აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ურბანის“ წინააღმდეგ, „ჯორჯიან ეარლაინსი“ საპროტესტო აქციას მართავს. თურქული კომპანია ქართულ ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიამიმოსვლის საშუალებას არ აძლევს და ითხოვს არარეალური ვალების დაფარვას. ამიტომაც „ჯორჯიან ეარლაინსი“ გამოსვლას გეგმავს და საზოგადოებასაც ამისაკენ მოუწოდებს.
სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია აქციის გამართვას გეგმავს და ყველას სთხოვს გააპროტესტონ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მუშაობა.
„ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ „ტავ ურბან ჯორჯიას“ მმართველობის პირობებში, შეუძლებელია ქართული ავიაციის ფუნქციონირება და შემდგომი განვითარება. თურქულ კომპანიას წელიწადში სუფთა მოგების სახით 400 მილიონ ლარზე მეტი გააქვს საქართველოდან, სანაცვლოდ კი თბილისში, რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს, ხოლო ბათუმის აეროპორტში საერთოდ გაუსაძლისი პირობებია. „ტავ ურბან ჯორჯია“ უარს ამბობს მოსაკრებლის შემცირებაზე, ქართული ავიაცია კი სულ უფრო და უფრო ზარალდება. „ტავს“ ტაქსის ფასიც კი კაბალური აქვს. მაგალითად, თუ თბილისის აეროპორტში ჩამოსული მგზავრი მოინდომებს თბილისის ცენტრამდე ტაქსით წასვლას, მოუწევს ისარგებლოს „ტავის ჯორჯიას“ ტაქსით, რაც სულ მცირე 45 ლარი დაუჯდება. (აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა ტაქსის დგომის/დალოდების უფლებას არ აძლევენ).
„მივმართავთ თხოვნით საზოგადოებას, ჩვენს როგორც არსებულ, ისე პოტენციურ მგზავრებს, ყველას ვინც თვლის, რომ „ტავ ურბან ჯორჯია“ არ უნდა მართავდეს საქართველოს აეროპორტებს, დაგვიდექით გვერდში და სამშაბათს, 12 მარტს, 15:00 საათზე, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთად გავაპროტესტოთ „ტავ ურბან ჯორჯიას“ კაბალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში“, - ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ თურქული კომპანიის ინტერესებში არ შედის საქართველოს ავიაციის განვითარება. როგორც „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვასო ურუშაძე ამბობს, თბილისთან ახლოს ახალი აეროპორტის აშენება, რომლის შესახებაც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, არარეალურია, რადგან ამ მიმართულებით მრავალი პრობლემა და გამოწვევაა. თურქული ოპერატორის ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ 150 კმ რადიუსში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა შეზღუდულია, ხოლო აჭარაში კი არსებული რელიეფური მდგომარება აეროპორტისთვის ახალი ლოკაციის შერჩევას ართულებს.
„არის ბევრი შესაძლებლობა, რომ გადაიხედოს „ტავ ჯორჯიასთან“ ხელშეკრულება. მაგალითად, იქ პირდაპირ არის ჩანაწერი, რომელიც ზღუდავს 150 კმ რადიუსში ალტერნატიული აეროპორტის ფუნქციონირების შესაძლებლობას და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის სტანდარტებთან და საქართველოს კანონმდებლობასთან კონკურენციის შესახებ“, - აცხადებს „ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელი.
ურუშაძე პრობლემებს შორის ასახელებს საავიაციო ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციასაც, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს უშლის.
„ტავ ურბანთან“ დადებული ხელშეკრულების გასაჯაროვებას და გრიფის მოხსნას ითხოვს საავიაციო სფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილიც.
„რასაკვირველია ვეთანხმები სრულად „ჯორჯიან ეარლაინსის“ მიმართვას და პათოსს, რომელიც მათ საჯარო განცხადებით გამოხატეს. ეს არის, ძალიან დიდი ხნის დაგროვილი პრობლემა, რომელიც წინა მთავრობის უგუნური გადაწყვეტილების შედეგია და სამწუხაროდ, „ოცნების“ ხელისუფლებამ, ხელშეკრულების გაგრძელებით მხარი დაუჭირა, იმ კაბალურ პირობებს, რაც კონტრაქტშია.
ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და მას ადევს გარკვეული გრიფი. მხოლოდ ცალკეული პუნქტები ვიცით, რომელიც სხვადასხვა დროს მთავრობის წევრების წამოსცდენიათ ან სხვა გზით გახდა ცნობილი. პირველ რიგში, უნდა გახდეს ეს კონტრაქტი საჯარო და გავიგოთ, რატომ წერია იქ, რომ მათ რეგულაციის გარეშე, აქვთ უფლება გაზარდონ პერიოდულად დაწესებული გადასახადები, ან ის, რომ თბილისიდან 150 კმ-ის რადიუსზე არ გვაქვს უფლება არსებობდეს აეროპორტი, რომელიც მათ მართვაში არ იქნება.
ერთი სიტყვით, სხვა არავითარი გზა აღარ დარჩენია არც ქართულ კომპანიას და არც საავიაციო სფეროს წარმომადგენლებს, გარდა იმისა, რომ ასეთი მეთოდით გამოაფხიზლოს ხელისუფლება“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.