მეხსიერების ბარათი (გაგრძლება): ის და მისი მასაჟისტი

მეხსიერების ბარათი (გაგრძლება): ის და მისი მასაჟისტი

მიხეილ სააკაშვილმა კომპანია  redman federation inc-ს ყოველგვარი საინვესტიციო ვალდებულების გარეშე,  ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში  1 ლარად თითქმის 9 ჰექტარი მიწა გადასცა. პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კომპანია redman federation inc-ს  სააკაშვილმა 2011 წლის 3 აგვისტოს მისცა. დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ არის კომპანიის მესაკუთრე, ან წარმომადგენელი პირი. კომპანია პანამაში, ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ კომპანია 9 მილიონ დოლარად შეფასებული მიწების ლარად შესყიდვამდე ორი თვით ადრე - 2011 წლის 3 ივნისსაა დარეგისტრირებული.

ნაციონალების დროინდელი ჩვეულებრივი ამბები. ნაციონალების დროინდელი ყოველდღიურობა, ნაციონალების დროინდელი რუტინა...

და, ერთიც: ნაციონალურმა მოძრაობამ ზარ-ზეიმით გვამცნო, მიუხედავად ომისა სახელმწიფო არ ჩამოიშალა, ყველა სტრუქტურა გამართულად მუშაობდაო და ამის დამადასტურებლად ის ფაქტი მოყავდა, რომ ომის დღეებში შესაბამისი უწყება კარდაკარ დადიოდა და საჯარიმო ქვითრებს არიგებდა.

ძალიან ჭირდებოდათ ფული მიშას, ვანოს, ზურას, კეზერას, მასტერას, მაიმუნას და სხვა მაიმუნებს.

როგორ ერთობოდნენ

ის მართლაც ძალიან თბილი და უშუალო იყო 2003 წლის მიწურულს და 2004 წლის გარიჟრაჟზე. ოჯახ-ოჯახ დადიოდა, გამოიკითხავდა ყველას ავ-კარგს, ყველაფერი აინტერესებდა, როგორ უჭირთ, როგორ ულხინთ, ანუ, ბოლო დრომდე ძალიან რომ უჭირდათ, მაგრამ როგორ მიაღწია ვარდების სურნელმა ადამიანებამდე (ამოვიდა მზე და გამოანათა) და უეცრად როგორ გაუჩნდათ ხვალინდელი დღის იმედი. მგზავრობდა მეტროთი, ავტობუსით, ტროლეიბუსით და მაშინ ჯერ კიდევ შემოჩენილი ტრამვაით. არ მგზავრობდა სამარშრუტო ტაქსით, რადგან ხალხი მაშინვე აღმოაჩენდა, რომ სააკაშვილს ყავს დაცვა, ხალხმა კი ეს არ იცოდა. ხალხი ფიქრობდა: „რად უნდა მიშას დაცვა, ვინ გაბედავს, რომ მას რამე დაუშავოს? მიშა დაცვაზე ფულს არ ხარჯავს, დაცვაზე გამოყოფილი სახსრები ისევ უბრალო ადამიანების საკეთილდღოდ იხარჯება. მიშა არის თავმდაბალი და უპრეტენზიო, „ჩილიკას დუქანში“ მეგობრები პატიჟებენ... როგორ? მიმტან გოგონას უბრწკინა? რა მოხდა, მერე, ახალგაზრდაა...“

პირველი სამგზავრო თვითმფრინავი, რომლითაც სააკაშვილმა საზღვარგარეთ დაიწყო ფრენა, კანადური ფირმა "ბომბარდიერის" ორძრავიანი რეაქტიული Challenger 850 იყო.ამ თვითმფრინავს, პრეზიდენტის ინიციატივით, "სოხუმი" უწოდეს და ის რეისებს, ძირითადად, თბილისიდან ევროპაში ახორციელებდა. მისი ფრენის სიშორე 3 ათას კმ-ს შეადგენდა (დატვირთვის მიხედვით) და სააკაშვილი გაჩერებისა და საწვავის შევსების გარეშე ამ თვითმფრინავით ევროპას ვერ გასცდებოდა, ვერ მოინახულებდა სუკის გენერალ ბიძას და კიდევ ვიღაც-ვიღაცეებს.შეიძლება სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ მისმა გარემოცვამ მისთვის ისეთი სამგზავრო ლაინერის ძებნა დაიწყო, რომელსაც ატლანტის ოკეანეზე გადაფრენა შეეძლებოდა.

სახელი "სოხუმი" პრეზიდენტის თვითმფრინავ Challenger 850-ს 2011 წლის მაისამდე ერქვა, ხოლო ივნისში ეს სახელი, ისევე როგორც მისი საბორტე ნომერი 4L-გაფ-ი ახალნაყიდ Gulfstream G450-ს მიენიჭა.

მაშინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს  სააკაშვილისთვის ნაყიდ "გოლფსტრიმში" 160 მლნ დოლარი გადაიხადეს. საერთოდ, Gulfstream G450-ის გასაყიდი ფასი მხოლოდ 25-30 მილიონი დოლარია, თუმცა ლიბიის ლიდერის ოქროს უნიტაზს თუ გავიხსენებთ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კომფორტის და ფუფუნების სიყვარულში სრულიადაც არ ჩამოუვარდებოდა პოლკოვნიკ კადაფის, 160 მილიონი დოლარი სულაც არ ჩანს ის თანხა, რომელიც ნაცთა ბელადს თანამოქალაქეთა უკიდურეს გაჭირვებას შეახსენებდა. თან...

გელა. ბ: „სიღნაღში საკუთრებაში მქონდა ბაზარი, რომელიც 2006 წლის 13 დეკემბერს, ღამით, ოჯახის დაწიოკებით და შვილის დაჭერის მუქარით, სახელმწიფოზე გამაჩუქებინეს. მაინც დავიწყე სიმართლის ძებნა. შედეგად მივიღე შვილის დაპატიმრება, საპროცესო გარიგებით 30 ათასი ლარის გადახდა, მამა-პაპისეული სახლის გაყიდვა და შვილის წელიწადნახევრით ციხეში გამოკეტვა...“

ირინა ქ: „...ამავე პერიოდში პროკურატურამ შემომთავაზა წყნეთში, ჩემს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის ჩუქება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამემუქრნენ 5 წლის პირობითი სასჯელის ნაცვლად, 12 წლით თავისუფლების აღკვეთას. იძულებული გავხდი, დავთანხმებულიყავი ასეთ „ჩუქებას“, რაც ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ „გაჩუქება“ განხორციელდა პროკურატურის ზეწოლით და არ იყო ნებაყოფლობითი, მით უმეტეს, რომ მომესპო უკანასკნელი საარსებო წყარო და იმედი. ყველაზე ცინიკური კი ის არის, რომ „გაჩუქებულ“ მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის სახით დამერიცხა 1193 ლარის გადახდა...“

თინათინ ბ: „2009 წლის 27 აგვისტოს, სახლში მწოლიარე, შუბლზე იარაღის დადებით, თაღლითობის ბრალდებით, დააპატიმრეს ჩემი მეუღლე, 66 წლის უმძიმესი ავადმყოფი. მეუღლის დაპატიმრების შემდეგ, იძულებული გავხდით, დავთანხმებოდით საპროცესო შეთანხმებაზე. 2009 წლის 29 აგვისტოს ნოტარიალურად მოხდა ჩვენი ქონების, აღმაშენებლის#103-ში მდებარე ფართების გადაფორმება შპს „რეალინვესტზე“ (დირექტორი ლ. თარგამაძე) და ქონებაში აღებული თანხა, 550 ათსი ლარი მაშინვე გადაირიცხა პროკურატური ანგარიშზე. ამავე დროს, საგადასახადო სამსახურში ჩაგვარიცხინეს „გაყიდული ქონებიდან“ მიღებული საშემოსავლო გადასახადი. თუმცა, შემდეგში, კიდევ ორჯერ დამიბარეს პროკურატურაში, გამაფრთხილეს და დამაწერინეს, რომ „ნებაყოფლობით და სიხარულით“ გადავუხადე პროკურატურას აღნიშნული თანხა“.

სად მიდიოდა ეს თანხა, ათეულობით და ასეულობით მილიონი? რაში ხარჯებოდა და რას ხმარდებოდა უდანაშაულო, პატიოსანი, მშრომელი ადამიანების ჯიბიდან ამოცლილი, ლუკმა პურისთვის გადადებული უკანასკნელი თეთრები?

ბოდიში და... მაიმუნობას! და ეს „ბოდიში“ ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია, რადგან სააკაშვილი, თავის გარემოცვასთან ერთად, ყირაზე გადადიოდა.

ელიტური მასაჟისტის, სახელად დოქტორ დოტის მომსახურებით, რომლის კლიენტებიც ძირითადად ცნობილი ვარსკვლავები არიან, რამდენიმე წლის წინ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ისარგებლა. საკმაოდ ძვირად ღირებული მასაჟისტის ასევე ძვირად ღირებული თბილისური გასაიდუმლოებული ვოიაჟის დეტალები არავისთვის გახდებოდა ცნობილი, რომ არა თვით დოტის აღიარება მისივე ინტერნეტგვერდზე, სადაც მან დაწვრილებით უამბო საიტის სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დეტალები.

სააკაშვილმა მასაჟისტი მას მერე მოიწვია საქართველოში, რაც ბერლინში ისარგებლა მისი მომსახურებით. თბილისში ჩასულ სტუმარს კი მართლაც მეფურად გაუმასპინძლდა, საუკეთესო რესტორნებში, საუკეთესო სუფრებით, კერძო თვითმფრინავით და სხვა ვიპ-სერვისით. თუმცა ალბათ ჯობს, თვით დოქტორ დოტს მოვუსმინოთ, რომელმაც თავის საიტზე, დღიურებში აღწერა ყველაფერი.

პირველი ჩანაწერი სააკაშვილის შესახებ ბერლინში გაკეთდა, სადაც პრეზიდენტი ანგელა მერკელსა და კონდოლიზა რაისთან შესახვედრად ჩავიდა და, როგორც აღმოჩნდა, კიდევ ერთ ქალთან შესახვედრად გამონახა დრო. დოტის სახელსა და მისი სასწაულმოქმედი ხელების „მადლს“ ალბათ სააკაშვილის ყურამდეც მიეღწია და გადაწყვიტა, ეცადა.

23 ივნისი, 2008 წელი. „დღეს შესანიშნავი დღე იყო. მე გავუკეთე მასაჟი დედამიწაზე ყველაზე მომხიბვლელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ის საქართველოს პრეზიდენტია და ძალიან მხიარულია ურთიერთობაში. საერთოდაც, თავდაპირველად 30-წუთიანი მასაჟი უნდოდა, მაგრამ 90 წუთის შემდეგ აღიარა, რომ ეს მის ცხოვრებაში საუკეთესო მასაჟი იყო. კარს უკან მცველები ელოდნენ, ტანმაღლები და ფართომხრებიანები. ერთ-ერთი მათგანი კარგად ლაპარაკობდა ინგლისურად და მითხრა, რომ მისი საყვარელი ჯგუფი '“მეტალიკაა“. „მე როკერი ვარ!“ - დასძინა დაცვამ და ერთად მშვენიერი დრო გავატარეთ, სანამ პრეზიდენტი მუშაობას დაამთავრებდა. მანამდე საუდის არაბეთის პრინცისთვის გამიკეთებია მასაჟი და რამდენიმე მერისთვის, მაგრამ პრეზიდენტი პირველად მყავდა.

სეანსის დროს ძალიან გონებამახვილი იყო. მის მძლავრ კისერს ხელით ვეხებოდი და ვუთხარი: „ვაუ! თქვენი კისერი ისეთი დაჭიმულია!“ მან კი მიპასუხა: „თუ სერიოზულად გინდათ გითხრათ, მასზე რუსეთი ზის!“ ორივემ მაგრად ვიცინეთ ამ ხუმრობაზე. ძალიან კომფორტულად ვიყავი. მერე ვკითხე, იყო თუ არა ნამყოფი ჯორჯიაში, ჩვენს, ამერიკულ ჯორჯიაში, ატლანტის დედაქალაქში. გაეცინა და მითხრა: „რასაკვირველია“.

მის მცველებსაც კი სახეები გაუნათდათ, როდესაც ვუთხარი, რომ ამერიკელი ვარ. პრეზიდენტთან იმაზეც ვიცინე, როგორისერიოზულები არიან გერმანელები. გიჟებივით ვიცინოდით. მან მითხრა: „ჩვენ, ქართველები, გერმანელების სრული ანტიპოდები ვართ“. ახლა გული აღარ მითმენს, სანამ აღმოვაჩენ იმ საიდუმლო ქვეყანას, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათ აქვთ საკუთარი ჟურნალი „ფლეიბოი“. ამის შესახებ იმიტომ ავლაპარაკდით, რომ ვუთხარი, ჟურნალ „პენტჰაუსისთვის“ ვწერ-მეთქი. ბევრი შეკითხვა დამისვა, სად ვისწავლე მასაჟი, ჩემი ოჯახისა და ცხოვრების შესახებ. ვცდილობდი, ბევრი არ მელაპარაკა მასაჟის დროს, რადგან მაშინ სუნთქვა მიხშირდება და არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს. ხა-ხა!

მასაჟის შემდეგ მას შესანიშნავი განწყობა ჰქონდა, ჩემთან ერთად სურათებიც გადაიღო. სეანსზე ჩემი „სონის“ კამერა არ წამიღია, ვერ ვიფიქრე, რომ ის მასაჟისტ-როკერთან სურათს გადაიღებდა, მაგრამ რატომღაც დამთანხმდა და ჩემი ტელეფონის კამერა ჩავრთე საქმეში.

ვუამბე, რომ ბევრ როკვარსკვლავს ვუკეთებ მასაჟს მაგალითად, სტინგს, Kiss-ის წევრებს, მან კი მიპასუხა: ''ოჰო, ე.ი. უნდა ვიამაყო''. ის ძალიან მაგარია. გულწრფელად მეგობრული. დაცვა ქვემოთ გაუშვა ქართული ღვინო ''მუკუზანის'' ამოსატანად და 100 ევრო გაატანა. აი, ეს არის კაცი! მას ახალი ფანი ჰყავს ჩემი სახით.

მართლა, როცა სასტუმროში მივედი პრეზიდენტთან მასაჟის გასაკეთებლად, საშინელი ქაოსი დამხვდა. დაცვის ბრბო იდგა გარეთ, შიგნით არავის უშვებდნენ, რადგან კონდოლიზა რაისი აპირებდა შესვლას. მე პოლიციელებს ვუთხარი: ''საქართველოს ახირებული პრეზიდენტი მელოდება მასაჟისთვის! შემიშვით!'' ჯერ არ დამიჯერეს, მაგრამ რაციით გადაამოწმეს და წინ გამიძღვნენ. ამ სასტუმროში კიდევ გრძელდება ღონისძიებები, ამიტომ არ შემიძლია მისი სახელის დაწერა. მე დამჯერი გოგო ვარ.

28 ივნისი. დღეს სულ ორი საათი მეძინა, გვიან მოვედი. სასტუმრო Adlon-ის კონსიერჟის ზარმა გამაღვიძა. მითხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთი მასაჟი სურდა, პირდაპირ ახლა, გაფრენამდე. იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა. პრეზიდენტი ან გაბრაზდება ჩემზე, ან ამას გამოწვევად მიიღებს და მართლაც მიმიწვევს საქართველოში, როგორც დამპირდა, და მიიღებს კიდევ რამდენიმე “საუკეთესო მასაჟს მის ცხოვრებაში”. ვნახოთ. ალბათ პირველად ვთქვი ''არა'' აქ, ბერლინში, მაგრამ ორსაათიანი მოუსვენარი ძილის შემდეგ ეს მასაჟი კი არა, რაღაც საშინელება იქნება.

9 აგვისტო. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რატომ არ გამოდიოდა კავშირზე საქართველოს პრეზიდენტი - საქართველოს რუსეთთან აქვს ომი. დამირეკა და მითხრა: “ბოდიში, ექიმო დოტ, ძალიან მინდა მასაჟი, მაგრამ ახლა ცუდ დღეში ვარ”.

13 თებერვალი, 2009 წელი. ერთი კვირაა აქ ვარ, დედამიწაზე უსაყვარლესი კლიენტის მასაჟირებისთვის (ბოდიში საიმონ კოუელ, შენ ჩამოგაგდეს პირველი ადგილიდან) - მიხეილ სააკაშვილის, რომელმაც ამ საინტერესო ქვეყანაში მიმიწვია. ის ბედნიერია ქორწინებაში, ორი შვილის მამაა, გამუდმებით მოგზაურობს და მაინც პოულობს დროს მასაჟისთვის. მან შესანიშნავად იზრუნა ჩემზე, აქ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს და ყველაფერი მაქვს, რაც საჭიროა.

სინამდვილეში ასეთი საშინელი ომის შემდეგ მას სურს მეტად დაიმასაჟოს მხრები, რომლებზე შემოჯდომაც რუსეთს სურს. საზიზღრები! მისტერ პრეზიდენტი ისეთი ინტელიგენტურია, გონებამახვილი, კეთილშობილი, მეგობრული და სასაცილო. გამუდმებით იცინის და მაჭმევს. ძალიან რთულია აქ ფიგურის შენარჩუნება, პირველი, რასაც მეკითხება, როცა მხედავს: „მშიერი ხარ?“, მერე კი უამრავ საჭმელს უკვეთავს. წამიკითხავს, საქართველოში სჯერათ, რომ სტუმარი „ღვთის საჩუქარია“ და გიჟდებიან სტუმრების გამოკვებაზე“.

(გაგრძელება იქნება)