რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტის მოულოდნელმა მერყეობამ ყველა შეაშფოთა

რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტის მოულოდნელმა მერყეობამ ყველა შეაშფოთა

იმის ნაცვლად, რომ ლარი მყარდებოდეს, ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელად რყვევა და გაუფასურება დაიწყო. ყველასათვის ცხადია, რომ თებერვლიდან მოყოლებული ლარისთვის სტაბილური პერიოდია, ამიტომ მის ასეთ უცნაურ ქცევას არავინ ელოდა.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, „ფენიქს 1970“-ის ანალიტიკოსი ნიკოლოზ შენგელია ლარის გაუფასურების დაწყებას მიმდინარე წლის 5 მარტიდან ელოდებოდა, თუმცა მოვლენები უფრო დაჩქარდა. მისი თქმით, მოცემულობა ორი ძირითადი ფაქტორით აიხსნება:

„კურსის რყევების პირველი მიზეზია ის, რომ რეზერვების შევსების მიზნით ეროვნული ბანკი ყოველ კვირა ყიდულობს 15 მლნ დოლარს და მიმოქცევაში ლარს უშვებს დიდი ოდენობით. მეორე მიზეზია ის, რომ დიდი ოდენობით თანხები მიემერთება ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ, ანუ ხდება ბიუჯეტიდან თანხის გადინება, ანუ ფულადი მასის ზრდა“, - ამბობს შენგელია.

არსებული გარემოება დიდი ზიანის მომტანი არ არის უშუალოდ ეკონომიკისთვის, სამაგიეროდ მოსახლეობისთვის საკმაოდ წამგებიანია. მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს შეეძლო ამჟამინდელი რყევა თავიდან აერიდებინა თუკი შედარებით ნაკლები მოცულობით დოლარს შეისყიდიდა.

„ყოველ კვირა 15 მლნ-ის ნაცვლად, ვთქვათ, 5-5 მლნ დოლარი რომ შეესყიდათ, კურსის რყევას თავიდან ავირიდებდით. მეტიც, სებ-ს თავისუფლად შეეძლო როდესაც კურსი დასტაბილურდებოდა 2.55-ის ფარგლებში, ამის შემდეგ დაეწყო დოლარის შესყიდვა“,- ამბობს ნიკოლოზ შენგელია.

„კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ არ მიმართა ეროვნულმა ბანკმა ალტერნატიულ გზას, ანალიტიკოს ამ შემთხვევაშიც ყურადღებას უწყების პოლიტიკაზე ამახვილებს:

„ეროვნული ბანკი თავისი პოლიტიკით არასდროს მუშაობს ხალხის საკეთილდღეოდ. ამაზე მეტყველებს თუნდაც ბოლო პერიოდში ამოქმედებული რეგულაციებიც. შედეგად მივიღებთ იმას, რომ მარტის თვეში მზარდი ტენდენცია შენარჩუნდება და კურსი 2.70-72 ფარგლებში იმერყევებს“, - აცხადებს შენგელია.

ლარის მოულოდნელი რყევის სხვაგვარ მიზეზებს ასახელებს საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა. მისი აზრით, კომერციული ბანკების მხრიდან შეგნებულად მოხდა ფულადი მასის გადინება ქვეყნიდან, რითაც შეიძლება აიხსნას ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი. ამ კუთხით ლარის კურსზე გარკვეული გავლენა „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებმა მოახდინა.

„საქართველოში არ არსებობს არანაირი ობიექტური ნიშნები, რაც ლარის კურსის ზუსტი პროგნოზის საფუძველს გვაძლევს. ყველაფერი დამოკიდებულია კომერციული ბანკების აქტივობაზე, ანუ მათ მიერ ვალუტით ვაჭრობაზე, რაც „ბლუმბერგის“ მონაცემითაც აშკარაა. ცხადია, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან - „თიბისი ბანკის“ მიმართ სებ-ის ასეთი მძინვარებით ყველა კომერციული ბანკი დაშინებულია.

შესაბამისად, არ არის გამორიცხული, კომერციული ბანკები ცდილობენ, ქვეყნიდან სავალუტო რესურსი გაიტანონ, დიდი ალბათობით, ამას შეეძლო, სავალუტო რყევა გამოეწვია. ველოდები, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გასტანს, მაგრამ განმეორება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია სებ-ის ქცევა და კომერციული ბანკების ქმედება. თუკი შეეშინდებათ, ისინი კიდევ გაიტანენ საქართველოდან ფულს“, - განაცხადა ელიავამ.

ბ ა ტ ო ნ ი 420 -----
ყოველ კვირა 15 მილიონი, თვეში გამოდის 60 მილიონი ხომ? ტარა ანგარიშით არ არის? ეხლა გადავამრავლოთ წლებზე და გამოდის, რომ მსოფლიოს ბიუჯეტი გვქონია ბანკში და კიდევ ფულზე ვტირივართ? თუ გვარს და სახელს არ დავასახელებ, იმის ჯიბეში ილექება? ჰა? თვეში 60 მილიონი, წელიწადში 720 და შვიდი წლის მანძილზე ხუთ მილიარდს კი აცდა.
ყველაფერი ემთხვევა, ხუთ მილიარდზე ცოტა მეტი აქვსო რომ ამბობდნენ, არ მეჯერა და ეგე! თურმე დაიანგარიშე და დეიჯერებ...მარა, ნუთუ ეგრე გაუჭირდა, რომ....„„ნე მოჟეტ ბიტ!““
5 წლის უკან