მსახიობებს დატვირთული და ამავდროულად საინტერესო ცხოვრება გააჩნიათ. ისინი მუდმივად დაკავებულები არიან. სპექტაკლებში მონაწილეობას სხვადასხვა კინოფილმებში გადაღებები ენაცვლება, მოგზაურობაც ხშირად უწევთ და რა გასაკვირია, რომ ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ყოველთვის აქვთ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ და დღევანდელ წერილშიც მათ მორიგ “ისტორიებს” გაგაცნობთ.
ცნობილი მსახიობი ზეინაბ ბოცვაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „სამოციანი წლების შუა პერიოდი იყო და თეატრთან ერთად ცხინვალში ვიმყოფებოდი გასტროლებზე. ზამთარი იდგა და საკმაოდ ციოდა. ისე მოხდა, რომ მე და ძია კარლო ყველაზე გვიან გამოვედით თეატრიდან და სასტუმროში ფეხით გავემართეთ. ძია კარლო რეკვიზიტორი იყო, დიდი სამამულო ომის მონაწილე, ინვალიდი და ახალგაზრდა მსახიობების მიმართ მამობრივ მზრუნველობას იჩენდა. ერთი სიტყვით, მივაბიჯებთ დათოვლილ ქუჩაზე. ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმის. უცებ, სიბნელიდან ორი ახალგაზრდა გამოგვიხტა. უზარმაზარი ხანჯლები იშიშვლეს და გვიბრძანეს:
– ჩქარა ფული და ოქრო მოგვეცით, თორემ დაგხოცავთო.
მე, რა თქმა უნდა, შემეშინდა და განზე გავხტი. ძია კარლომ კი ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო. მარცხენა ფეხში ჩაირჭო. შემდეგ მარცხენა თვალი გამოიდღლიზა, გადაყლაპა და ყაჩაღებს უთხრა:
– აბა, მოდით ახლა, თუ მაგრები ხართ და ნახავთ, რაც მოგივათო.
გადაყლაპული თვალისა და ფეხში ჩარტყმული დანის ეფექტი იმდენად დიდი იყო, რომ მძარცველები თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ. ძია კარლომ კი ხის ფეხიდან დასაკეცი დანა ამოიძრო, ჯიბეში ჩაიდო და მითხრა:
– ახალი შუშის თვალის ჩასმა მომიწევს. წამო, შვილო, წავიდეთ, თორემ ცივაო.
საქმე ის იყო, რომ ნაფრონტალ ძია კარლოს ერთი ფეხი ხის ჰქონდა და ცალი თვალი კი – შუშის, რომლებიც ფრონტზე დაკარგა“.
ცნობილი მსახიობი გია ფერაძე ამ ისტორიას ხშირად იგონებდა: „ევროპაში ყოფნის დროს, გერმანიიდან ავსტრიაში გადავედი. ვენაში ერთი ჯიგარი ტიპი გავიცანი – ჩემი კოლეგა იყო. ადგილობრივი შავკანიანი, ნახევრად გერმანელი (დედით), სახელად – კურტი. მან მთელი ვენა შემომატარა და დამათვალიერებინა. ერთხელ მეტროში ვართ. ვენის მეტროში ბილეთი უნდა შეიძინოთ, რომელზეც დროა აღნიშნული. იქ კონტროლიორები იშვიათად შედიან და ადამიანს შეუძლია, მთელი დღის განმავლობაში დაუსრულებლად იმგზავროს. მაგრამ, თუ კონტროლიორი შემოვიდა და უბილეთოდ დაგაფიქსირათ, სოლიდური ჯარიმა არ აგცდებათ, ფინანსური სანქციისგან ვერაფერი გიხსნით. ვაგონში შევედით და დავსხედით. კურტი ჩიპსებს მიირთმევდა, მე კი ვაგონში მყოფებს ვათვალიერებდი. ჩვენ მოპირდაპირედ სამოცდაათ წელს გადაცილებული, კარგად გამოპრანჭული ქალი იჯდა კოპებშეკრული „როჟით“, აშკარად ნაციონალისტი. ჩამოსულები რომ არ „ევასება“. ეს ქალი კურტს უყურებდა, თან მის მიმართ ათას სისაძაგლეს ბურტყუნებდა: „ჩამოსულები, ბინძურები, მათგან საშველი არ გვაქვს...“ ხუთი გაჩერება ისე გავიარეთ, რომ ქალს ენა არ გაუჩერებია, ხმას უფრო და უფრო უმატებდა და სალანძღავი სიტყვებიც არ ელეოდა. კურტი ოლიმპიური სიმშვიდით უსმენდა მას და ჩუმად განაგრძობდა ჩიპსების ჭამას. მეექვსე გაჩერებაზე ვაგონში კონტროლიორი შემოვიდა. სკამებს ჩამოუყვა და ბილეთებს ამოწმებდა. იმ ქალს ბილეთი თითებშუა ჰქონდა გაჩრილი და კვლავ ილანძღებოდა. როდესაც კონტროლიორი ბილეთს იმ ქალის გვერდით მჯდომს უმოწმებდა, კურტი მკვეთრად გადაიწია, ქალს ბილეთი გამოსტაცა და ჩიპსებთან ერთად სწრაფად გადასანსლა. ქალი გაშრა და ენა ჩაუვარდა. კონტროლიორი ახლა მას მიუბრუნდა და უთხრა:
– ფრაუ, თქვენი ბილეთი მაჩვენეთ.
მლანძღველმა კურტისკენ გაიშვირა ხელი და მიუგო:
– აი, იმ ზანგმა შემიჭამაო...
კონტროლიორი ჩვენკენ შემობრუნდა, კურტმა მას ბილეთი უჩვენა, გაუღიმა, საფეთქელზე თითი მიიდო და ქალზე ანიშნა, რაც იმას ნიშნავდა – ალბათ, გიჟიაო. კონტროლიორმა ქალს ვაგონიდან გასვლა მოსთხოვა და პოლიციაში ჯარიმის გამოსაწერად წაიყვანა“.
ცნობილი კინორეჟისორი გია დანელია ასეთ ისტორიას იხსენებს: „არ დაიდარდოში“ არის ერთი ეპიზოდი, რომელშიც უზარმაზარ კაკლის ხეზე, „შარმანკით“ შემომჯდარი იპოლიტე ხვიჩია მოქეიფე მღვდლისთვის უკრავს. ამ სცენაში იპოლიტეც და „შარმანკაც“ მაგრადაა ხეზე მიბმული სპეციალური ბრეზენტის ქამრებით. ჩამოვარდნის საწინააღმდეგო ეს მოწყობილობა საგანგებოდ „მოსფილმში“ დაამზადეს. ქამრები ფოლადის კლიტით იკეტებოდა და გასაღები ჩვენს რეკვიზიტორს, ტოლიას, ებარა. ქამრები, რა თქმა უნდა, კადრში შენიღბულია და არ ჩანს.
ეს სცენა მცხეთაში, მტკვრის პირას, თითქმის უკაცრიელ ადგილზეა გადაღებული და ცვალებადი ამინდის გამო, მისი გადაღება გაგვიჭიანურდა. როგორც კი იპოლიტეს „შარმანკასთან“ ერთად ხეზე ავიყვანდით, დავაბამდით და გადაღება უნდა დაგვეწყო, ამინდი შეიცვლებოდა და ჩვენი ოპერატორი, ვადიმ იუსოვი დაიძახებდა: „ატბოი, პერერივ!...“ ვინ იცის რამდენი ასეთი „პერერივი“ გვიწევს ფილმების გადაღებისას და ამინდის კეთილგანწყობის მოლოდინით გატანჯული მსახიობები, ერთმანეთს სხვადასხვა „შტუკებს“ უტარებენ ხოლმე. გამონაკლისი არც „არ დაიდარდო” იყო და მასში მონაწილე მსახიობებიც „შტუკაობდნენ“.
განსაკუთრებით ბატონი იპოლიტე აქტიურობდა, რომელსაც აბესალომ ლორია ჰყავდა გამწარებული და ხან რას უკეთებდა და ხან – რას. აბესალომს ყელში რომ ამოუვიდა, იპოლიტეს დამუქრა: კაცი არ ვიყო, თუ არ გაწუწუნეო. ერთხელაც, ხეზე შემომჯდარი იპოლიტეს ეპიზოდს ვიღებთ და იუსოვმა მორიგი „ატბოი“ დაიძახა და ამინდის გაფუჭების გამო სხვა ეპიზოდის გადასაღებად წავედით. იპოლიტე კი ხეზე დარჩა, რადგან ზევით-ქვევით სირბილი მობეზრდა და ჩამომძახა, თუ ამინდი არ გამოსწორდა, ტოლია გამოგზავნე და ჩამომიყვანოსო. თან, ლუდი მოწრუპა და ქაბაბიც დააყოლა, რაც ხეზე ჰქონდა მოყუჩებული. სხვა ეპიზოდი მალე გადავიღეთ. შემდეგ, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი მცხეთის პარტიულმა ხელმძღვანელობამ რესტორანში წაგვიყვანა და ტოლიას ვუთხარი, იპოლიტე ხიდან ჩამოეხსნა და რესტორანში მოსულიყვნენ. ჩვენ რესტორანში წავედით და მთელი ღამე ვქეიფობდით. შუაღამეს გამახსენდა ტოლიასთვის მიცემული დავალება, მაგრამ არც ტოლია ჩანდა და არც იპოლიტე. ჩემ წინ აბესალომ ლორია იჯდა და იმას ვკითხე:
– მე რომ ტოლიას იპოლიტეს ხიდან ჩამოყვანა დავავალე, შენც იქ იყავი და ხომ არ იცი, რა ქნა-მეთქი?
– ვიცი. ტოლიამ იპოლიტე ჯერ ხიდან მოხსნა და მერე თავის ნომრამდე მიაცილა, რადგან შეუძლოდ იყოო, – მიპასუხა აბესალომმა.
ტოლიას დალევა უყვარდა და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რესტორანში რომ არ მოვიდა, მაგრამ რას ვიზამდი, ქეიფი გავაგრძელე...
მეორე დილას ისეთი მშვენიერი ამინდი გამოვიდა, რომ მთელი ღამის ნაქეიფრებს მისი ხელიდან გაშვების უფლება არ გვქონდა – ხის სცენის გადასაღებად გავემართეთ. ჩემს ასისტენტს კი იპოლიტეს მოყვანა დავავალე. მივედი და რას ვხედავ, საცოდავი იპოლიტე ისევ ხეზეა, თავი „შარმანკაზე” დაუდია და სძინავს... საქმე კი ის იყო, რომ აბესალომ ლორიას ტოლიასთვის ორი ბოთლი არაყი „დაუდგამს“, დაუთვრია და სასტუმროში მიუყვანია დასაძინებლად, თან უთქვამს, – იპოლიტეს მე ჩამოვხსნიო. იპოლიტე კი მთელი ღამით უკაცრიელ მტკვრის ნაპირზე დატოვა. ის საცოდავი კი, სანამ ძალები ჰქონდა, მთელი ღამე „შარმანკაზე“ უკრავდა, იქნებ ვინმეს გავაგონო და ჩამომხსნასო”.
ხვალ, რომში მიდიან ჩვენი დროის გმირები ხომ?!
ამათ რა ეშველებათ, ამ უბედურებს ჰა?!