ერთი და იმავე პირის მიერ ანაკლიის შესახებ სხვადასხვა დროს გაკეთებული ორი განცხადება... ერთში ტონი შერბილებულია, მეორეში კი საბრძოლო მზადყოფნა იგრძნობა.
„თუ ამოცანა ისაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ ანაკლიის პროექტში, კაცურად გვითხარით და გავიგებთ“, - ასეთ განცხადებას აკეთებდა სულ რაღაც 8 დღის წინ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, რაც იმის საფუძველს იძლეოდა, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში, ხაზარაძე ანაკლიის პროექტიდან წასვლაზეც არ იტყოდა უარს. თუმცა 8 დღის შემდეგ მისი ტონი გამკაცრდა, რადგან მამუკა ხაზარაძის თქმით, „არის ზღვარი, რომლის იქითაც არაფერს დავთმობ“.
„ჩვენ თუ გვაიძულეს ანაკლიიდან წასვლა, ეს არ იქნება ბანკიდან წასვლის ტოლფასი, არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ეს ძალზე სერიოზული დავა იქნება და ეს ანაკლიის პორტის მშენებლობას შეაფერხებს“, - ასეთია მამუკა ხაზარაძის ახლანდელი პოზიცია.
ხომ არ იქნება ანაკლია ის წყალგამყოფი, რის შემდეგაც ხაზარაძე საზოგადოების თვალში განსხვავებული ფორმით, ანუ ანაკლიისთვის თავდადებულ მებრძოლად წარმოჩნდება და ეს არ იქნება დათმობა „თიბისი ბანკის“ მსგავსად?! რამდენად მნიშვნელოვანია ანაკლია ხაზარაძისთვის, რაშიც მან ჩადო 70 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიცია, რომ არ ჩამორჩენოდა მშენებლობის გრაფიკს.
ანაკლიისადმი ინტერესი სახელმწიფოსაც არ გაქარწყლებია. ხელისუფლებაც იჩემებს ანაკლიის მეურვეობას და აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტში მანაც გაიღო თანხები. საუბარია 60 მილიონ ლარზე, რაც ანაკლიაში მიწების გამოსყიდვის საქმეს მოხმარდა.
შეცვლილია თუ არა მამუკა ხაზარაძე თავისი გამკაცრებული ტონით? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ანაკლიასთან მიმართებით აღარ განმეორდება „კავკასიური ცარცის წრის“ ეპიზოდი, როცა ხაზარაძემ დათმო „თიბისი ბანკი“, რათა მას ზიანი არ მიყენებოდა?!
„ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ანაკლია მამუკა ხაზარაძის საკუთრება არ არის, მან ტენდერი მოიგო და ტენდერის პირობებს ახორციელებს. თუკი ის ტენდერის პირობებს ასრულებს, ცხადია, მას პროექტიდან ვერ გაუშვებენ, ხოლო, თუ ტენდერის პირობებს არ შეასრულებს, შეიძლება გაუშვან. ამ საკითხის ზედმეტი რომანტიზება გაუგებარია, რადგან ანაკლია არც ხაზარაძის შვილია და არც მისი საკუთრება, ეს არის ტენდერით მოგებული პროექტი.
„რა მოხდება 49 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით, ეს ყველაფერი ტენდერის პირობებშია გაწერილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სახელმწიფომ ანაკლიის პორტი 49-წლიანი ვადით სამართავად გადასცა. არც ის არის გამოსარიცხი, რომ ტენდერი შეიძლება გაგრძელდეს, გადაიხედოს, ან სულ სხვა რამ მოხდეს, რაც არ არის გათვალისწინებული. ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. თუკი საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი და დამატებითი საშუალება ექნება იმისთვის, რომ ტვირთები გადაიტანოს, ამაში ცუდი არაფერია. ვის შეიძლება ჰქონდეს ამის საპირისპირო ინტერესი? შეიძლება სხვადასხვა ვარიანტი განვიხილოთ, შესაძლოა, ივანიშვილი მიხვდა, რომ ანაკლიაში რაღაც სახეიროა და ინტერესი თავად გაუჩნდა, შეიძლება, აქ რუსეთის ინტერესიცაა, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს. ეს ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, მაგრამ ამის ტექნიკურად შემოტრიალება ძალზე რთულია, რადგან აქ ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც, ასევე, თავიანთი ინტერესები აქვთ. ამიტომ ანაკლია საერთოდ რომ გაჩერდეს, ამის ახსნა ჩვენს ხელისუფლებას დასავლეთისთვის გაუჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ახლანდელი მდგომარეობით ამ საქმის გაჩერება და პოლიტიკურად შემოტრიალება ძალიან ძვირი დაუჯდებათ“,-აღნიშნავს პაატა შეშელიძე.
Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო უმთავრესად ერთ რამეში სცოდავს, რადგან მხოლოდ დღეს ამბობს, რომ თურმე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ არ ასრულებდა თავის პირობებს. სად იყვნენ აქამდე? სად იყვნენ 2017 წელს? რატომ ემთხვევა ეს ბრალდებები ასე ცუდად ერთმანეთს?
„ბანკთან დაკავშირებული ხმაური და სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიასთან დაკავშირებული პრეტენზიების წამოწევა ერთმანეთთან კონკრეტულ ბმაშია, რომელიც დისკრიმინირებს ამ კონკრეტულ ბიზნესჯგუფზე. ანაკლიის შესახებ მამუკა ხაზარაძის მკვეთრი გამონათქვამის თარგმნა შემდეგნაირად შემიძლია, იმ შემთხვევაში, თუკი სუბიექტურად მოხდება ანაკლიის პროექტიდან ხაზარაძის გაწევა, ეს მოასწავებს სერიოზულ დავას ზიანის ანაზღაურების ან მიუღებელი შემოსავლების თაობაზე, რასაც სახელმწიფო ვერ აცდება. მე არ ვიცი, აქვს თუ არა ეს გააზრებული სახელმწიფოს, თანაც იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ანაკლია მისთვის ძვირფასია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ფაქტი ერთია, რომ სახელმწიფო სრულიად არათანმიმდევრული იყო ანაკლიის პროექტთან და მის ინვესტორებთან მიმართებით და ყველა ის ნაბიჯი, რასაც დღეს სახელმწიფო დგამს, დროსა და სივრცეში ბუმერანგივით უბრუნდება“, - აცხადებს გიორგი ისაკაძე და მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, სახელმწიფოს მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ანაკლიის საკითხის ირგვლივ, რადგან საეჭვოა ხაზარაძემ რაიმე წააგოს, გარდა ერთისა, რომ ხაზარაძისა და მისი ჯგუფისთვის ეს პროექტი ძალზე მნიშვნელოვანი და დიდი ენთუზიაზმის ნაწილია.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, გიორგი ისაკაძე გამოსავალს იმაში ხედავს, რომ შესაბამისი სააგენტო, მთავრობა, თუ ინვესტორთა ჯგუფი დასხდნენ და მოილაპარაკონ. დღეს მათ შორის კომუნიკაცია არ არსებობს, ამ თემის გარშემო ასეთი ემოციური ფონი კი ბევრ ინვესტორს აფრთხობს, რომელთაც არა მხოლოდ 600 მილიონი აქვთ ჩასადები, არამედ ჯამში ამ პროექტში ორნახევარ მილიარდზე მეტია მოსაზიდი.