დღეს საქართველო კვლავ დგას დამღუპველი მოცემულობის წინაშე: - ქვეყანაში არსებული მონოპოლიზირებული პოლიტიკური სივრცე და მისი უზრუნველყოფა მძაფრი (მონაწილეთათვის დრამატული) ხელოვნური პოლიტიკური სპექტაკლებითა და ფსევდობრძოლის იმიტაცია „შუას გაკრეფის“ ფილოსოფიის თეორიულ ბაზისზე დაყრდნობით. ჩვენს მიერ, დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ უკვე არაერთხელ დამდგარა დღის წესრიგში, სახელმწიფოსთვის ამ საშიში სივრცის ჯანსაღი და კონკურენტული გარემოთი შეცვლის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ამ ბრძოლის ვერც ერთ ეტაპზე ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზთა გამო, განსაკუთრებით, დღეს ოპოზიციურ „კვალიფიციურ სუბიექტებად“ მიჩნეულ, ხელისუფლებისგან დაფინანსებული ძალების გამო, მისი მიღწევა, რის შედეგსაც ქვეყანაც და ხალხიც თავის ტყავზე გრძნობს.
სახელისუფლებლო ძალამ სრულიად დაკარგა ნდობა მოსახლეობაში, მას არ შეუძლია ეფექტიანად მართოს ქვეყანა და ის არაქმედით უნარიანია, საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი, დიდი თუ მცირე საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტასთან მიმართებაში. მთელი მისი ენერგია მხოლოდ პირადი თუ კლანური ბიზნესინტერესების დაკმაყოფილებას და ამ კლანებს შორის გავლენების გადანაწილებას ხმარდება.
ასეთ ვითარებაში პოლიტიკურ სპექტაკლში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ე.წ. „ოპოზიციის“ ქმედებებს, რომელიც მთავარი საყრდენია საქმის კეთების რესურსამოწურული ხელისუფლებისთვის. ისინი ერთობლივად ქმნიან ვითარებას, რათა ქვეყანაში იყოს მუდმივად სტრესული ფონი და მოქალაქეებმა, ვერ მოახდინონ კონცენტრაცია მათ წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნისათვის.
არსებული სახელისუფლებო ინსტიტუტების ჩუმი ხელშეწყობით წინა ხელისუფლების ფრთის ქვეშ, მისი ორკესტრირებით და ფინანსებით ხდება ხელოვნურად, სპექტაკლში დაშვებული მცირერიცხოვანი და ერთკაციანი „პოლიტიკური“ წარმონაქმნების გაერთიანება, რომლებიც სიტყვით და არა სქმით გამოდიან „ერთიანი ფრონტით“ არსებული სისტემის წინააღმდეგ და გონიათ, ჩვენ გვავიწყდება, რომ ამ სისტემის შემქნელნი და მისი „სიკეთეების“ ცხოვრებაში სასტიკი მეთოდებით გამტარებლები სწორედ ისინი გახლდნენ.
„ყველა მინუს ერთი“, „სრულიად ოპოზიციური სპექტრი“ და სხვა გამონათქვამები ოპოზიციური აზრის მონოპოლიზაციის მცდელობაა, როგორც თავის დროზე „გაერთიანებული ოპოზიცია“ და სხვ. მსგავსი მცდელობები როგორც დამთავრდა ყველამ ვიცით. თავს გვამადლიან - „საქართველოს სიყვარულით განსხვავებული ხედვების ხალხი გავერთიანდითო“, რატომღაც „დაავიწყდათ“, რომ უმეტესობა უახლოეს წარსულში ერთი კაცის (შევარდნაძე) ორგანიზაციის ოფიციალური წევრები ან მისი სატელიტები იყვნენ და მრავალ საეჭვო სპექტაკლებში მიუღიათ მონაწილეობა.
ამ პოლიტიკური ფარსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ე.წ. მილიონი ხელმოწერის შეგროვება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადასვლასთან დაკავშირებით. ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, იქ მყოფი ადამიანების უმეტესობას კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეს სამართლიანი მოთხოვნა არ გახსენებია პირიქით, გაშმაგებით ებრძოდა მას.
ფარსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს ითხოვენ ისინი, ვინც გუშინ დაასაჭურისა და საკუთარ თავს მოარგო საარჩევნო გარემო და ამ სისტემის დღეს ცხოვრებაში გატარებაზე უარს არიან ისინი, ვინც გუშინ ამ ცვლილების დაუყონებლივ ცხოვრებაში გატარების გამო, „სიკვდილამდე შიმშილობით“ იმუქრებოდნენ, მაგრამ დღეს ეს სისტემა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების ერთადერთი ბერკეტია და მათაც აღარ აწყობთ ამ ფორმატში არჩევნების ჩატარება. ამ დაპირისპირების ფონზე, რომელიც ფართოდ შუქდება სახელისუფლებო თუ ოპოზიციური „მედიის“ მეშვეობით, იფარება ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი პრობლემები.
სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური სპექტაკლის მაყურებლები ჩვენ ვართ, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთა უმოქმედობით და უტყვი თანხმობით უკვე სამი ათეული წელია გრძელდება ეს ფარსი.
გამოსავალი ერთია, მოვძებნოთ ჩვენს თავში ძალა თვითორგანიზებისა, შევძლოთ გავერთიანდეთ ის პოლიტიკური ჯგუფები და მოქალაქეები, რომელთაც გაგვაჩნია გაბედულობა და კომპეტენცია იმისა, რომ ერთხელ და სამუდაომოდ შევძლოთ ამ მახინჯი ბოლშევიკური პოლიტიკური სისტემის დანგრევა.
ჩვენი წინადადებაა, პოლიტიკურად ორგანიზებული ფორმატის ეგიდით შევიკრიბოთ და შევიმუშაოთ მოთხოვნების და ქმედებების ის პაკეტი, რომლის რეალიზება სავსებით შესაძლებელი იქნება ამ 1 წლის განმავლობაში და რომელთა ამოქმედება მოგვცემს საშუალებას, 2020 წელს ჩავატაროთ ისეთი არჩევნები, რომელიც საწინდარს დაუდებს არსებული სისტემის დემონტაჟს და ქვეყნის აღმშენებლობის დაწყებას.
ასევე, მკაფიოდ გვინდა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, რომელიც, ჩვენი აზრით, განსჯის საგანი შეიძლება გახდეს: დღევანდელი კონსტიტუციაში წერია, რომ ის შექმნილია საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით. კეთილი ვინებოთ ვიყოთ თანმიმდევრულები და მივყვეთ 1921 წლის კონსტიტუციის სულისკვეთებას. მით უმეტეს, რომ ის იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძველი და მის ხელშეუხებლობის შესანარჩუნებლად დაღვრილი სისხლი კი მორალურ სტიმულს გვაძლევდა, ხოლო დღეს დიდ პასუხისმგებლობას გვანიჭებს.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, ამომრჩეველთა ზუსტი სიის დადგენა, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი, პოლიტიკური გაერთიანების კანონში ცვლილებები, საარჩევნო ფინანსების კორუმპირებული მონოპოლიზაციის დანგრევა, პროპორციული წესით არჩეული პარლამენტი, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციის შესაბამისად კომპლექტდება 130 დეპუტატით და არა ისე, როგორც დღეს არის განსაზღვრული 150 პარლამენტარი...
აი, იმ აუცილებლად საჭირო ცვლილებების არასრული ნუსხა, რომელთა განხორციელებაც მოგვცემს რეალურ შედეგს და რომელთა განხორციელებაც სავსებით შესაძლებელია საზოგადოების სწორი ორგანიზებით, რეალური ბრძოლით და ხელისუფლებაზე ქმედითი ზეწოლით მისი იძულება ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად.
ამისთვის კი მოგიწოდებთ, მათ ვისთვისაც მისაღებია ჩვენი განცხადების სულისკვეთება უახლოეს დროში შევიკრიბოთ, გავერთიანდეთ და დავანახოთ ამ „ერთ პოლიტიკურ ნავში“ მსხდომ სპექლტაკლებში როლის მაძიებლებთ, რომ მილიონი, უჯრაში გადანახული ხელმოწერა კი არა, არამედ ქართველი ხალხის ურყევი ნებაა ამ უმსგავსო სახელმწიფო ცხოვრების წესის შეცვლა.
ამას ქართული სახელმწიფოებრიობისთვის მებრძოლი ღირსეული მამულიშვილების ნათელი ხსოვნაც გვავალდებულებს!
თუ მოვინდომებთ, ჩვენ ამას შევძლებთ!