დაგროვებითი პენსიის გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსარჩელე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სარჩელის განხილვა დასრულებულია, თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია. მისივე თქმით, ვადა განსაზღვრული არ არის და როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება არ იცის.
სარჩელის ავტორები თვლიან, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის ვალდებულება დასაქმებულის ნების ავტონომიას არღვევს, ხოლო დამსაქმებელს სათანადო სარგებლის მიღების გარეშე საპენსიო ფონდში ფინანსური შენატანის გაკეთებას აიძულებს.
მოსარჩელეების კიდევ ერთი არგუმენტით დაგროვებითი პენსიისთვის შენატანის ვალდებულება ახალი გადასახადის დაწესებას უტოლდება, რაც კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმის ჩატარების გარეშე დაუშვებელია. ამასთან, ისინი სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე პეტიცია შეადგინა სამოქალაქო მოძრაობამაც ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც მოითხოვენ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი და შეწყდეს საპენსიო სააგენტოს მხრიდან მოსახლეობის გაკულაკება.
„საპენსიო სააგენტომ ფულის შეგროვება ისეთ რეჟიმში დაიწყო, სანამ აღნიშნულ სააგენტოში ამოქმედდებოდა საინვესტიციო და რისკების საბჭო და შემუშავდებოდა საინვესტიციო პოლიტიკა. ამ პირობებში ხელისუფლება უკვე გვართმევს ფულს და არ იციან რა უყოს. აღნიშნული საბჭოების დღემდე არარსებობის გამო, არ არის გამოკვლეული რისკები და გაანალიზებული დაზღვევის მექანიზმები. საპენსიო სააგენტოში არ აქვთ არგუმენტირებული პასუხები მთავარ კითხვებზე - აქვს თუ არა დაკარგვის რეალური საფრთხე ჩვენი ჯიბიდან ამოცლილ თანხას, სად უნდა შეაგროვონ და რა შემთხვევაშია გამართლებული დაგროვებითი პენსიის სისტემის ამოქმედება. მიუხედავად ამისა, ათეულობით მილიონი ლარი უკვე განათავსეს საპენსიო ფონდის მეშვეობით გარკვეულ, თუ გაურკვეველ ანგარიშებზე.
გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ წლების განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფული 20 და 25 წლის შემდეგ ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრების ბედს გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეჩერდეს მოსახლეობის „გაკულაკება“.
ერთი მხრივ, აბსოლუტურად გაუაზრებელი და მეორე მხრივ, თაღლითური ნიშნების შემცველი სქემა სხვა არაფერია თუ არა ხალხისგან ფულის წაღლეტისა და მოსახლეობის გაღატაკების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა. ამიტომ, მოვაწეროთ ხელი პეტიციას, მოვითხოვოთ, რომ დაგროვებითი პენსია გახდეს ნებაყოფლობითი. ვასწავლოთ ხელისუფლებას საუბარი ხალხთან და ჩვენი მოთხოვნების შესრულება“, - ამბობენ სამოქალაქო მოძრაობაში.
მიუხედავად კრიტიკისა, ანალიტიკოსი ილია (აზიკო) სისვაძე For.ge -სთან საუბრისას, დაგროვებით საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსებობა აუცილებელია, თუმცა მისი მექანიზმი არსებით დაზუსტებას და დახვეწას საჭიროებს.
„მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებში ერთდროულად მოქმედებს სავალდებულო და ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევა. თუკი იქ თვლიან, რომ ამით ადამიანის უფლებები არ ირღვევა, გამოდის, რომ ჩვენ პაპზე თუ პატრიარქზე აღმატებული ქრისტიანები ვართ?!
კარგი იქნებოდა საკითხის ასე დაყენება: სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე დასაქმებულმა, რომელსაც აქვს საშუალოზე ნაკლები ხელფასი, თვითონ გადაიხადოს მხოლოდ მისი 2%, მაგრამ, სახელმწიფომ და ბიზნესმა თანაბრად დამატებით გადაურიცხოს ქვეყანაში ყოველ მოცემულ მომენტში არსებული საშუალო ხელფასის 2-2%, რათა პენსიაზე გასვლის მომენტში ადამიანები მძიმე მატერიალურ პირობებში არ აღმოჩნდნენ.
ამასთან, დაკავშირებით, ვერ დავეთანხმები იმ ავტორებს, რომლებიც თვლიან, რომ დაბალშემოსავლიან მოქალაქეთა პენსია უნდა გაიზარდოს ე.წ. „კოლექტიური სოლიდარობის“ პრინციპის საფუძველზე, ე.ი. მათი გადიდებული პენსია მაღალშემოსავლიანთა ხარჯზე დაფინანსდეს. აქ საკითხი მარტივად ისმის - დაეთანხმებიან კი ეს უკანასკნელნი ამ პრინციპს?
რაც შეეხება ბიზნესის მიერ გაღებულ საპენსიო თანხას, ეს არის სოციალური მოსაკრებელი და არა გადასახადი. მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკით და ჩვენი საგადასახდო კოდექსით გადასახადი სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შენატანია. ჩვენს შემთხვევაში ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში კი არ შედის, არამედ საპენსიო ფონდში.
იმისათვის კი, რომ გარანტირებული იყოს დასაქმებულთა მიერ კუთვნილი პენსიის მიღება, უნდა შეიქმნას აკუმულირებული საპენსიო სახსრების დაზღვევისა და გადაზღვევის სისტემა, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში არსებობს. თუმცა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი ასეთი მექანიზმის გამოყენებას არ ითვალისწინებს, რაც მის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს“, - აცხადებს ჩვენთან აუბრისას ანალიტიკოსი აზიკო სისვაძე.
პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე კი პრობლემას მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობაში ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დაგროვებითი საპენსიო სისტემის გახორციელება მოსახლეობის სათანადო ინფორმირების გარეშე დაიწყო, რის გამოც ამ ცვლილებას პროტესტი მოჰყვა.
„საპენსიო რეფორმა და დაგროვებითი საპენსიო სისტემა არის ფაქტიურად ყველა ევროპულ ქვეყანაში და ძალიან კარგადაც მუშაობს, მაგრამ იქ შედარებით ნაკლებად მტკივნეულად გაიარეს ეს პროცესი, რადგან მოსახლეობის ინფორმირება და შემზადება მოხდა ამ ცვლილებისთვის.
ჩვენთან პრობლემაა საზოგადოების ინფორმირება, რადგან, როდესაც ხელისუფლება ცვლილებას ახდენს, კარგად არ უხსნის ხალხს ეს ცვლილება მათ რას მოუტანს. ინფორმაციის არქონა აჩენს კითხვის ნიშნებს და კითხვაზე, როცა სათანადო პასუხი არ აქვთ, ეს გადადის მოსახლეობის უკმაყოფილებაში და პროტესტში. საპენსიო რეფორმა, სამწუხაროდ მოსახლეობის ინფორმირების სათანადო შემზადების გარეშე განხორციელდა, რასაც მოჰყვა, ის რაც მოჰყვა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.