დედაქალაქის გენგეგმის მთავარი დოკუმენტი ძალაში 15 მარტიდან შევიდა. საკრებულომ იგი 37 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა. ამიერიდან თბილისის განვითარება სულ სხვა პრიორიტეტებით უნდა მოხდეს. მთავარი ყურადღება ლანდშაფტურ განვითარებასა და სატრანსპორტო სქემებზე იქნება გადატანილი.
როგორც თბილისის მერი აცხადებს ყველა შეცდომის ერთად გამოსწორება შეუძლებელია, მაგრამ გენერალური გეგმა გახდა ათვლის ის წერტილი, საიდანაც იწყება ახალი გზა.
„ამიერიდან თბილისს ექნება ახალი გენგეგმა - ქალაქის განვითარების კონსტიტუცია. 20-25 წლის განმავლობაში ქალაქში უამრავი პრობლემა დაგვიგროვდა. ქაოსური განაშენიანება, რთული ეკოლოგიური ვითარება, საცობები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ პრობლემის სათავეა, ქალაქის განვითარების სისტემური ხედვისა და ერთიანი გეგმის არარსებობა იყო. ჩვენმა გუნდმა მართვის პოლიტიკის ცვლილებებით და სწორი ორგანიზაციული რეფორმებით დაიწყო მუშაობა.
გენგეგმის დამტკიცება კი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის სწორად სამართავად. ჩვენ ამ გზას გავივლით ყველა საარჩევნო პირობის კომპლექსურად შესრულებით და მყარ საძირკველს ჩავუყრით დედაქალაქის ახალი ურბანული სახის შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დედაქალაქს აქვს ახალი შესაძლებლობა, გაცილებით უკეთ განვითარდეს.
„დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ სწორ სამშენებლო რეგულაციებს, არამედ ერთიანი იერსახის ფარგლებში განაშენიანებულ დედაქალაქს. რა თქმა უნდა, გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული, რომლის მიხედვითაც, მწვანე სივრცეების რაოდენობა 4 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება. აქაც გაჩნდნენ ადამიანები, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობიდან“, რომლებიც ტყუილებით ცდილობენ დააკნინონ ამ ამბის მნიშვნელობა, მაგრამ ერთია კომენტარი, თან ტყუილზე აგებული და მეორეა რა წერია დოკუმენტში, რომელიც დამატებითი და მძლავრი ბერკეტია, რომ ქალაქის მათ მიერ დამახინჯებული იერსახე თვისობრივად გამოსწორდეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მისი აზრით, გენგეგმა არის მაქსიმალურად დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც ქალაქის განაშენიანების თავისებურებებს ერგება და განვითარების პერსპექტივებს უზრუნველყოფს.
„ეს არის მომავლის დოკუმენტი, რომლის უსაფუძვლო კრიტიკის გამო ოპოზიციას ნამდვილად შერცხვება“, - დასძინა რიმა ბერაძემ.
აწ უკვე დამტკიცებული გენერალური გეგმის მიხედვით, დაზუსტდა გეგმარებითი შეზღუდვები მეწყერსაშიში ზონებისთვის, ხევების, სასაფლაოების, კოლექტორების და შეტბორვის არეალებისთვის, მკაფიოდ განისაზღვრა ლანდშაფტური ზონის არეალები და ზონირებას დაემატა სატყეო ზონა. ასევე, აღდგა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა; დაზუსტდა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისათვის პროექტების და კვლევების სამოქმედო გეგმა, ქალაქგეგმარების, ეკონომიკის, ლანდშაფტის და ტრანსპორტის მიმართულებით.