა. 2018 წელს მიღებული 1727 განცხადებიდან კი, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 741 ობიექტმა მიიღო.

საინტერესოა მერიის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მიმართავენ თუ არა ობიექტების მფლობელი კომპანიები უწყებას ხელმეორედ. როგორც ირკვევა, განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით 2017 წელს მათთან 77 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 30 ობიექტი. 2018 წელს განმეორებით მიღებული 115 განცხადებიდან, 60 დაკმაყოფილდა. განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით უწყებას 2019 წელს 8 ობიექტმა მიმართა, საიდანაც მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ობიექტს იყენებს მოსახლეობა საცხოვრებლად, რომელიც ექსპლუატაციაში შესული არ არის. თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სტატისტიკა არ უწარმოებიათ.

მერიის მიერ ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშშია აღნიშნული, მერიამ 2016 წელს ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 159 ობიექტს უთხრა, მათ შორის იყო საცხოვრებელი ბინები, რომელთა უმეტესობაში მოსახლეობა ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 10 წლის წინ შევიდა კანონმდებლობაში ცვლილება და გაუქმდა ნორმა, რომლითაც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში მოსახლეობის შესვლა არ შეიძლებოდა. ამასთანავე საინჟინრო ქსელების ექსპლუატაცია საერთოდ არ უკავშირდება შენობის ექსპლუატაციაში მიღებას.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ ამ კუთხით კანონმდებლობა გასამკაცრებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში გაუქმებული ბევრი რეგულაცია ისევ შემოღებულია „ქართული ოცნების“ მიერ და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ და დასძენს, რომ კანონში უნდა დაბრუნდეს ნორმა, რომლის თანახმად ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობაში ცხოვრება დაუშვებელი იქნება.

წლების წინ დაგროვილმა პრობლემებმა თანდათან იჩინა თავი. დაუსრულებელ შენობებში მოსახლეობის შესახლება არაერთი სავალალო ფაქტის საწინდარი გამხდარა. ერთ-ერთი ტრაგიკული შემთხვევა 2 თვის წინ დიდ დიღომში დატრიალდა, როდესაც დაუსრულებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქებამ ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ეს უკვე არის რეალური პრობლემა, რადგან გვყავს ათიათასობით ოჯახი, ათასობით შენობა-ნაგებობები, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული და იქ ჩვეულებრივად წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები.

„წინა ხელისუფლებამ ამოიღო კანონიდან ის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომლითაც იყო განსაზღვრული, რომ ის ქაოსური განაშენიანება და ის პრობლემები, რომელსაც დღეს ვებრძვით, არ მომხდარიყო. ჩვენ ვაპირებთ ამასთან ბრძოლას.

პროცესი გრძელდება, კიდევ ბევრი ცვლილება იქნება გადაგზავნილი პარლამენტში და იმედია, მათგან იქნება მხარდაჭერა, რომ დიდი პრობლემები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.