გლდანის საპატიმროს თანამშრომელთა სიამ და მისამართებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

გლდანის საპატიმროს თანამშრომელთა სიამ და მისამართებმა აჟიოტაჟი გამოიწვია

სტუდენტური გაერთიანება „ლაბორატორია 1918“ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ მასალას აპროტესტებს, რომელშიც მითითებულია გლდანის საპატიმროს იმ თანამშრომელთა სია და სახლის მისამართები, რომლებიც პატიმართა წამებაში იღებდნენ მონაწილეობას. ამ მიზნით სტუდენტებმა „ასავალ-დასავალის“ ოფისისკენ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ გამოძიება ჩატარებული არ არის, რის გამოც ადამიანების გვარების გამოქვეყნება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

სტუდენტები მიიჩნევენ, რომ ამ პირთა ვინაობა არ უნდა განსაჯაროვდეს. ამიტომ, ისინი სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ ყველას და სთხოვენ, ნუ ჩაიდენენ იმავე დანაშაულს, რასაც აქამდე ჩადიოდა ხელისუფლება.

მათი აზრით, სიძულვილის ენა ახლა უკვე „გამარჯვებული ხალხის“ მოტივირებას ახდენს და საზოგადოებას სთავაზობს გლდანის ციხის თანამშრომლების პირდაპირ სიას, თავისი მისამართებით, რაც არათუ უბრალოდ დასაგმობი ფაქტია, არამედ დანაშაული და ბოროტებაა.

აქვე სტუდენტები აცხადებენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა - „სისტემა უნდა დაინგრეს“ - კვლავაც მიუღწეველია და, შესაძლოა, აჟიტირებული საზოგადოების მხრიდან რევანშისტული მიდგომა ყოფილ მოძალადეებზე (ან უბრალოდ სისტემაში მომუშავე პირებზე) უფრო საშიშ ფაზაში აღმოჩნდეს.

სტუდენტები საჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხსაც ეხმაურებიან. მათი აზრით, ახალაიას პასუხისგებაში მიცემა ჯერ კიდევ შეუსრულებელია.
„ეს არ ნიშნავს, რომ რამე გვავიწყდება, ან ჩვენი გეგმები ხელისუფლებასთან ერთად შეიცვლება. ყველა, ვინც ჩუმადაა ძალადობის ფაქტებზე, თავად არის მონაწილე ძალადობის! ჩვენ გამარჯვებულები მხოლოდ მაშინ ვიქნებით, თუკი აღმოვფხვრით იმ ძალადობის ფაქტებს, რის წინააღმდეგაც გამოვიდა რამდენიმე ათასი სტუდენტი და არ დავუპირისპირებთ მათ ახალი ძალადობის ტალღას, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ძველისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.  

„ლაბორატორია 1918“-ის წევრი ხატია ნადარაია For.ge-სთან საუბარში აპროტესტებს „ასავალ-დასავალის“ მიერ ციხის თანამშრომელთა სიის გამოქვეყნებას. მისი თქმით, გაზეთის მიერ გლდანის ციხის თანამშრომელთა სიის გამოქვეყნება გამართლებული არ არის და ეს გახლავთ რევანშისტული მიდგომა - ძალადობაზე ძალადობით პასუხი.

„ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა მოჰყვება ამ სიის გამოქვეყნებას და როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ან ცალკეული კონკრეტული პირები ამ ადამიანებს?! ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, დამნაშავე არც იყოს და არც აქვს ამას მნიშვნელობა. თუნდაც ისინი დამნაშავეები იყვნენ, მათ პასუხი უნდა აგონ სასამართლოს წინაშე და ლინჩის წესით გასამართლება და ადამიანების ქვებით ჩაქოლვა, მათი ერთმანეთზე წაკიდება აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ხატია ნადარაიამ.

მისი თქმით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ისინი უნდა გასამართლდნენ სასამართლოს მიერ და ამ ადამიანების საჯარო გასამართლებები არ უნდა მოეწყოს.  ხატია ნადარაიას თქმით, ეს სისტემა არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ნაკრები, ბაჩო ახალია და მისი თანამშრომლები არ წარმოადგენენ სისტემას, არამედ სისტემა არის სწორედ ის, რომ ხდება ძალადობის წაქეზება, წახალისება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც გმობს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ გადაწყვეტილებას კონკრეტულ პირთა პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე.

„პუბლიკაციას ჰქვია „გლდანის ციხის თანამშრომელთა გვარ-სახელები და საცხოვრებელი მისამართები“. კარგად ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი გლდანის ციხისა და, ზოგადად, საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი ვითარების მიმართ დიდია, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეს საქმეები უნდა იყოს სერიოზული სამართლებრივი და ჟურნალისტური გამოძიებების საგანი“, - ნათქვამია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ქარტიის ხელმომწერ და არახელმომწერ ჟურნალისტებს, განსაკუთრებული პასუხისმგებელობით მოეკიდონ ადამიანის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას, რადგან შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნებამ იდენტიფიცირებულ ადამიანებს და მათი ოჯახის წევრებს.

For.ge „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს გიორგი გიგაურს ესაუბრა. მისი განმარტებით, ციხის თანამშრომლების სახელები, გვარები და მისამართები საჯარო ინფორმაციაა და, რაც ყველაზე მთავარია, ამ სტატიის შესავალში, ე.წ. ლიდში ნათლად არის ნათქვამი, რომ ამ ადამიანებს შორის უამრავი კეთილსინდისიერი თანამშრომელია, რომელიც პატიმარს კი არ აწამებდა, არამედ იცავდა ამ წამებისგან.

გიორგი გიგაურის თქმით, ამ ჩამონათვალში მოხვედრილ ციხის თანამშრომლებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც დღემდე მუშაობენ ამ სისტემაში. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, მათ გაზეთში შესული ზარებითაც დასტურდება, რომ ქართულ ციხეებში დღემდე აწამებენ პატიმრებს. ამდენად, ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მათთან დაბეჭდილი სტატია არ ყოფილა ძალადობისკენ მოწოდება, არამედ ეს იყო პრევენცია იმისთვის, რომ დანაშაული აღარ განმეორდეს.

„როგორც ჩვენი გაზეთის ცხელი ხაზის თანამშრომელმა, სინდისის პატიმარმა და უფლებადამცველმა ზაზა დავითაიამ განაცხადა, ციხეებში პატიმრების ტანჯვა-წამება დღესაც გრძელდება, რასაც ე.წ. უკვე წარსულის ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ეს იყო ერთგვარი პრევენცია საიმისოდ, რომ ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ ფლობს ძალაუფლებას, ყურადღება მიაქციოს ამ ფაქტებს და ისინი აღკვეთოს“.

ჟურნალისტს საინტერესოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ „ასავალ-დასავალის“ ოფისის წინ საპროტესტოდ შეიკრიბნენ ის ახალგაზრდები, რომელთა უმრავლესობა გიგი თევზაძის, კერძოდ, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ. ეს ადამიანები კი  აქტიურად იცავენ საქართველოში სექსუალური უმცირესობის ინტერესებს. მათ შორის იყვნენ ისინიც, რომლებიც ილიას უნივერსიტეტის წინ აქციებს აწყობდნენ ირაკლი დეისაძის მხარდასაჭერად.

„მათ ერთხელაც არ გაუპროტესტებიათ ის ფაქტი, რომ თუნდაც „კავკასიის“ პირდაპირი ეთერის დროს დაჭერილი ხალხი დღემდე ციხეში ზის, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. აქ მობრძანდა ე.წ. ხელოვნებათმცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელიც იმ ავბედით ღამეს „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში იჯდა ბექა მინდიაშვილსა და გაპარლამენტარებულ შოთა რატიანთან ერთად, რომელიც გიგი თევზაძის მარჯვენა თუ მარცხენა ხელია. ამ თეო ხატიაშვილს, რომელიც დიდ უფლებადამცველად წარმოაჩენს თავს, დღემდე არ გაუპროტესტებია ის, რომ მის მიერაც მოწყობილი პროვოკაციის შედეგად დღემდე ციხეში ზის რვა უდანაშაულო ადამიანი“, - აცხადებს გიორგი გიგაური და მიიჩნევს, რომ ეს ხალხი მათი ოფისის წინ  პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა.

მანვე გაგვიმხილა, რომ დღის მეორე ნახევრიდან „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში  ზარების რეკვა ატყდა და უცნობი პირები უშვერი სიტყვებით იგინებოდნენ, რედაქციას კი აფეთქებით ემუქრებოდნენ. სწორედ ამ ზარების შემდეგ გამოჩნდნენ ზემოთჩამოთვლილი პერსონები.

„ჩვენი მეზობლების მხარდაჭერის შემდეგ ეს ხალხი სამარცხვინოდ გაიქცა. მოგეხსენებათ, ჩვენ საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სართულზე ვართ და ჩვენმა მეზობლებმა ამოიცნეს ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოსული „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორი ქალბატონები, რომლებმაც ინტერვიუებიც კი მისცეს ტელევიზიებს, რომ თურმე რა ცუდი გაზეთია „ასავალ-დასავალი“ და როგორ მოუწოდებს ძალადობისკენ საზოგადოებას“.

გიორგი გიგაური მათ წინააღმდეგ ამტყდარ კამპანიას შურისძიებად მიიჩნევს. მისი აზრით, ხელისუფლებას ვერ გადაუხარშავს ის, რომ აღნიშნულმა გაზეთმა დიდი როლი შეასრულა ამ ხელისუფლების ანტიქართული რეჟიმის დამხობაში.

„ეს გიგი თევზაძის, თეა თუთბერიძის, ლევან რამიშვილის სულიერი შვილების მიერ შესრულებული კუდის ბოლო მოქნევაა,“ - განმარტავს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი.