შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები სააკაშვილის დროინდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა. ვარდნა აშკარაა, ხოლო მიზეზები მრავალგვარი. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წლის IV კვარტალში მხოლოდ 197.1მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის IV კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 62.3 პროცენტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოში საინვესტიციო თანხამ 1 მლრდ ლარს ცოტათი გადააჭარბა. 2018 წლის სტატისტიკამ ეს მონაცემი დიდად ვერ შეცვალა. შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).
ინვესტიციების კლების მიზეზზე მთავრობაში პირველი შეფასება უკვე გაკეთდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკა მიქაბერიძემ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს გარკვეულ ფაქტორებთან, რომელთა დამთხვევა მოხდა და არც ერთი მათგანი არ უკავშირდება რამე ფუნდამენტურ რისკს.
„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ყველასათვის ცნობილი მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულებასთან, ეს პროექტი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო შემცირდა ინვესტიციები ტრანსპორტის სფეროში.
ამასთან გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა - ერთი არის ის, რომ არარეზიდენტების მიმართ ქართველმა საწარმოებმა გაისტუმრეს ვალდებულებები, ეს ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოვლენაა. ასევე რამდენიმე კომპანიის შემთხვევაში გვაქვს რეზიდენტი მფლობელის დაფიქსირება, ეს პოზიტიური მოვლენაა, ეს დადებითად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე და ერთმნიშვნელოვნად მოსახლეობაზე“, - განაცხადა მიქაბაძემ.
ფინანსისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შემცირდეს. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი აკაკი ცომაია, რომლის განცხადებითაც, უცხოური ინვესტიციების კლება მომავალში ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს და დიდი ალბათობით, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს გადახედავენ.
„ინვესტიციების კლება ნიშნავს, რომ მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაეცემა. ის, რაც ჩვენს ეკონომიკას ამოძრავებს, არის მშენებლობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, აქ იზრდებოდა ინვესტიციები და იქმნებოდა სამუშაო ადგილები. ინვესტიციების კლება თანდათანობით უბიძგებს კომპანიებს, რომ სამუშაო ადგილები შეამცირონ, იძულებულები გახდებიან, რომ ოპტიმიზაციის კუთხით წავიდნენ, რათა შემცირებულ ბაზარზე გადარჩნენ. მე არ გამიკვირდება, რომ ამ სტატისტიკის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებმა მალე შეცვალონ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომლის გადახედვაც, როგორც წესი, არ უჭირთ ხოლმე“, - აღნიშნა „საქმიან დილასთან“ ცომაიამ.
ეკონომისტი რამაზ გერლიანი კი ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად არჩევნებსა და მაღალ პოლიტიკური ტემპერატურას ასახელებს.
„მოლოდინი იმისა, რომ ინვესტიციები შემცირდებოდა, ნამდვილად იყო, თუმცა ბოლო კვარტალის კლების ტენდენციით მაინც გაკვირვებული ვარ. პრობლემები დაძაბულმა პოლიტიკურმა ფონმა გამოიწვია. საინვესტიციო სფერო უკანა პლანზეა გადაწეული. მთავრობამ ამ მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მიზნით უნდა დაგეგმოს აქტივობები, რომ გაიზარდოს პიდაპირი უცხოური ინვესტიციები“, - აღნიშნა გერლიანმა.
უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაცაა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია მოსახლეობის წინააღმდეგობით - აშენდეს ჰესები. ენერგეტიკოს რევაზ არველაძეს მიაჩნია, რომ ახლა მუშაობა მიდის ყველაფრის წინააღმდეგ“.
„ენერგეტიკაში შემცირებულია სერიოზულად ინვესტიციები. ამის მიზეზი ძირითადში არის ის, რომ სწორად არ მიდის აგიტაცია-პროპაგანდა მოსახლეობაში. ჩვენ გაგვაჩნია ერთადერთი სტაბილური რესურსი ჰიდრორესურსი. თუმცა, უკვე აღარც მცირე სადგურს აღარ აშენებინებს მოსახლეობა კომპანიებს, რაც ჩემი აზრით, გაუთვიცნობიერებლობით არის გამოწვეული.
ენერგეტიკოსები მხოლოდ მაშინ ვუჭერთ მხარს პროექტს, თუკი ენერგეტიკული ობიექტი ეკონომიკურად ეფექტურია და ეკოლოგიურად მისაღებია. ასეთი ობიექტები ბევრია, მაგრამ მუშაობა მიდის ყველაფრის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს არველაძე.