„ხალხს დღემდე ჰგონია, რომ სტალინური რეპრესიების დროს მათი ახლობლები გადასახლებაში დაიღუპნენ, სინამდვილეში, ბევრი მათგანი დახვრიტეს“

„ხალხს დღემდე ჰგონია, რომ სტალინური რეპრესიების დროს მათი ახლობლები გადასახლებაში დაიღუპნენ, სინამდვილეში, ბევრი მათგანი დახვრიტეს“

1921 წლის 25 თებერვალს 12.00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ისტორია დასრულდა და საქართველო ოკუპაციის ქვეშ მოეცა. თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტაკება ჰქონდა. ჟორდანიას მთავრობა ბათუმში გადავიდა, მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. თუმცა იმავე წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. საქართველოში დარჩენილი პატრიოტი ადამიანებისთვის კი სტალინური რეპრესიების სისხლიანი კალო დატრიალდა...

1953 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ უამრავი დეპეშა დაიგზავნა გადასახლებაში მყოფ ადამიანებთან საქართველოდან. დეპეშების ტექსტი მოკლე იყო „გილოცავთ დაბადების დღეს“. ამ შინაარსის დეპეშები ბევრმა ადამიანმა მიიღო საკუთარი ნათესავებისგან, მეგობრებისგან. ფოსტის თანამშრომლები გაოცებულნი იყვნენ, „თქვენ, ქართველები რა, სულ ერთ დღეს დაიბადეთ“?! - ასეთნაირად იხსენებდა გადასახლებაში ყოფნის დეტალებს ბაბო დადიანი და დასძენდა, რომ სტალინის შემდეგ გადასახლებულთათვის ვითარება საგრძნობლად შემსუბუქდა. დაიწყო გათავისუფლებები, ჩამოდგებოდა ეშელონი და ნაწილ-ნაწილ მიჰყავდათ გადასახლებულები.

ციმბირში გადასახლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა მღვდელმთავარი ეფრემ სიდამონიძე, მოგვიანებით ის საქართველოს პატრიარქიც გახდა, მაგრამ არაფერს ყვებოდა გადასახლების შესახებ, იმდენად მძიმე მოგონებად დარჩა საბჭოთა „ლაგერი“, როგორც ის საბჭოთა გულაგს უწოდებდა. სამწუხაროდ, გადასახლებიდან ვერ დაბრუნდნენ გიორგი მაჭავარიანი, ნიკოლოზ ოქრომჭედლიშვილი, არსენ ჯანელიძე, ნესტორ ჯალაღონია და სხვები, რომლებიც არავინ იცის, რა ვითარებაში გარდაიცვალნენ. არასწორი საარქივო პოლიტიკის გამო ძნელია, იმაზე მსჯელობა, კონკრეტულად სად გადაასახლეს ეს ადამიანები და რა ვითარებაში დაიღუპნენ.

სად იყო განლაგებული საბჭოთა გულაგები და რა ხდებოდა ამ ბანაკებში?! ამის შესახებ For.ge-ს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ესაუბრა.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, სად იყვნენ ზემოთ აღნიშნული სასულიერო პირები გადასახლებულნი, რადგან ჩვენთვის ციმბირი ასოცირდება გულაგთან. იყო თუ არა სხვა გულაგებიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე?

- ეს სასულიერო პირები სტანდარტულად იმავე პირობებში იმყოფებოდენ, როგორც ძალადობის ნებისმიერი მსხვერპლნი. რეალურად, გულაგი იყო უზარმაზარი ქსელი. რატომღაც ჩვენ გვგონია, რომ საქართველო ცალკე იყო და გულაგი სადღაც ციმბირში გვეგულება, სინამდვილეში, გულაგი თითქმის ყველა რესპუბლიკაში იყო და ე.წ. შრომაგასწორების კოლონიებს წარმოადგენდა, თავისი საპატიმროებით, ბანაკებით.

საქართველოშიც იყო ასეთი ქსელი?
- საქართველოში 50-იანი წლების ბოლომდე ასობით შრომა-გასწორების კოლონია, ბანაკი იყო. მათ შორის, თბილისშიც ბევრი ბანაკი იყო, რუსთავშიც, თითქმის ყველა რეგიონში იყო მსგავსი ბანაკები რამდენიმე წლის განმავლობაში მოწყობილი. ახლა ვმუშაობთ ამ ქსელის შესწავლაზე, ფიზიკური კოორდინატების დაზუსტებაზე, თუმცა მანამდე, რაც ზეპირად ვიცით, ეს არის ასზე მეტი სხვადასხვა ბანაკი. 1937-38 წლებში, როდესაც ადამიანებს სტანდარტული ათი წლით, რვა წლით, ან 5-6 წლით ასახლებდნენ ბანაკებში, ძირითად მასას მაინც აგზავნიდნენ შორს, ანუ ადგილზე ისინი არ უნდა დაეტოვებინათ. შეიძლება, ციმბირში არ გაეგზავნათ, მაგრამ ციმბირს იქითაც, კამჩატკაზე, სახალინზე, ან უკიდურეს ჩრდილოეთშიც ისტუმრებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი შრომა-გასწორების კოლონია, სადაც ადამიანს საშინელ პირობებში უწევდა დღედაღამ შრომა, საშინელი კვების, დამცირების ატანა. რეალურად, ეს იგივე სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა, ოღონდ ცოტა გახანგრძლივებული ტანჯვით. ფიზიკური წამება ბანაკებში უკვე აღარ ხდებოდა, სპეციალურად ამას არავინ აკეთებდა, მაგრამ ისეთი პირობები იყო შექმნილი, რომ ნებისმიერი დარღვევისთვის რეჟიმი სიმკაცრეს ავლენდა. თანაც, ეს იყო უუფლებო მასა ადამიანების, რომელთა წინააღმდეგაც ბადრაგს ან ნებისმიერ მოხელეს შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა, რისი სურვილიც ჰქონდა.

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კოლონიებში მყოფ ადამიანებს მეორე მსოფლიო ომში წინა ხაზზე აგზავნიდნენ, როგორც საზარბაზნე ხორცს.

- ეს არავის შეუსწავლია. ნომინალურად, კოლონიებში მოხვედრილი სასულიერო პირები არც ითვლებოდნენ მღვდელმსახურებად, ესენი იყვნენ ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქეები.

მათი გადასახლება, როგორც წესი, მიმოწერის გარეშე ხდებოდა. ეს კი, რიგ შემთხვევაში, დახვრეტასაც ნიშნავდა.

- დიახ, სტანდარტი ასეთი იყო, მათ მიმოწერის გარეშე ასახლებდნენ. მოგეხსენებათ, 1937-38 წლების ტერორის დროს პატიმრების ძალიან დიდი მასა იყო. ნათესავები მაინც ცდილობდნენ, დაპატიმრებულებთან კავშირის შენარჩუნებას, პროდუქტებით მათ მომარაგებას. ამ დროს ამ პატიმრების დახვრეტის გადაწყვეტილება მიიღებოდა ძალიან სწრაფად. იმის გამო, რომ არ გავრცელებულიყო ხმები მათი მასობრივი დახვრეტის შესახებ, ათ და ას ადამიანს ერთად არ გაეგო, რომ მათი ახლობელი დახვრეტილი იყო და საზოგადოებაში ეს არ გავრცელებულიყო, ამიტომ საბჭოთა რეჟიმი ზოგჯერ თვალის ასახვევად აგრძელებდა ამანათების მიღებას. უბრალოდ, სპეციალური დადგენილებით აფრთხილებდნენ დაპატიმრებულთა ნათესავებს, რომ მათი ახლობელი გადასახლებული იყო ათი წლის ვადით მიმოწერის უფლების გარეშე და მათთან კონტაქტის არანაირი იმედი არ უნდა ჰქონოდათ ნათესავებს. გავიდა ეს ათი წელი, 1947-48 წლები დადგა, ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ოჯახი მუდმივად აგზავნიდა ფულს, პროდუქტს თავიანთი „გადასახლებულებისთვის“. რეალურად კი ისინი უკვე წლების წინ დახვრეტილნი იყვნენ. სამაგიეროდ, საბჭოთა რეჟიმი იღებდა მათ ამანათებს და იყენებდა სათავისოდ. ათი წლის შემდეგ გადასახლებულთა ახლობლებმა მოითხოვეს, რომ გავიდა აკრძალვის ვადა და გაგვაგებინეთ, სად იხდის სასჯელს ჩვენი ახლობელი, რათა მიმოწერის უფლება გვქონდეს და განვაახლოთ ურთიერთობაო. ამის შემდეგ გამოვიდა სპეციალური დადგენილება, რომ დახვრეტილთა ნათესავებს, რომლებიც მცდარად ინფორმირებულნი არიან, თითქოს მათი ახლობლები ათი წლით არიან გადასახლებულნი, დაეგზავნოთ ყალბი გარდაცვალების ცნობები, სადაც ეწერება, რომ ესა თუ ის ადამიანი გარდაიცვალა ამა და ამ წელს (1941-ში, 43-ში, 47-ში) რომელიღაც მხარეში გულის უკმარისობით და სხვა დაავადებით. შესაბამისად, დღესაც ბევრმა არ იცის და ჯერ კიდევ ჰგონია, თითქოს მისი ოჯახის წევრი გადასახლებული იყო მიმოწერის უფლების გარეშე. რეალურად, შესაძლოა, ის ადამიანები მაშინვე დაეხვრიტათ. ეს ძირითადად 1937-38 წლების კატეგორიას ეხება.

როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზაცია დახვრეტის ადგილებს თბილისის მიდამოებშიც ეძებს. მთლიანობაში, რამდენი ადამიანია დახვრეტილი საქართველოს მასშტაბით?

- 1937-38 წლებში დაახლოებით 10-12 ათასი ადამიანი თბილისის მიდამოებშია დახვრეტილი. ამას ემატება უფრო ადრეული და შემდგომი პერიოდის რეპრესიებიც და მსხვერპლთა რიცხვიც, შესაბამისად, მეტია.

tngh სამწუხაროდ, საზოგადოებაში დღესაც ბევრი "ნაციონალ-ბოლშევიკია", რომლებიც სიამოვნებით გახდებოდნენ XX საუკუნის 30-ანი წლების ცნობილი "ტროიკების" მოხალისე წევრები და დიდი სიამოვნებით დახვრიტავდნენ ხალხს დემოკრატიის და სამართლიანობის დამკვიდრების საბაბით. იმ წლებშიც დამხვრეტავები გერმანიაშიც და სსრკ-შიც დემოკრატიას და სამართლინობას "ამკვიდრებდნენ".
5 წლის უკან