გლეხური დღე პარლამენტში

გლეხური დღე პარლამენტში

შეიძლება ითქვას პარლამენტში გლეხური საკითხები განიხილეს და არც თუ ურიგოდ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა ხორცის ბიზნესის სრულ კონტროლზე და სასაკლაოებზე საქონლის დაკვლის ვალდებულება გააუქმა. ამასთან, ოპოზიციამ გლეხური მეურნეობების დაცვა სცადა და მთავრობასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია.

 

პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება აღარ იარსებებს, რასაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძე სასაკლაოების არასათანადო ინფრასტრუქტურით ხსნის. მისივე თქმით, “აღნიშნული დათქმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შემოღებული, რაც ქვეყანაში სასაკლაოების ინფრასტრუქტურა ფართოდ განვითარდება”.

 

მანამდე კი, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, იქნება ვალდებულება, რომ პირუტყვი შესაბამისი სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ დაიკლას. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 6 სასაკლაო ფუნქციობს.  წესით მოკლე ხანში კიდევ 6 უნდა გაიხსნას.

 

“არ არის აუცილებელი, რომ საქონელი მაინცდამაინც სასაკლაოებზე იყოს დაკლული, მაგრამ აუცილებელია ეს მოხდეს ისეთ, იზოლირებულ ადგილებში, რომ ადამიანებზე რაიმე დაავადების გავრცელება არ მოხდეს”, - განმარტა მინისტრის მოადგილემ გუშინ გამართულ პარლამენტის სხდომაზე.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ საქონლის სასკლაოზე დაკვლის ვალდებულებების გადადება მოიწონა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია კი თვლის, რომ სასაკლაოების მოწყობის არ უნდა მოხდეს, რადგან მისივე აზრით, ეს ხორცზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

 

“თუ მოვაწყობთ სპეციალურ სასაკლაოებს, ეს გამოიწვევს ამბიზნესის მონოპოლიზაციას. გარდა ამისა, შემოიღებთ ლიცენზიას,რომელზეც კოლოსარულ თანხებს დააწესებთ. ყველაფერი აქედანგამომდინარე, თავისთავად მოხდება ხორცზე ფასის ზრდა. ამიტომაც,ეს ნორმა კანონიდან უნდა იქნეს ამოღებული”, - განაცხადაბაღათურიამ.

 

საერთოდაც პარლამენტში მთავრობას გლეხური მეურნეობისადმი ფრთხილ მიდგომას ურჩევენ. “სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტის განხილვისას, საპარლამენტო ოპოზოციამ გლეხური მერნეობისთვის შექმნილი საფრთხეები დაინახა.  დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ მთავრობისთვის იმის ახსნა სცადა, რომ პროექტით მემაწვნეებსაც კი პრობლემები ექმნებათ. 

 

მაგალითად, კანონპროექტით იკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების გადაზიდვა ვეტერინარული მოწმობების გარეშე.

 

ასეთი დანაშაულისთვის 1500-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

როგორც ჩახვაძემ განაცხადა, ასეთი მიდგომებით, საფრთხე ექმნება გლეხური მეურნეობას, რადგან ქუჩაში, შეასძლოა, მემაწვნეც გააჩერონ და დააჯარიმონ.

“ალბათ ყველასთვის გასაგებია, რომ ბევრი გაუგებრობა შეიქმნება”, - დასძინა ჩახვაძემ. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალეკო ცინცაძე იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებას როგორც ამ მუხლთან, ისე სხვა საკითხებთან მიმართებაშიც, რომ გლეხურ მეურნეობა პრობლემები არ უნდა შეექმნას. თუმცა, როგორ აიცილებს მთავრობა ამ პრობლემებს, ალეკო ცინცაძემ დღეს ვერ დააკონკრეტა.