საქართველოს მთავრობამ „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულება 2 წლის ვადით გააფორმა. მთავრობაში ამტკიცებენ, რომ პირობები წინა კონტრაქტთან შედარებით გაუმჯობესებულია. ამით, შესაძლოა, კომერციული სექტორმა, რომელიც ბუნებრივი აირის მომხმარებელია, გარკვეული შეღავათი მიიღოს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, „გაზპრომთან“ ახალი კონტრაქტის თანახმად, კერძო სექტორისთვის რუსული გაზი გაიაფდა. ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება, ამ პროცესში ერთ-ერთი მიღწევაა.
„ჩვენი ბაზრის უდიდესი ნაწილი არის სტრატეგიული, სოციალური სექტორი - მოსახლეობა და თბოსადგურები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ეს სექტორი მომარაგდება აზერბაიჯანული გაზით და ჩვენ ამის სრული რესურსი გაგვაჩნია. რაც შეეხება კერძო სექტორს, ბიზნესებს, წარმოებას, მცირე ბიზნესს, გაზგასამართ სადგურს, პურის საცხობს, აქ ჩნდება ახალი კონკურენტული ალტერნატივა, მაგრამ ამას დაარეგულირებს თვითონ კონკურენტული ბაზარი. საუბარი იმაზე, რომ რუსული გაზი მასიურად შემოვა საქართველოში, გამორიცხულია“, - აღნიშნა თურნავამ.
მას ახალი ხელშეკრულების პირობები არ დაუზუსტებია. „ეს არის კომერციული საიდუმლოება და ამ ხელშეკრულებას ვაგრძელებთ. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ საიდუმლოების რეჟიმიდან გამომდინარე“, - დასძინა თურნავამ.
ახალი კონტრაქტი მხარეებს შორის ძალაში ორი წლის ვადით, 2019 წლის 1-ლი თებერვლის თარიღით შევა და ზედმიწევნით დაცულია პრინციპები, რომლითაც „გაზპრომთან“ მოლაპარაკების დროს საქართველო ხელმძღვანელობდა.
ახალ ხელშეკრულების გაფორმებას გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ ახალ პირობებზე შეთანხმება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ატარებს. რთული მოლაპარაკებების მიუხედავად, საქართველოს ენერგეტიკის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღებოდა.
„როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ჩემს დროსაც ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ყოველთვის ვიღებდით ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სტაბილურობისთვის, განვითარებისთვის და წინსვლისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
რუსულ გიგნატთან კონტრაქტი გაუმჯობესების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც. ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებისას ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა.
„მინდა, გავახმოვანო პრინციპები, რითაც ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა მოლაპარაკების წარმართვისას. პირველი, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე პრინციპი გახლდათ, რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა.
შეგახსენებთ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და „გაზპრომ-ექსპორტს“ შორის ახალი კონტრაქტი ძალაში 2 წლის წინ შევიდა, რამაც რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის პირობები შეცვალა. მანამდე წლების განმავლობაში საქართველო სატრანზიტო მომსახურებისთვის საფასურს ნატურით - ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი გაზის 10%-ის სახით იღებდა.