მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით პროკურატურის ბრალდებები გაისმა, ცალკეულ ადამიანებში გაჩნდა ეჭვი, რამდენად უმწიკვლონი იყვნენ ხაზარაძე-ჯაფარიძე იმ საქმეში, სადაც არც თუ ისე უწყინარი-17 მილიონი დოლარის ოდენობით სასესხო თანხა ფიგურირებდა?!
„ოსტაპ ბენდერის სინდრომი საბანკო ინდუსტრიაში“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა საბანკო-საფინანსო სფეროს ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე TBC-ის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ცუცქირიძე ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გაჟღერებული ქრონომეტრაჟი ძალზე მძიმეა. კერძოდ, „თიბისი ბანკი“ მიუხედავად კომპანიებზე („სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“) გაცემული სესხების უიმედო კლასიფიკაციისა, აგრძელებდა ამ კომპანიების დაკრედიტებას, რაც კანონდარღვევაა.
საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე TBC-სთან დაკავშირებით პროკურატურის ბრიფინგს შემდეგი სიტყვებით ეხმაურება: „ანაკლიის პორტის მშენებლობა უნდა მივანდოთ ისეთ კომპანიას, რომ 2,5 მილიარდი სადმე ოფშორში არ აღმოჩნდეს. სანკტ-პეტერბურგის სტადიონს 15 წელი აშენებდნენ და დაგეგმილზე 10-ჯერ მეტი დაჯდა“.
პროკურატურის ვერსიიდან გამომდინარე, ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკმა“ გასცა 17 მლნ დოლარი სესხი კომპანიაზე, რომელმაც იმავე დღეს გადარიცხა ეს თანხა ბანკის მმართველების პირად ანგარიშებზე, საბოლოოდ კი ამ კომპანიებს მიანიჭეს უიმედოს სტატუსი და სესხის თანხის გადაუხდელად გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანეს, ანუ ჩამოწერეს. „არ შეაწუხეს თავდები პირები 17 მილიონის გამო?!.. ამ დროს მობილურის ან ტუალეტის ქაღალდის განვადების დარღვევის გამო „შავ სიაში“ შეჰყავხარ ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციას“,-კითხვები უჩნდება ამირან სალუქვაძეს.
პარალელურად, ვრცელდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკვეთრი განცხადებები. „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ გენმდივნის პოზიციით, საქართველო არის ომში, ამიტომ ანაკლია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ნატოს საზღვაო სარდლობის მეთაური კი გვარწმუნებს, რომ ანაკლიის პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას.
ვის უნდა ვანდოთ ანაკლიის პროექტი და რამდენად სარწმუნოა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით გამოთქმული პროკურატურის ბრალდება?!
ანალიტიკოს გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ, მართალია, პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ ცალკეულმა ადამიანებმა ემოციური განცხადებები გააკეთეს, თუმცა, თვით პროკურატურის განცხადებასაც თუ წავიკითხავთ, მივხვდებით, რა შუაშია აქ ოსტაპ ბენდერი და რა შუაშია ფულის გათეთრება?!
„პროკურატურის განცხადებასაც რომ გავყვეთ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, იქ ფულის გათეთრების ნიშნები არ შეიმჩნევა. დავუშვათ, დავიჯერეთ ყველაფერი, რაც პროკურატურამ დაწერა, მაგრამ სად არის აქ ფულის გათეთრება? ფულის გათეთრების ინკრიმინირება რა ლოგიკით ებმება ამ ყველაფერს? არასერიოზულია თანხების ჩამოწერაზეც ლაპარაკი, რადგან ხაზარაძე-ჯაფარიძეს რეალურად შემოსავალი არ მიუღიათ. დავუშვათ, მათ აიღეს ფული ბანკში, რომელიც მეანაბრეებს ედოთ დეპოზიტზე და ეს ფული რაღაც საქმეში გამოიყენეს, მაშინ მეანაბრეები დაზარალებულებად რატომ არ ცხადდებიან? ეს იმიტომ, რომ მერე იმ მენაბრეებსაც გაუსტუმრეს სხვა აქტივებიდან ეს ფული. ანუ რეალურად მათ ფული არ უშოვიათ, კი ბატონო, მათ აიღეს, გამოიყენეს ფული, მაგრამ პირველსავე მოთხოვნაზე, ვისი ფულიც იყო, მას უკან დაუბრუნეს და არ მოუპარავთ ეს ფული“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
რაც შეეხება ოფშორებს, ანალიტიკოსის მოსაზრებით, ოფშორსაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რეალურად ამ ადამიანებს მოგება არ მიუღიათ. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ სადღაც რაღაც ფული აიღეს და მიითვისეს, ფული ჰაერიდან ხომ არ ჩნდება, ეს ხომ ვიღაცის ფული იყო? იმ ვიღაცას თუ ეს ფული დაუბრუნეს და ის არ არის დაზარალებული, მაშინ კითხვა ისმის, რომელი ფული გაათეთრეს, რა იყოს ამ ფულის წყარო და, თუკი გაათეთრეს, რანაირად გაათეთრეს, როცა მას უკან დაუბრუნეს ის თანხა, ვისიც იყო?!
გია ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება უკვე აბსურდშია. ფულის გათეთრებით აპელირება კი იმიტომ სჭირდებათ, რომ ხანდაზმულობის ვადაში პრობლემები აქვთ. ამიტომაც იძახიან, ფულის გათეთრება მოხდაო.
რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს კომერციული თემაა და აქ ხაზარაძის ნდობაზე არ არის საუბარი. ანალიტიკოსი უკვე ძალზე სკეპტიკურად უყურებს ამ პროექტს, რადგან „თიბისისთან“ დაკავშირებულ ყველა საკითხს იმხელა ზიანი მიადგა, საეჭვოა, ანაკლიის საქმიდანაც რაიმე გამოვიდეს.
„ცხადია, მე მაქვს ჩემი მოსაზრება ანაკლიის პროექტის მიზანშეწონილობის ან მიზანშეუწონლობის შესახებ, მაგრამ დეტალებზე არ ვისაუბრებ მანამ, სანამ ამ თემას ამხელა სიმწვავე აქვს“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „თიბისის“ საქმეში ხელისუფლების სახელი გაერია და უკვე ახლებურად ისმის საკითხი, ღირს თუ არა იმ ადამიანების ნდობა, ვინც ოფშორში გადაიტანა ფული.
„კამათობენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების ინტერესშია მიმდინარე პროცესი, მაგრამ გინდ ადრეულ, გინდ ახლანდელ კითხვებზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან თვითონ „თიბისი ბანკის“ საქმე არაა დასრულებული და, როგორც ერთი, ისე მეორე დამფუძნებელი: ხაზარაძე და ჯაფარიძე თავს არ თვლიან დამნაშავეებად. პირადად მე ჩვეულებრივი ინფორმაციით ვსარგებლობ და არ მაქვს წვდომა ექსკლუზიურ მასალასთან, მაგრამ, ცხადია, ძალიან მძიმეა ფონი, როცა 11 წლის შემდეგ უცბად დამნაშავედ გაცხადებენ, თანაც, დამნაშავედ გაცხადებენ ისეთ რამეში, რაც მინიმუმ არალოგიკურია, რადგან, თუ უნდა გათეთრებულიყო შავი ფული, ეს შავი ფული ამ საქმეში რატომ არ ფიგურირებს?! ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, მომხდარს ფულის გათეთრების კლასიფიკაცია როგორ უნდა მივანიჭოთ“,-აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ამ არეულობიდან გამომდინარე, პოლიტოლოგს უჭირს იმის გადაწყვეტით თქმა, რომ ეს ორი ფიგურა - ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავეა და მათი ნდობა შეუძლებელია. მისი თქმით, ჯერ ისიც არ ვიცით, ისინი დამნაშავები არიან თუ არა და საერთოდ რა დგას ამ პრობლემის უკან.
შეგახსენებთ, მთავარმა პროკურატურამ საზოგადოებას „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები გააცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2008 წელს შპს „სამგორი თრეიდმა“ და „სამგორი M“-მა „თიბისი ბანკისგან“ სათანადო უზრუნველყოფის გარეშე დაჩქარებული წესით 17 მლნ აშშ დოლარის სესხი მიიღეს. ეს თანხა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ასევე, ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას. უფრო მეტიც, 2012 წელს „თიბისი ბანკმა“ შპს „სამგორი თრეიდი“ და „სამგორი M“ საერთოდ გაათავისუფლა ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან. „თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით ჩაანაცვლა.
პროკურატურის ბრალდების საპასუხოდ, „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის დამფუძნებელმა ავთო წერეთელმა განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა, აღებული კრედიტი მის განკარგულებაში იყო და ვისაც სურდა, იმას მისცემდა. „რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია“, - ამტკიცებს ავთო წერეთელი.