მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში მისვლისას ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და შს მინისტრი გიორგი გახარია მუქარის წერილის გაგზავნაში დაადანაშაულა, გაჩნდა შეფასებები, რომ „თიბისი ბანკთან“ დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლებამ ხაზარაძე უნებლიედ პოლიტიკოსად ხომ არ გადააქცია და ხაზარაძე ხადარკოვსკი 2-ად ხომ არ გახადა?!
„მე კანონიერად შევიძინე „იუკოსი“, ის მე პუტინმა უკანონოდ წამართვა“, -ამბობდა რუსი ბიზნესმენი მიხეილ ხადარკოვსკი. მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ გახარიას წერილის ორიგინალი ლონდონშია ექსპერტიზაზე გადაგზავნილი.
პროკურატურა ხაზარაძეს ასწრებს და ბიზნესმენისგან წარდგენილ სკანდალურ წერილს ასაჯაროებს, რომლითაც არ დგინდება, რომ მისი ავტორი შს მინისტრია. პროკურატურისვე მტკიცებით, ხაზარაძემ წარადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენლის ვინაობა და ხელმოწერა. ამასთან, ხაზარაძე იმ შუამავალსაც არ ასახელებს, ვინც ეს წერილი გადასცა.
მოვლენები კიდევ უფრო იძაბება, ეს კი ნიშნავს, რომ მოუთოკავი ბიზნესმენის ხელში ანაკლიის პორტი ვერ აშენდება. ეს მაშინ, როცა ანაკლია ნოვოროსიისკის პორტის ალტერნატივა შეიძლება გამხდარიყო. ის ნოვოროსიისკის პორტს წინააღმდეგობას გაუწევდა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი წყალქვეშა ნავებსაც მიიღებდა. ანაკლიის ნაპირიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ზღვას გააჩნია განიერი და 300 მეტრი სიღრმის უზარმაზარი კანიონი, რომელიც ნებისმიერი სიდიდის გემების მიღებას უზრუნველყოფს. მაგრამ ეს ბუნებრივი კანიონი, რომელიც მდინარე ენგურის ხეობის გაგრძელებაა, ასევე, შესანიშნავი საშუალებაა წყალქვეშა ნავების დასაბინავებლადაც.
ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ სწორედ წყალქვეშა ნავებმა დააფრთხო პუტინი და არ არის გასაკვირი, ნატოს სახელმწიფოების ან ამერიკის წყალქვეშა ნავების ანაკლიის პორტში მიღებას რუსეთმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს.
ვის აფრთხობს ანაკლიის პორტის აშენება და გადაიქცა თუ არა მამუკა ხაზარაძე ხადარკოვსკი 2-ად?!
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, რასაკვირველია, ანაკლია ნოვოროსიისკის პორტის ალტერნატივა იქნება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნოვოროსიისკი ექვსი თვის განმავლობაში გაყინულია. პოლიტოლოგის განმარტებით, რუსეთს ანაკლია არ აწყობს, არც თურქეთს აწყობს და, უფრო მეტიც, არც ერთ ჩვენს მეზობელს არ აწყობს, რადგან საქართველო პირველი საზღვაო ქვეყანა ხდება თავისი პოტენციალით.
ამ დიდი პოტენციალის მიუხედავად, სოსო ცინცაძეს ანაკლიის ბედი საეჭვოდ მიაჩნია, რადგან „ქართუ ბანკიდან“ დაწყებული, ყველა ბანკი რომც გაერთიანდეს, მაინც ვერ გაქაჩავს ანაკლიას, თუკი უცხოური კაპიტალდაბანდებები და ინვესტიციები არ იქნება. უცხოელი ინვესტორები კი ძალზე ფრთხილი ხალხია და, როდესაც ფულს ეხება საქმე, მშიშრებიც არიან, რისკი არ უყვართ და რისკიანი ინვესტორი არც არსებობს.
სოსო ცინცაძის განმარტებით, სერიოზული ინვესტორები ჯერ ქირაობენ კვლევით ორგანიზაციებს, ექსპერტებს, რომლებიც წლების მანძილზე სწავლობენ რისკების შესაძლებლობას, პირველ რიგში, სწავლობენ როგორი სასამართლო სისტემაა ქვეყანაში, კორუფციის დონე როგორია, ნებისმიერი უცხოელი ინვესტორი მზად უნდა იყოს სასამართლო დავებისთვის, რადგან შეიძლება გადაუხვიოს კანონს, კანონთან კონფლიქტი შეექმნას და მას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ რადგან ფული მოაქვს ქვეყანაში, ეს ფული ინდულგენციად იქცევა.
„მოვა მაისი, როცა ხელი უნდა მოაწერონ 600 მილიონდოლარიანი კონსორციუმის შექმნას და ვნახოთ, ხაზარაძესთან ამდენი დაპირისპირების შემდეგ ვინ ისურვებს ანაკლიის პორტისთვის თანხების გაღებას. თვით ჩინეთსა და სინგაპურშიც კი იციან, რომ უცხოელი ინვესტორი ყოველთვის მართალია. ჩინეთში მოქმედებს ეს კანონი, მილიარდნახევრიან ქვეყანაში, და რა გახდა ეს ერთი ციცქნა საქართველო. რაც შეეხება ხადარკოვსკისა და ხაზარაძის შედარებას, ხადარკოვსკიმ ჯერ პოლიტიკაში პრეტენზიები განაცხადა და მერე დაიწყო მის წინააღმდეგ კრემლის პოლიტიკის განხორციელება. კარგად მახსოვს პუტინის შეხვედრა ბიზნესმენებთან, სადაც ყველა ჩუმად იყო, მხოლოდ ხადარკოვსკიმ დაიწყო დაუკრეფავში გადასვლა. მახსოვს პუტინის შეკითხვაც ბიზნესმენებისადმი: „თქვენ ეს გჭირდებათ?“ ხადარკოვსკის ამბიციები უფრო ადრე გამოჩნდა, თორემ, ალბათ, ხადარკოვსკის ხელს არავინ ახლებდა, ის რომ გამხდარიყო კრემლის ერთ-ერთი დამფინანსებელი, მაგრამ ხადარკოვსკიმ ბერეზოვსკის სტილში დაიწყო აქტიურობა და, ცხადია, ამას არ აპატიებდა პუტინი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და მიიჩნევს, რომ ხაზარაძესთან მიმართებით ყველაფერი პირიქით მოხდა.
მისი მოსაზრებით, თუკი ხაზარაძესა და კვირიკაშვილს ახლობლებად განვიხილავთ, კვირიკაშვილმა პოლიტიკოსისთვის მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა იფიქრა, რომ ივანიშვილი მართლა წავიდა დიდი პოლიტიკიდიდან და ჩამოწერა ივანიშვილი. კვირიკაშვილმა იფიქრა, ივანიშვილს აღარც უნდა შევეკითხო არაფერი, აღარც ჭკუა ვკითხოო და მერე ივანიშვილმა აჩვენა, „კტო ხაზაინ ვ დომე“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიას პერსპექტივა აქვს და იგი ნოვოროსიისკის ალტერნატივა გახდება. ამდენად, წარმოუდგენელია, საქართველოში ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ ნოვოროსიისკის სასარგებლოდ რუსული თამაში ითამაშოს.
„ამას ვერ წარმოვიდგენ, იმდენად სერიოზული ბრალდებაა, რომ ვინმე აქ რუსულ თამაშს თამაშობს, რომ ამის განხილვაც საეჭვოა. ხაზარაძე არავითარ პოლიტიკოსად და არავითარ ხადარკოვსკი 2-ად არ გაუხდია არავის, ხაზარაძეს აქვს თავისი ბიზნესინტერესები და ის თავს იცავს. არც ის მგონია, ანაკლიის წართმევას უპირებდნენ, მიუხედავად ამ ჭექა-ქუხილისა, რაც ბიძინა ივანიშვილსა და ხაზარაძეს შორის ღიად ჩანს, თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს კონფლიქტი ამოიწურება და მორიგებით დასრულდება“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, გახარიას სავარაუდო წერილს რა ბედი ელის, განმარტავს, რომ ეს დარჩება პოლიტიკური სპეკლულაციების თემად, რომელსაც პასუხი არ ექნება.
ანალიტიკოსის აზრით, ხაზარაძისთვის იოლი არ არის, ეს წერილი გამოაქვეყნოს, თუკი ეს წერილი მართლაც არსებობს. შესაძლოა, რაღაც წერილი არსებობდეს, მაგრამ არა იმ შინაარსის, რაც ხაზარაძემ გვითხრა. თუკი 100%-იანი გარანტიები არ ექნებოდა გახარიას, ასეთ წერილს არც დაწერდა, მაშინ ჭკუას უნდა გადაცდეს ადამიანი, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ასეთი კომპრომატი ჩაუგდოს ხელში.
„თუ ასეთი წერილი არსებობს, ე.ი. გახარიას საპასუხო ნაბიჯიც აქვს. ვინმემ იცის, გახარიას ხელში რა კომპრომატებია? ეს ხომ ჯერ არ გაჟღერებულა? ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც თქვა, მე რომ სიმართლე ვილაპარაკო, ფინანსურად ძალიან დიდი ზიანი მიადგება „თიბისი ბანკსო“. ეს განცხადება უსაფუძვლო არ არის, რადგან, რაც ამ 17 მილიონზეა საუბარი, ეს არაფერია იმასთან შედარებით რაც სინამდვილეშია, მაგრამ ეს ჯერ არ გამჟღავნებულა“, - აღნიშნავს დავით ზარდიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, თუკი ხაზარაძე პოლიტიკურ ბატალიებში ჩაერთობა და დღევანდელი ოპოზიციის კარტის გათამაშებას მოინდომებს, ბუნებრივია, ამას საპასუხო ნაბიჯი მოჰყვება, თავს აღარ შეიკავებს გახარია და ბოლომდე მიაწვება. ამიტომ, ალბათ, მოხდება მორიგება, ტემპერატურა ახლა მაქსიმუმზეა აწეული, მაგრამ, სავარაუდოდ, ვნებები ჩაცხრება. თუ ბიძინა და ხაზარაძე ამ კონფლიქტში მორიგდებიან, „ნაცებსაც“ ბევრი არაფერი გამოუვათ. ხოლო, თუ ხაზარაძე ჭკუიდან გადაცდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შევიდა გახარიასთან, ეს გახარიასთან ბრძოლა კი არა, სახელმწიფოსთან ბრძოლა იქნება.
„უბრალოდ, ხაზარაძეს დასჭირდა, რომ თავი დაეცვა და ეს ჩანდა კიდეც მის გამოსვლაში. აქ ბანკის დაბრუნებაზე არაა საუბარი, არამედ სანქციების შერბილებაზე, პროკურატურაში პროცესის დასრულებაზე. ხაზარაძე ითხოვს თავისი სახსრების განკარგვას, რაც ახლა შეუჩერეს, ეს ძალიან მძიმე სანქციები იყო. თავისთავად მძიმე ფაქტი იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი რამ ქართულ საბანკო ისტორიაში არ ყოფილა. არ მახსენდება, რომ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სამსახურიდან დაეთხოვათ“.