საუკეთესო თანამშრომლელთა მისაზიდად დასავლეთ ევროპის ბაზარზე დამკვიდრებულია ტერმინი „ომი ტალანტებისთვის“. კომპანიები ხმაურიანი მესიჯებით ცდილობენ, სასურველ კანდიდატთა ყურადღების მიქცევას. დღეს „ქართული ოცნებაც“ გასაჭირშია და აცხადებს ომს ტალანტების მისაზიდად. გუნდის განახლებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია და მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის ამ პროცესმა სასურველი შედეგი უნდა გამოიღოს.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა კვლავწარმოებადობით არ გამოირჩევა და პოლიტიკური პარტიები მომავალ თაობას პოლიტიკოსებად არ ზრდიან, ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომავლის პოლიტიკოსები სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნესწრეებში უნდა ეძებოს, რაც კარგ პოლიტიკოსებად მათ ჩამოყალიბებას იმთავითვე გამორიცხავს.
For.ge დაინტერესდა, სად უნდა ეძებოს „ქართულმა ოცნებამ“ საოცნებო კადრები, ვისზე უნდა შეჩერდეს არჩევანი- ახალგაზრდებზე, ძველგაზრდებზე, თუ უბრალოდ ცნობად სახეებზე?
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მმართველი გუნდის მხრიდან ახალი სახეების მოძიების პროცესს ირონიულად უყურებს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები შეიძლება შევადაროთ ლიფტს, როცა შედიხარ პირველ სართულზე და ადიხარ მეათეზე, უნდა გაიარო ყველა სართული. მეათეზე ისე ვერ მოხვდები, თუ სხვა სართულები გამოტოვე. თუ ლიფტი არ მუშაობს, მაშინ შეიძლება პოლიტიკური პარტიები კიბეს შევადაროთ, იქაც აუცილებელია ქვემოდან ზედა სართულებზე ასასვლელად ყველა საფეხურის გავლა. ეს ნიშნავს, რომ, თუკი ახალგაზრდა არ მოხვდება პარტიაში და არ გაივლის საფეხურებს, მარტო თავისი ხედვებით ვერ გახდება პოლიტიკური ფიგურა. პოლიტიკურმა პარტიამ ახალგაზრდა უნდა მიიზიდოს არა იმიტომ, რომ ის ახალგაზრდაა, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ამ პარტიის ღირებულებები უნდა ჰქონდეთ.
„ნებისმიერ სერიოზულ პარტიაში ახალგაზრდული ფრთა არსებობს. ახალგაზრდები თვითონვე მიდიან პარტიაში და მიჰყავთ თავიანთი მეგობრები. როგორც წესი, პარტიაში ვერ მოხვდება ახალგაზრდა, თუ ძველგაზრდა, თუ ვიღაცამ რეკომენდაცია არ გაუწია. ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ეს კაცი ჩვენიანია. შეიძლება, ის ვიღაც შეცდეს და მერე აღმოჩნდეს, რომ ასე არ არის, რაც ხშირად ხდება ხოლმე, მაგრამ მთავარია, რომ იმ ეტაპზე შენ თვლი, რომ ეს ადამიანი შენსავით ფიქრობს და ის თანახმაა, შემოვიდეს შენს პარტიაში. თორემ ახლა ქუჩაში კაცი გავაჩერო და ვუთხრა, წამოდი ჩემთან, პარტიაში მე მჭირდება შენი წლოვანება, განათლება, ენის ცოდნა, ასე სამსახურებში აჰყავთ ხალხი“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების მიღების სკეპტიციზმის მიზეზსაც განმარტავს.
მისივე თქმით, როცა დაღმართშია პარტია, იქ ვინღა მივა?! ნებისმიერ პარტიას აქვს აღმავალი და დაღმავალი პერიოდი. აღმავალ პერიოდში რაც არ უნდა აგინო პარტია, გინება მას აძლიერებს, რადგან ის პოპულარულია, მაგრამ დაღმავალ პერიოდში რაც არ უნდა აქო პარტია, ქება მაინც არ მუშაობს. ის, რომ ორი წელიც აღარ დარჩა არჩევნებამდე და მმართველი გუნდი მხოლოდ პარტიაზე ფიქრობს, ესეც ღრმა კრიზისის მაჩვენებელია, რადგან ისინი სახელმწიფოზე არ ფიქრობენ.
„ნახეთ, რა მოხდა? ბიძინა ივანიშვილი წავიდა სახელმწიფო თანამდებობიდან, პრემიერმინისტრობიდან და დაბრუნდა სად? -პარტიის თავმჯდომარედ, ანუ პარტიაში დაბრუნდა. ღარიბაშვილი წავიდა პრემიერმინისტრობიდან, ანუ სახელმწიფო თანამდებობიდან და დაბრუნდა ისევ პარტიაში. ეს ნიშნავს, რომ გამუდმებით პარტიაზე ფიქრობენ. ახლაც ამავე შინაარსის განცხადებას აკეთებენ, მოდით, გავაძლიეროთ არა მთავრობა, არა პოლიტიკური მმართველობის სისტემა, არამედ გავაძლიეროთ პარტია. ახალგაზრდები ხომ ხედავენ, რომ ესენი პარტიის გადარჩენას ცდილობენ და არა სახელმწიფოს გადარჩენას. პირველი ტურის წინ ლოზუნგი იყო, გვიშველეთ „ქართულ ოცნებას“, ჩვენ არ ვართ კარგები, მაგრამ ჩვენზე უარესები მოვლენ „ნაციონალების“ სახით. ესეც ნიშნავს, რომ ისინი პარტიაზე ფიქრობენ და არა სახელმწიფოზე. მე ის კი არ მაინტერესებს, ტელევიზორში რა ჩანს, არამედ - ჩემს მაცივარში რა დევს. მე მანქანა არ მყავს, ფეხით დავდივარ ყოველდღე, ხალხი მელაპარაკება და ვხედავ, რამდენად გამწარებულია ხალხი. ჯერ ეკონომიკაზე ვილაპარაკოთ დანარჩენ საქართველოში და შემდეგ ვილაპარაკოთ აფხაზეთზე, ჯერ დანარჩენ საქართველოს დაახარჯონ ფული და ამან შეიძლება მიიზიდოს აფხაზები და ოსები“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მთავარი გამოწვევაა, ახალგაზრდებს, ან არცთუ ისე ახალგაზრდებს სურთ თუ არა „ქართული ოცნების“ განახლებულ გუნდში ყოფნა.
„ასეთი ახალგაზრდები, ძველგაზრდები, ჭარმაგები, გამოცდილები, თუ მთლად დამწყებები არსებობენ, მაგრამ ჯერ მთავარი საზრუნავია, რამდენად სურთ ამ ადამიანებს მმართველ გუნდში ყოფნა?! მე მგონი, მმართველმა გუნდმა ამას უფრო მეტად უნდა მიხედოს, ვიდრე იმას, რომ ასეთი რეკრუტინგით დაკავდეს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, ეს მათი საქმეა. თანაც, ვფიქრობ, ახალი სახეების მიზიდვას დეკლარირებულად არ უნდა აცხადებდნენ და ამისთვის მხოლოდ არჩევნებისთვის არ უნდა ემზადებოდნენ. ამით ყოველწლიურად უნდა იყვნენ დაკავებულნი, რადგან ახალი სისხლი მუდმივად საჭიროა“,-აცხადებს გიორგი ისაკაძე და შეკითხვის საპასუხოდ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკისთვის - ახალგაზრდები, თუ ძველგაზრდები, განმარტავს, რომ ასაკოვანი ადამიანის გამოცდილებაც და ახალგაზრდული შემართებაც ერთნაირად მნიშვნელოვანი და საჭიროა, ამიტომ აქცენტირება მხოლოდ ახალგაზრდებზე არასწორი იქნება.
ზოგადად, ახალ გუნდში, ოპოზიცია იქნება ეს, თუ პოზიცია, გამოცდილი ადამიანებისთვისაც უნდა მოიძებნოს ადგილი და იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც სრულიად განსხვავებული ენერგიით მოდიან. თუმცა, გიორგი ისაკაძის თქმით, ეს ორივე თაობა უნდა გააერთიანოს ერთმა მუხტმა, ეს არის ფასეულობები.
„ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქუჩაში ნაპოვნი ხალხით პოლიტიკური პარტიის დაკომპლექტება გაუგებარია.
„ქუჩას აქ პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. შეიძლება, უნივერსიტეტებში, ინსტიტუტებშიც ეძებონ ახალი კადრები, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან პოლიტიკურ პარტიაში იდეოლოგიური პოლიტიკური ერთიანობა უნდა იყოს წამყვანი. ჩემი აზრით, ეს ზედმეტად გაბუქული თემაა, ასე არ ყალიბდება ორგანიზაცია. რაც შეეხება ასაკს, მე მგონი, ახალგაზრდებზე არც ჰქონდათ აქცენტი, ისინი საუბრობდნენ ავტორიტეტებზე, ახალგაზრდობას კი შეიძლება საკმარისი ავტორიტეტი არც ჰქონდეს. აქ მთავარი მაინც ის არის, რამდენად სურს ხალხს ამ პარტიასთან ურთიერთობა?!“ - აინტერესებს პაატა შეშელიძეს.
რა თქმა უნდა ქუჩა, სოფელი ან ქალაქი მზმზარეულ პარტიულ მუშაკს ვერ მოგაწოდებს, ვერც მეგრანტე ასო /რადგან მუქთა მაყუთი აქვს დაგემოვნებული/...
ვიტყოდი, ყოველი ახალი ჩანაფიქრის განსახორციელებლად, კარგად დავიწყებული ძველის გახსენებაა საჭირო, ოღონდ დღევანდელობისათვის მორგებით.
გაიხსენეთ თუნდაც ის როგორ აშენებდა და ავსებდა თავის რიგებს კომპარტია /ყოველგვარი ნოსტალგიის გარეშე ამ შემხვევაში!/. პარტიული მშენებლობისთვის შექმნილი ქონდა საორგანიზაციო განყოფილება, რომელიც პარტის გასაახლებლად და კადრების შერჩევისთვის ზრუნვას სკოლის ასაკიდან იწყებდა ანუ, ყრმობიდან-პიონერია, ყმაწვილობიდან -კომკავშირი, სელექციის შედეგად პარტიული უნარ-ჩვევების მქონე პარტიულ საქმიანობას მიყვებოდა, ხოლო სამეურნეო უნარ-ჩვევების მქონე სამეურნეო საქმიანობას. ხოლო, რაც შეეხება მათ ჩამოყალიბებას, წვრთნას და ა.შ. ეს სულ სხვა სფეროს პრეროგატივა იყო...