ბოლოდროინდელ მოვლენათა გამო „თიბისის“ კაპიტალიზაცია 26,04 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა და აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარით იზარალეს.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ „თიბისის“ საქმე პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს და საქართველოში შემომავალ ინვესტიციებზეც უარყოფითად აისახება? რამდენად მართალია მამუკა ხაზარაძე, როცა ამბობს, რომ საბოლოოდ მიხვდა, კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული და სწორედ წარმატებულებს ებრძვიან?
ვისთვის წესდება ლიმიტი საქართველოში, იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც თანხმობაში ვერ მოდიან ხელისუფლებასთან?
საბანკო სფეროს ექსპერტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „თიბისის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები ძალზე ცუდი პრეცედენტია. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ბიზნესის „ახევის“ მწარე გამოცდილება წინა ხელისუფლების პერიოდში, იმავეს გამეორება ახლა არის საშიში პრეცედენტი არა მარტო ჩვენთვის, ანუ შიდა სარგებლობისთვის, არამედ უცხოელი ინვესტორებისთვის. უცხოელებმა თუ იფიქრეს, რომ საქართველოში კერძო საკუთრება არაფერს ნიშნავს და სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია კერძო საკუთრება წაგართვას, ასეთ ქვეყანაში ბიზნესის კეთება და ფულის ჩადება არავის მოუნდება. ტურისტებსაც კი არ მოუნდებათ ჩამოსვლა ასეთ ქვეყანაში, სადაც ბიზნესს ატერორებენ.
„მე ველი, რომ, როდესაც „თიბისი ბანკის“ აქციები და საერთოდ მათი ბიზნესის ღირებულება ორჯერ შემცირდება, უკვე რეალურად დადგება გაიაფებული ბანკის გაყიდვის საკითხი. სამწუხაროდ, ამ სცენარს ვვარაუდობ. იმედია, საქმე აქამდე არ მივა, თორემ აშკარად უნდათ „თიბისი ბანკის“ მფლობელთა გამოცვლა. აქ მთავარია, რომ საქართველოში ორი კომერციული ბანკი და გარკვეული რაოდენობის ბიზნესმენები უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე მთლიანად სახელმწიფო, თავისი ფინანსური თვალსაზრისით. ნებისმიერ სახელმწიფოს ყოველთვის უჩნდება იმის შიში, რომ დიდი ფული, ანუ ძლიერი სტრუქტურა ბიზნესმენმა შეიძლება წარმართოს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს სუსტი ხელისუფლების სინდრომია. სწორედ ხელისუფლების შიში განაპირობებს იმას, რომ მათ უნდათ უმართავი მფლობელების შეცვლა მართვადი მფლობელებით“,-აცხადებს ლია ელიავა.
ამასთან, განმარტავს, რომ კანონით ნებადართულია, კომერციულ ბანკს ჰქონდეს საბაზრო წილის 40%-მდე და ჩვენში ეს არ ითვლება სასწაულად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებში 20-25% საბაზრო წილი უკვე მონოპოლიად ითვლება და სახელმწიფოები ებრძვიან, რომ ეს მონოპოლიები არ გაიზარდონ და არ გაიბერონ. ამიტომ აჯობებს, ჩვენმა ხელისუფლებამ შეცვალოს კანონმდებლობა, რადგან ბიზნესთან ამგვარი ბრძოლა არ შეიძლება.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა ხაზარაძესთან მიმართებით, რომლის თავიც და ბოლოც პირადად მან ვერ გაიგო. თავდაპირველად მამუკა ხაზარაძემ გადაწყვიტა სამართლებრივი წინააღმდეგობის გაწევა და მომხდარი გაასაჩივრა, მერე უკან წაიღო ეს სიტყვები, დატოვა თანამდებობა საკუთარ ბანკში. ეს გაუგებარი პროცესია და თავიდან ბოლომდე ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რაღაცები ისევ ჩრდილში გვარდება.
„ეს ღია პროცესი არ არის, რაღაც მძლავრი ეკონომიკური ჯგუფები არსებობს და, გვინდა, არ გვინდა, კითხვები მაინც ბიძინა ივანიშვილისკენაა მიმართული. მე არ ვიცი, ვინ მართალია, ვინ მტყუანი, მაგრამ სამართლებრივად თუ შევხედავთ ამ საქმეს, აბსოლუტურად გაუგებარია ეროვნული ბანკის პოზიცია. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება იყო თავხედური, უტიფარი. ასეთი უტიფრობა მახსენდება მარტო სააკაშვილის დროს. ყველაფერს თავისი ხანდაზმულობის ვადა აქვს და როგორ შეიძლება, 11 წლის წინანდელ გადაცდომაზე დღეს მიიღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება. მართალია, ეროვნული ბანკი მარეგულირებელი ორგანოა, მაგრამ კერძო სტრუქტურაში ასეთი ჩარევის უფლება არ აქვს. თუკი ხაზარაძემ დანაშაული ჩაიდინა, ეს დანაშაული ჯერ უნდა დადასტურდეს. უდანაშაულობის პრეზუმპცია ხომ მოქმედებს ამ ქვეყანაში?!“ - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ მომხდარი ინვესტიციებზე ცუდად იმოქმედებს, რადგან ხელისუფლების სიტყვა უკვე სანდო აღარ იქნება.