ვენესუელაში პოლიციის მობილიზაცია გამოცხადდა, რადგან აშშ-მ ქვეყნის საზღვართან შვიდი გემი და ბალისტიკური რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა. „იმპერია გაგიჟდა და ვენესუელის წინააღმდეგ მუქარა განაახლა“, - აღნიშნა ვენესუელას პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, აშშ მიზნად ისახავს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციას.
ბოლივარიული ეროვნული პოლიცია 2009 წელს, უგო ჩავესის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა და 2020 წელს, ოფიციალურად, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. მოხალისეებს ევალებათ, საჭიროების შემთხვევაში, სამხედროებთან ერთად ქვეყანა დაიცვან. მადუროს მიერ გაკეთებულ განცხადებამდე, ოფიციალური მონაცემებით, პოლიციას 4.5 მილიონი მოხალისე ჰყავდა. ამჟამად არ არის დაკონკრეტებული, რამდენი მოხალისე დარეგისტრირდა PNB-ში.
ვაშინგტონსა და კარაკასს შორის ურთიერთობა იმიტომ დაიძაბა, რომ დონალდ ტრამპმა ფარულად მოაწერა ხელი დირექტივას, რომლის მიხედვითაც, ლათინოამერიკელი ნარკოკარტელების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება იქნება შესაძლებელი.
ნარკოტიკების ქარავნებთან ბრძოლა
ტრამპმა, პირველი ვადის განმავლობაში, მადურო ნარკოტერორიზმსა და კოკაინის იმპორტის ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ამასთან, აშშ-ის ხელისუფლებამ მადუროს „ჩაშვებისთვის“ და დაჭერისთვის, ჯილდოდ ჯერ 15 მილიონი დოლარი დააწესა, შემდეგ თანხა 25 მილიონამდე გაზარდა და ახლა ამ თანხამ 50 მილიონ დოლარს მიაღწია. აშშ-ს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ნიკოლას მადურო ჩართულია კრიმინალურ ორგანიზაციებში „ტრენ დე არაგუაში“, „სინალოას“ კარტელსა და ე.წ. „მზის კარტელში“ (Cartel de los Soles), რომელიც წარმოადგენს „ვენესუელის არმიის საიდუმლო დაჯგუფებების ქსელს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა ვაშინგტონსა და კარაკასს მოუწოდა დაძაბულობის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ. აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა დაგმეს აშშ-ის შესაძლო შეჭრა ვენესუელაში და წინააღმდეგობა გაუწიეს ინტერვენციის ნებისმიერ მცდელობას. მხოლოდ, ტრინიდადმა და ტობაგომ დაუჭირა მხარი ვაშინგტონს და პირობა დადო, რომ საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დაუთმობს მის ტერიტორიას ვენესუელაზე თავდასხმისთვის.
ამასობაში, კარაკასი ჩინეთთან კავშირების განმტკიცებას ცდილობს. ნიკოლას მადურომ ჩინეთს მოძმე ქვეყანა უწოდა და ხაზი გაუსვა ჩინეთის როლს ვაშინგტონის ეკონომიკური ზეწოლის წინააღმდეგ ბრძოლაში.
შესაძლებელია, რომ ამჟამინდელი ესკალაცია პეკინს უკავშირდებოდეს. ჩინეთი ძალიან დაინტერესებულია ვენესუელას ნავთობით და აშშ-ს სამხედრო ყოფნა ვენესუელას სანაპიროსთან ადასტურებს, რომ ვაშინგტონს შეუძლია ჩინეთს ნავთობის მიწოდება შეწყვიტოს.
წყარო: https://trt.global/russian/article/67aa7ff801ef