„ძველი სახეები აღიქმებიან ნაციონალებთან დაპირისპირებულ ფიგურებად და ამას თუ ვერ ხვდებიან ეძებონ ახალი სახეები“

„ძველი სახეები აღიქმებიან ნაციონალებთან დაპირისპირებულ ფიგურებად და ამას თუ ვერ ხვდებიან ეძებონ ახალი სახეები“

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი სახეების ძებნის პროცესი დაიწყო. დავალება სოზარ სუბარმა უნდა შეასრულოს. უნდა მოიზიდოს და რეკომენდაცია გაუწიოს კვალიფიციურ კადრებს, რომელთაც პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ექნებათ, მაგრამ საბოლოო სიტყვას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იტყვის.

პრემიერ–მინისტრი ამბობს, რომ პარტიაში განახლება მუდმივად მიმდინარეობს და ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. თუმცა საქმეში ჩახედულები ამბობენ, რომ სწორედ ახალი სახეებით დაკომპლექტებული წარსდება „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ნიშნავს, რომ დღეს მოქმედი დეპუტატების თითქმის უმრავლესობა მეათე მოწვევის პარლამენტში ვერ შევა. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტს მიღმა რჩება პარლამენტის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც პარტიის დაშლის მიზეზი გახდა.

ივანიშვილმა განახლების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით დაიწყო. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის როლი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ცხოვრებაში დიდია და ყოფილი პრემიერის მეორედ მოსვლა პოლიტიკაში ძალიან პოზიტიური ნაბიჯია.

„ირაკლი დაბრუნდა პარტიაში ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ყველას გვახსოვს, რომ პარტიაში ირაკლი ღარიბაშვილი მისი შექმნის დღიდან ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის“, ვინაიდან ჩვენ ამით შევძლებთ, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურების მუშაობა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, –განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მაშ ასე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ განახლება პარტიის ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა. გუნდის განახლებაზე საუბრობდა პოლიტიკაში მეორე მობრუნებული ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება შერჩევის პროცესს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი და, აქედან გამომდინარე, საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური პროცესის საფუძველზე.

„რა თქმა უნდა, ზოგადად შესაძლებელია სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება ამ შერჩევის პროცესში, მაგრამ რაც შეეხება უცხოური კომპანიის დაქირავებას, ამ ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ახალ კადრებს მხოლოდ სოზარ სუბარი არ ეძებს. მისი თქმით, სუბარი ამ პროცესში მთავრობის წარმომადგენელია, თუმცა ახალი კანდიდატების ძებნა პარტიის სხვა წევრებსაც აქვთ დავალებული. ვოლსკის განმარტებით, ახალი სახეები გუნდიდან წასულ წევრებს არ ჩაანაცვლებენ, მათ საკუთარი ადგილი ექნებათ.

„ადამიანი, რომელიც მოდის პარტიაში სამუშაოდ, არავის ადგილზე არ მოდის. ის თავის ადგილას მოდის ყოველთვის. კალაძე არის, ვინც წაიყვანს ამ მიმართულებას. ეძებს – სიტყვა იმ გაგებით, რასაც თქვენ ამბობთ, არასწორია. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც იცნობენ კარგად რეგიონებში, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები. არ არის მხოლოდ ახალგაზრდებზე საუბარი. მე არ მინდა ამას დავარქვა პიარული კომპანია მხოლოდ, მაგრამ რეალურად საზოგადოებისთვის ბევრი რამ უნდა იყოს ცნობილი. ეს სტრატეგია უნდა იყოს კარგად დალაგებული და ვფიქრობ, ამაში კარგი, მაღალი დონის პროფესიონალი, თუნდაც უცხოური კომპანიის ჩართვა არის აუცილებელი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია არ უნდა დაემსგავსოს ბიზნეს პროექტს, არამედ პარტია უნდა ჰგავდეს პარტიას. მისივე თქმით, დღევანდელი მართვის მოდელს, რომლითაც ხელმძღვანელობს პარტია, დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია.

„მე მალაპარაკებს ზრუნვა და არა რევანშისტული პოზიცია. ყოველთვის კეთილად ვიქნები განწყობილი როდესაც სამომავლო პერპექტივებზეა საუბარი მმართველი პარტიის, მაგრამ მმართველი პარტია არ უნდა დაემსგავსოს ბიზნეს პროექტს. პარტია უნდა გავდეს პარტიას. ის, რომ პარტია არ ჰგავდა პარტიას და არ მოგვწონდა რაც ხდებოდა, ვსაუბრობდით, ახლაც ძალიან ფრთხილად ვსაუბრობ, მაგრამ ამ მართვის მოდელს, რასაც ვხედავ, არ მგონია, რომ კარგი შედეგის მოტანა შეეძლოს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ თუ განახლებაზეა საუბარი, „ქართულმა ოცნებამ“ პირველ რიგში თავმჯდომარე უნდა გამოცვალოს. კანდელაკის თქმით, მმართველ პარტიას დაკარგული აქვს კლასიკური გაგებით პარტიის ფუნქცია და ამ შემთხვევაში, ყველა მათი ქმედება არის საზოგადოებისთვის ჰაერის მიყიდვის მცდელობა.

„ჩვენ კარგად ვიცით, საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ „ქართული ოცნება“ კლასიკური, ევროპული გაგებით პარტია არ არის. იმ ხალხს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არის, იდეური ერთიანობა არ გააჩნია. ეს არის ერთგვარი დაჯგუფება, ერთი ბატონის, ფეოდალის ირგვლივ. მის ხუშტურებზე ცეკვავს მთელი ეს პარტია, პარტიას ბრჭყალებში ვამბობ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას რესურსები ამოეწურა და ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რომ მისი არჩეული მეთოდებით ლიდერები არ იბადებიან. დეპუტატი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ გაკოტრების გზაზეა და პარტიაში გაწევრიანების სურვილი და მოტივაცია ადამიანებს არ აქვთ.

„პოლიტიკური შერჩევით ლიდერების ფორმირების უნარი არ აქვს ამ ხელისუფლებას. ლიდერები არ იბადებიან კონკურსის წესით, ლიდერებს ვერ შეარჩევ განცხადებით. ლიდერებს ბადებს ცხოვრება და გამოცდილება. რა მოტივი უნდა ჰქონდეს დღეს ახალგაზრდას, მივიდეს „ოცნებაში“, როდესაც ერთ–ერთი ლიდერი „ოცნებიდან“ აკეთებს განცხადებას და ტოვებს, იმიტომ, რომ იქ ყოფნა უკვე ღირსების საქმედ მიაჩნია. მთლიანობაში ეს არის ძალიან კომიკური და ძველი გამოთქმა რომ გამოვიყენო, ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის გზავნილი ამომრჩევლისთვის, რომ ნდობის თვალსაზრით რესურსი ამოწურეს“, – ამბობს რომან გოცირიძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ ყველაფერი იწყება 2012 წლიდან და ხალხის მობილიზაციიდან, რომლის ანალოგი ცოტა იყო. თუმცა, მისი თქმით, ახლა უნდა დავსვათ კითხვა, რა იყო ხალხის მობილიზაციის მთავარი მოტივი, ის, რომ ახალი სახეები დაენახათ ხელისუფლებაში, თუ პირიქით, მომხდარიყო პორტირება? საყვარელიძე ამბობს, რომ 2012 წელს იყო ჯგუფი, რომელიც ნაციონალების ხელისუფლებიდან გაშვების სიმბოლოდ აღიქმებოდა, უპირველესად ივანიშვილი და მის გვერდით მდგომი ხალხი.

„თუკი ვილაპარაკებთ იმაზე, რას დაპირდა „ქართული ოცნება“ საზოგადოებას, ძირითადი პირობა იყო, რომ ნაციონალებისგან გაენთავისუფლებინათ საზოგადოება. სწორედ ის, რომ ნაციონალებისგან საზოგადოების განთავისუფლება არ განხორციელდა, ამან „ოცნების“ მხარდამჭერების 50% სახლში დატოვა პრეზიდენტის არჩვენების დროს. მეორე ტურისთვის ძველი გვარდია იხმო ივანიშვლმა, ის ხალხი, ვინც ნაციონალების ხელისუფლებიდან გაშვების სიმბოლო იყო და სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

მოვლენათა ასეთ ფონზე, ახალი სახეების ძებნის ლოგიკა არ მესმის. თუ ძველმა გვარდიამ გამარჯვება მოგიტანა, ახალ სახეებს რატომ ეძებ? ის, რომ ძველი სახე მომგებიანია, ამან გადააწყვეტინა ღარიბაშვილის მოყვანა. ე.ი. გარკვეული თვალსაზრისით, ძველი სახეა შედეგის მომტანი, რადგან ძველი სახეები აღიქმებიან ნაციონალებთან დაპირისპირებულ ფიგურებად. საზოგადოებაში დღემდე დარჩა მწვავე პრობლემად ნაციონალების პრობლემა და ამას თუ ვერ ხვდებიან ეძებონ ახალი სახეები“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ახალ სახეებში ისევ ნაციონალების მიმართ ლოიალური სახეები შემოვა. საყვარელიძე ხაზს უსვამს იმას, რომ პარლამენტის ახალგაზრდა გუნდმა გამოავლინა, რომ მათი ახალგაზრდობის გამო მათთვის არ არის მწვავე დაპირისპირება ნაციონალებთან, არც ნაციონალების მიერ დანიშნულ მოსამართლეებთან.

„გავიხსენოთ, არც იმ კანონის მხარდაჭერა მოინდომეს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ავტორობით შეიქმნა ნაციონალების დამნაშავე რეჟიმად გამოცხადების შესახებ. ვფიქრობ, ნაციონალების მიმართ ლოიალური პერსონაჟი გაცილებით მეტი შემოვა ახლა, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს ნაციონალებთან დაჯახების პრობლემა არ ჰქონდათ.

შედეგად „ქართული ოცნება“ მიიღებს იმის ანალოგიურ სიტუაციას, რაც პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში მიიღო. ამიტომ არ მესმის ახალი სახეების ძიების ლოგიკა, რისკენ არის მიმართული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს დაზეპირებული თემაა – უნდა ვეძებოთ ახალი სახეები და არ არის მომხდარი იმის გააზრება, რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი ბოლო პერიოდში, რისგანაც დასკვნა უნდა გაეკეთებინა პარტიას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი სწორად ვერ აფასებს თავის რეალურ ვითარებას, ჰგონიათ, შეუძლიათ გუნდურობის ცენტრის შექმნა, მაგრამ აღარ შეუძლიათ. ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ მას შემდეგ რაც კოლექტიური მურუსიძე სიკვდილ–სიცოცხლის ფასად გაიხადეს და უმრავლესობის ბედი შესწირეს მურუსიძე–ჩინჩალაძეს, ეს შანსი დაკარგეს.

„ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ მათთან ვინმე ნორმალური მივა? თუ ვინმე მივა, მივა მედროვე კარიერისტი მამაძაღლი. ნორმალური ადამიანი „ოცნებაში“ არ მივა. ეს არის სამწუხარო რეალობა. რა თქმა უნდა, ეს პროექტი არ განხორციელდება. აბსოლუტური ილუზიაა, რომ პერსპექტული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი „ქართული ოცნების“ ქასტინგში მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ილუზია.

გამიკვირდა როცა ითქვა, რომ კალაძეს დაავალა ახალი სახეების მოძიებაო, რადგან მეორე ეტაპზე კალაძის ხალხიც ჩასარეცხი ჰყავს. არანაირი რესურსი არ არის. გაგახსენებთ პროექტს 2030–ს და „მოქალაქეს“, რისი იდეა იყო მოემზადებინა სახელმწიფო სამსახურისთვის კადრები, რომელთა ხელუსუფლებაში გადაყვანა მოხდებოდა მერე. წარუმატებელი პროექტი იყო. მით უმეტეს დღევანდელ ვითარებაში, მკვდრადშობილი პროექტია“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

 

ლაზი "გია ვოლსკი აცხადებს, რომ ახალ კადრებს მხოლოდ სოზარ სუბარი არ ეძებს... არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც იცნობენ კარგად რეგიონებში, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები".
კი, ელოდეთ სანამ მაგ მაჟორიტარები თავისზე უკეთესებს მოგიყვანენ.
ადგილობრივი საკრებულოები ხომ დაგიკომპლექტეს საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებით, ისე გაიჯებიან ახლაც.
მაგალითისათვის - გამოკითხეთ ქუთაისში, შემთხვევითი წესით, რამდენი ადამიანიც გნებავთ, და თუ საკრებულოს ერთი დეპუტატის გვარს დაგისახელებთ ვინმე, მაშინ გქონდეთ მაგ მაჟორიტარების იმედი.
5 წლის უკან
სოციალისტი ლაზი, კარგი იყო!
5 წლის უკან