როგორც დეკანოზმა დავით მასურაშვილმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ განხილვისას განმარტა, „ახლა არის მოძალება, რომ სექსუალური განათლება შევიდეს სკოლებში, ან ვიღაც ხატიები შემოიტანენ რაღაცას. ჯვარი გვწერია და, თუ ეს სკოლებში განხორციელდა, ჩემს შვილებს აღარ გავუშვებ გაკვეთილზე. თუ საქმე ძალიან ცუდად წავა, შესაძლოა, სკოლაშიც არ გავუშვა და თვითონ მივცე მათ შესაბამისი განათლება. ასეთ შემთხვევაში, მე დავექვემდებარები შვილის ჩამორთმევას, როგორ უნდა განახორციელოთ ეს პრაქტიკაში, არ ვიცი“.
როგორც ცნობილია, „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ, გაეროს ბავშვთა ფონდის-იუნისეფის ტექნიკური მხარდაჭერით მომზადდა. მისი ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნვერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა. მოსალოდნელია, რომ კოდექსს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სასულიერო პირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სკოლებში საეჭვო საგნების შეტანის გამო. მართლმადიდებელ მოძღვრებთან ერთად დაბნეულნი არიან მშობლებიც, რადგან ბოლო დროს სექსუალური განათლების შესახებ გადაღებულ ვიდეოგაკვეთილებს სთავაზობენ მოსწავლეებს. ამ ვიდეოების ავტორს ხატია ახალაიას ემუქრებიან, მაგრამ თავად ხატია ახალაია მიიჩნევს, რომ ეს ვიდეოგაკვეთილები მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება და ვიდეო მომზადებულია იუნესკოს სექსუალური განათლების საერთაშორისო ტექნიკური სახელმძღვანელოს პრინციპთა დაცვით. ამდენად, ეს ვიდეოები რეკომენდებულია 8 წლის ასაკიდან.
რამდენად სახიფათოა სექსუალური განათლების შეტანა სკოლებში?!
არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ვინმე რაციონალურად აზროვნებს, მაშინ არ შეიძლება ამ ეტაპზე დღის წესრიგში დადგეს ასეთი საგნის სკოლაში შეტანა. განათლებას ისედაც ბევრი სხვა პრობლემა აქვს. შეიძლება იყოს ვიღაცის ინტერესები, რომ მსგავსი საგანი მართლაც შეიტანონ სკოლებში, როგორც თავის დროზე შემოიტანეს „მე და საზოგადოება“ დაწყებით კლასებში, თუმცა სკოლებში საგნების დამატებით შეტანით პრობლემა არ წყდება.
მუხრან გულიაშვილის განმარტებით, რაც უფრო მეტ საგანს სწავლობს მოსწავლე, ეს არ ნიშნავს, რომ ამით მეტ განათლებას იძენს. ჯერ ერთი, ტრადიციული საგნების სპეციალისტებიც უკვე აღარ გვყავს, დეფიციტია ქიმიის, ფიზიკის პროფესიონალი მასწავლებლები და ახლა ახალი საგნები რომ შემოიტანონ, სად გვყავს ამ საგნის სპეციალისტები?! არაპროფესიონალურად ბავშვებისთვის რამის სწავლებას კი საერთოდ სჯობს, არ ასწავლონ არაფერი.
„სამოქალაქო განათლება“ როცა შეიტანეს სკოლებში, იმ პერიოდში ჩატარდა კვლევა, რამდენად ამართლებდა ეს საგანი და, რამდენად იყენებდნენ მოსწავლეები ცოდნას პრაქტიკაში. თუმცა კვლევამ დაადასტურა, რომ მოსწავლეები ამ ცოდნას არ იყენებდნენ და ფორმალური იყო მისი სწავლება. მეც მიჩნდება კითხვა იმ ადამიანთან, ვინც ამ ვიდეოებს აკეთებს და ავრცელებს, თუ ის მართლაც გულწრფელია, მაშინ ამას უნდა აკეთებდეს ყოველგვარი დაფინანსების გარეშე. თუ მის უკან რაიმე დაფინანსებაა, მაშინ აშკარაა მისი ინტერესი, ვისგანაც დაფინანსება მომდინარეობს. ამერიკის ყველაზე ჭკვიანი ადამიანი ნოამ ჩომსკი ამბობს, თუ გვინდა, გავიგოთ, საიდან მოდის ამა თუ იმ ინსტიტუციის, ამა თუ იმ პროექტის ინტერესები, უნდა გავიგოთ, საიდან ფინანსდება იგი და, თუ ამ ყველაფერში ადამიანები ფულს იღებენ, მაშინ შეიძლება თვითონაც არ იციან, რომ შესაძლოა, ემსახურებიან სხვა ინტერესებს და გაუცნობიერებლადაც აკეთებენ ამას“, - აცხადებს მუხრან გულიაშვილი.
მისივე მოსაზრებით, დეკანოზ დავით მასურაშვილის ნათქვამს არსებობის უფლება აქვს, რადგან მშობლის ინტერესი უფრო მეტად გასათვალისწინებელია სკოლაში, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის, ვინც აფინანსებს ამ საგნების შეტანას სკოლაში. მუხრან გულიაშვილის თქმით, სკოლა და ზოგადი განათლება ინტერესების გადაჯაჭვის სფეროა, მაგრამ მშობლის ინტერესი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მუხრან გულიაშვილი განათლების ექსპერტ კენ რობინსონის სიტყვებსაც იშველიებს, რომ დღეს სკოლები გახდა ინტერესების, სხვადასხვა ინსტიტუციების, თუ სხვადასხვა ადამიანების ინტერესთა კონფლიქტის სფერო და, რეალურად, რისთვისაც არის სკოლა შექმნილი, ის იკარგება. სინამდვილეში, სკოლაში მთავარია მასწავლებელი და მოსწავლე.
„კენ რობინსონის თქმით, სკოლა დაემსგავსა მტვერდადებულ სურათს. მტვერია პროფკავშირების, თუ სხვა ორგანიზაციების ინტერესები. ჯერ ის ასწავლონ სკოლებში, რაც სასწავლებელია. სტატისტიკა რომ მოჰყავთ, სექსუალური ძალადობის შემთხვევები გაზრდილია საქართველოშიო, მაშინ შეადარონ, რასთან მიმართებაშია მეტი ან ნაკლები ძალადობა. შესაძლოა, ჩვენზე უფრო დემოკრატიულ ქვეყნებში უფრო მეტია ძალადობის შემთხვევები“.