„რუსეთი ჩვენი არჩევანი არ არის, ეს იძულებაა“

„რუსეთი ჩვენი არჩევანი არ არის, ეს იძულებაა“

ნატო უფრო მეტი რუსული რაკეტის მოლოდინშია. როგორც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, დასავლეთის ალიანსი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ მის საზღვრებთან შეიძლება უფრო მეტი რუსული რაკეტა იხილოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოსკოვი უარს იტყვის საშუალო და მცირე რადიუსის მოქმედების რაკეტების შესახებ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

„კოლუმბი ტყუილად გაისარჯა, მალე მანდ იქნება მხოლოდ თქვენი ფერფლი“, - რუსეთი ამერიკის მიმართ რიტორიკას არ ცვლის და სანკტ-პეტერბურგის მთავარ ტაძარში რუსული ჰიმნის მელოდიებით შეულამაზებლად გამოხატავს სათქმელს ოკეანისგაღმელთა მიმართ.

საქართველოში, როგორც ყოველთვის, რუსეთის მიმართ ყველაზე კატეგორიულები ოპოზიციონრები არიან. კარასინის მუქარის შემცველი მესიჯების შემდეგ ოპოზიციამ მოითხოვა, გაუქმდეს ყველანაირი მოლაპარაკებები რუსეთთან, დაიხუროს რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და გარკვეული პრობლემები შეექმნათ ადამიანებს, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ოპოზიციის ასეთ რიტორიკას არასწორად მიიჩნევს. მისი აზრით, თუნდაც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ამასთან დაკავშირებით პოზიტიური შეხედულება ჰქონდეთ და თუნდაც ეს საქართველოს უსაფრთხოების თემებთან იყოს დაკავშირებული, რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტა არ შეიძლება.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხდებს, რომ რუსული ბაზრის დახურვა ქართველებს უფრო მეტ შიმშილს, ფასების შემდგომ ზრდას მოუტანს. რასაკვირველია, რუსეთი არ არის საუკეთესო არჩევანი, მაგრამ რუსეთი არჩევანიც არ არის, ეს იძულებაა, როდესაც სხვა არაფერი გვაქვს. ამდენად, თუკი ჩვენს ზოგიერთ თავცარიელ ოპოზიციონერს ავყევით, რომ ჩვენ გველოდება მილიარდიანი ბაზარი ევროპაში, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რა გვაქვს ევროპის ბაზარზე გასატანი კონკურენტუნარიანი? ნუთუ ჩვენი ღვინო? ევროპაში ვინც ყოფილა და უნახავს, ნებისმიერ სუპერმარკეტში რა სახეობის ღვინოები იყიდება, მიხვდება, რომ საქართველოს ღვინისთვის იქ იმდენი ადგილი არ არის, რომ ეს იყოს საექსპორტო დიდი ბრენდი.

რაც შეეხება რუსულ მორიგ აგრესიას საქართველოს მიმართ, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ჩვენთან მიმართებით, მე მგონი, ეს ბლეფია.

„მიაქციეთ ყურადღება, რუსეთი გარშემორტყმულია სანქციებით, მაგრამ მას საქართველოსთან მიმართებით ერთი სანქციაც არ აქვს დადებული. როგორც წესი, სანქცია მხოლოდ სამხედრო აგრესიას მოჰყვება ხოლმე, როგორც ეს უკრაინაში მოხდა ყირიმთან მიმართებით. ახალი სანქციები სულაც არ აწყობს პუტინს, უბრალოდ, პერიოდულად მისი ჩინოვნიკები გვაშინებენ ხოლმე და ამ ჩინოვნიკების მესიჯები გათვლილია იმისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები პრორუსულად განწყობილი ბევრი ადამიანი შეშინდეს, ხომ ხედავთ, რუსეთი როგორ გვემუქრება და მოდით, დავთმოთო. თუმცა რუსეთის მუქარას მოსდევს ხოლმე მეორე რადიკალური პოზიცია, მოდით, სულ გავწყვიტოთ რუსეთთან ურთიერთობა, გავაუქმოთ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, გავაუქმოთ რუსეთთან ვაჭრობა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ის პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან ვაჭრობის გაუქმების მომხრეა, უნდა ჩავიდეს კახეთში და ყველა ნახავს, იქიდან როგორიც ჩამოვა, დალურჯებულ-დასიებული ცემისგან, რომ დედამისი და ცოლიც ვერ იცნობს.

რაც შეეხება 20 წლის წინ დაწერილ სიმღერას, რომელიც რუსებმა ისაკის ტაძარში იმღერეს, თვითონ ამერიკელებს ამაზე ხმა არ ამოუღიათ, რუსები კი ხუმრობად თვლიან ამას. ჰიმნის ავტორმა თქვა კიდეც, თავის დროზე ვიხუმრეო.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაწყვეტა იმდენად დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის, რომლის ექსპორტის 10%-იც მოდის რუსეთზე, რომ წარმოუდგენელია ამ ნაბიჯის გადადგმა. ასევე, რუსეთიდან იმპორტიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამის უცებ შეწყვეტა და რაიმეთი ჩანაცვლება ძალიან ძნელი იქნება.

„მაინცდამაინც არც მე მომწონს, რომ ძალიან იზრდება რუსული ტურიზმი საქართველოში, ჩვენთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა ევროპული ტურიზმის გაზრდა, რომ უფრო მეტად დივერსიფიცირებული ყოფილიყო საერთაშორისო ტურიზმი, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება. მართალია, კარასინის განცხადება აღმაშფოთებელი იყო და აშკარად პროვოკაციულ შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ ბლოკადის აქტი შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენი ეკონომიკისთვის. აქ ფრთხილი მიდგომაა საჭირო. თუ ჩვენ სანქციებს გავატარებთ და თუნდაც რუს ტურისტებს არ შემოვუშვებთ საქართველოში, ეს შეიძლება რუსეთმა თვითონვე გააკეთოს და თავადვე აკრძალოს რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლა იმისთვის, რომ დაგვსაჯოს. ამიტომ ჯერ ისეთი პოლიტიკა უნდა გატარდეს, რომ თანდათანობით მოვშორდეთ რუსულ ბაზარს“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისივე განმარტებით, ოპოზიციამ, რომელიც გვთავაზობს, ახლავე შევწყვიტოთ რუსეთთან კონტაქტი, ჯერ გამოსავალი უნდა მოიფიქროს, რომელიც ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობის სხვა რეჟიმში გადაიყვანს. თორემ პოლიტიკურ საფრთხეზე რომ არაფერი ვთქვათ, ეკონომიკური და ფინანსური ზიანი გარდაუვალია.

„ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ვნახავდი, რომ რუსეთთან ვაჭრობა გვაქვს ნული და რუსი ტურისტების ნაცვლად დავინახავდი მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოში, მაგრამ ასე არ არის“.