„შემოდის 600 მლნ-ანი ინვესტიცია, 11 წელი იცადე და მოიცადე 3–4 თვე, მაგრამ იქნებ, ამისთვის ხელი შეშლა უნდა ვიღაცას?!“

„შემოდის 600 მლნ-ანი ინვესტიცია, 11 წელი იცადე და მოიცადე 3–4 თვე, მაგრამ იქნებ, ამისთვის ხელი შეშლა უნდა ვიღაცას?!“

„თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებში, ბიძინა ივანიშვილის როლს გამორიცხავს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის განცხადებით, საქმეში ძალიან ბევრი პროცედურული შეცდომა არის დაშვებული. ფიქრობს, რომ პოლიტიკა, როგორც ინსტრუმენტი გამოყენებული იქნა გარკვეული ინტერესჯგუფების მხრიდან, იმისათვის, რომ ეს შეტევა წამოეწყოთ.

for.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

საჯარო განცხადებაში ხაზარაძე ამ სამქეში პოლიტიკურ მხარეს გამორიცხავს, მაგრამ ელექტრონულ მიმოწერაში, რომელიც ბანკის თანმშრომლებმა მიიღეს, პირდაპირ წერს, რომ იმყოფებიან უპრეცედენტო შემოტევებისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რაცთიბისი ბანკისგარშემო ხდება, ამის პოლიტიკური შემადგენელი არის ანაკლიის პორტი? მით უმეტეს, რომ სწორედ ანაკლიის პორტი გახდა გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილმა განმარტებები მოითხოვა კვირიკაშვილისგან, რატომ გადასცა ანაკლიის პორტი ხაზარაძეს, მაშინ, როდესაც არსებობდნენ სხვა ინვესტორები...

გია ხუხაშვილი: გააჩნია რას გულისხმობთ პოლიტიკაში. თუ ყველაფერ ამაში პოლიტიკურ მიზეზებს ვეძებთ და ხაზარაძე გახდა პოლიტიკური სამიზნე, ეს ნაკლებად სავარაუდო მგონია. მე უფრო ვფიქრობ, რომ პოლიტიკა, როგორც ინსტრუმენტი გამოყენებული იქნა გარკვეული ინტერესჯგუფების მხრიდან, იმისათვის, რომ ეს შეტევა წამოეწყოთ. მეორე საკითია, თვითონ ეს ინტერესჯგუფი რას წამოადგეს, ეს არის ის ინტერესჯგუფი, რომელიც ინტეგრირებულია პოლიტიკურ ჯგუფთან საქართველოში, თუ ეს არის ინტერსჯგუფი, რომელსაც გარკვეული ბერკეტები აქვს, რომ სახელმწიფო ინტიტუტები გამოიყენოს თავისი საკუთარი ბიზნეს–ინტერესებისთვის.

ეს კითხვა ჩემთვის ბუნდოვანია. სიმართლე გითხრათ, როგორც მიმდინარეობს პროცესი და რა კითხვაც მიჩნდება, გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის პირად ხელწერას ეს არ გავს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პროცედურული შეცდომა არის დაშვებული, თეთრი ძაფით იკერება ყველაფერი.

მაგალითად, სად გამოიკვეთა პროცედურული შეცდომა, რომელიც გამორიცხავს ივანიშვილის ხელწერას?

– გავყვეთ ქრონოლოგიაა, რა სანქცია იყო გამოყენებული, როგორ მოხდა პრესაში გარკვეული დეტალების გაჟონვა და აბსოლუტურად შეგნებულად...

მამუკა ხაზარაძის დაკითხვის დეტალებს გულისხმობთ?

– რა თქმა უნდა, დაკითხვის დეტალები და ა.შ. როგორ ხდება ამ დაკითხვების გაჟონვა, ეს მაინცდამაინც არ გავს ივანიშვილის ხელწერას, საკმაოდ არაკვალიფიციურად კეთდება. თუმცა, ბუნებრივია და შესაძლოა, რომ რაღაცა დოზით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ხელისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენთან მომრავლდნენ ასეთი ძალის ცენტრები, რომლებიც ცოტათი აღარ კმაყოფილდებიან და რაღაც ძალიან სერიოზულ დიდ შეტევებს ახორციელებენ. სამწუხაროდ, ამ ვარიანტს ვერ გამოვრიცხავ, რაც ძალიან სამწუხარო იქნება თუ დადასტურდა.

ვის გულისხმობთ ძალის ცენტრებში? სახელმწიფოში არის რაღაცა ჯგუფი, რომელიც დამოუკიდებლად იღებს ასეთი გადაწყვეტილებას?

– არიან პატარა ჯგუფები, რომლებიც მეტ–ნაკლებად აფილირებული არიან ხელისუფლებასთან, ზოგი პირდაპირ ინტეგრირებულია, ზოგი გავლენით სარგებლობს ძალოვან სისტემაზე და ამ შემთხვევაში პროკურატურაზე და მით უმეტეს სასამართლო სისტემაზე. შესაბამისად, ამ მექანიზმებს და ბერკეტებს იყენებენ. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერს რაღაცა დოზით ათანხმებენ ხელისფლებასთან, ან შეცდომაში შეჰყავთ, ან არწმუნებენ, რომ თვითონ უკეთესი ბენეფიციარი იქნება ამა თუ იმ სიკეთის, შეიძლება სხვა ინტერესიც არის. ძნელი სათქმელია.

საერთოდ მე არ გავყვებოდი შეთქმულების თეორიებს. იმიტომ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბანკთან, შესაბამისად, ძალიან სენსიტიური თემაა. ალბათ ჯობია, რომ ისევ ხაზარაძის დღის წესრიგს მივყვეთ. ბუნებრივია, მან იცის ყველაზე კარგად, რეალურად რა ხდება. ისიც მესმის რატომ არ ლაპარაკობს ბოლომდე, რატომ აკეთებს მხოლოდ მინიშნებებს. ანუ, კატეგორიულად გამორიცხა სახელმწიფოს და პოლიტიკოსების მონაწილეობა ამ საქმეში.

ანაკლიასთან დაკავშირებით მის კომენტარში კარგად ჩანდა, რომ მას აქვს ამ მიმართულებით ეჭვები. ამ მხრივ ღირსეული გამოსვლა იყო, მაქსიმალურად თავშეკავებული იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მინიმუმ იმის თქმა შემიძლია, რომ ღირსებას არ კარგავენ. ადამიანებს იმაზე მეტს ვერ ათქმევინებ, ვიდრე გეგმავენ თქმას. საერთოდ ასეთი მოთხოვნა ასეთი უხეში ფორმით არ ხდება. მე ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ის, რისი თქმის უფლებაც მისცეს მათ საკუთარ თავს და თეორიებს მე პირადად არ გავყვებოდი. ფაქტია, რომ ეს საქმე ყარს.

ამ საქმეში საინტერესოა ეროვნული ბანკის სანქციაც, არ ფიქრობთ, რომ აბსოლუტურად გაუგებარი ელემენტი იყო მთელს ამ საქმეში?

– აბსოლუტურად გაუგებარი იყო და გეტყვი რატომ – ეროვნულ ბანკს აქვს ოპერატიული წვდომა კომერციულ ბანკებში ნებისმიერ მოქმედებებზე. 11 წლის დაგვიანებით ინტერესთა კონფლიქტზე სანქციის მიღება, ცოტა არ იყოს ძალიან უცნაურად გამოიყურება. თუ ეს ყველაფერი პროკურატურაში აღძრული საქმის კვალდაკვალ იქნა მიღებული, მაშინ ისმის სხვა კითხვა – რამდენი თვეა ეს საქმე მიმდინარეობს? ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რას აკეთებდა ეროვნული ბანკი და დღეს რატომ გახდა ეს სანქციები საჭირო?

შესაბამისად, ეს გარკვეულწილად უფრო გავს დისკრედიტაციის მცდელობას და გაფრთხილებას. „თბისი ბანკს“, ხელისუფლებას და ხაზარაძის ინტერსებს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე ცუდი რაც ხდება, ეს არის საინვესტიციო პაკეტთან დაკავშირებული საკითხები.

წარმოიდგინეთ, შენ ხარ სახელმწიფო და რაღაცა თუნდაც სრული საქმე იპოვე სადღაც და იცი, რომ ვითარება არის ასეთი – რამდენიმე თვეში უნდა შემოვიდეს დაახლოებით 600 მილიონი ინვესტიცია, პროექტის პირველი ტრანში. შენ კარგო ადამიანო 11 წელი იცადე, მოიცადე 3–4 თვე, რომ ეს დაკონტრაქტდეს, ეს ფული წამოვიდეს ქვეყნისთვის, რადგან ქვეყნისთვის არის სასარგებლო, თუ მაინცდამაინც და მერე აღძარი საქმე, ისედაც გადაჭარბებული გაქვს ხანდაზმულობის ვადები. რატომ გახდა ახლა საჭირო? – აქედან ჩნდება კითხვა, იქნებ იმიტომ, რომ ამ 600 მილიონის შემოსვლისთვის ხელი შეეშალა ვიღაცას და ამის ტორპედირება მოეხდინა. ეს არის ყველაზე მძიმე კონტრბრალდება იმ ადამიანებისადმი, ვინც ამას აკეთებს. ეს არის ქვეყნის საბოტაჟი. საინვესტიციო გარემოზე ძალიან სერიოზული დარტყმა. კაპიკ–კაპიკ ვაგროვებთ, რომ ინვესტიციები წამოვიდეს და რომ იცი ამხელა ფული უნდა შემოვიდეს, წინა საკონტრაქტო პერიოდია, ცოტა ხანს გაჩერდი რა? ეს სამი თვე რას წყვეტს? მაინც ვერაფერს ვერ იზამენ და მაინც გაიწელება ეს ყველაფერი. საბოტაჟის ელემენტები ჩანს ამ ყველაფერში. ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, რომ ასეთი ზიანი მიაყენონ სახელმწიფოს, ისინი სახიფათოები არიან არა ხაზარაძისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის.

მაგრამ რა ჯგუფია ეს, რომელიც ასე მოქმედებს და ზიანს აყენებს სახელმწიფოს?

– არ ვიცი, ეს ხაზარაძემ უნდა გვითხრას. რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტს მიადგა უკვე ზიანი და სამწუხაროდ დიდი რისკია იმისა, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივიღოთ. არ გვინდა ბიზნესზე ლაპარაკი, საყოფაცხოვრებო ნაწილში გადავიყვანოთ, ადამიანს ვიღაცასთან უნდა გრძელვადიანი ურთიერთობა, მისი ცოლად შერთვა და უცბად უთხრან, რომ ღამის კლუბში მუშაობდა სტრიპტიზიორად, თან რაც მთავარია, ტყუილია. ფაქტობრივად, ამ სიტუაციაში ჩააგდეს.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ საქმის ფინალი და შეიძლება ითქვას, რომ ზიანი მიადგა ანაკლიის პორტს?

– მთავარი ზიანი, რაც მოსალოდნელია, ფაქტობრივად უკვე მიადგა ანაკლიის პორტის პროექტს, ეს უკვე ცხადია და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ შეიქმნა ისეთი რისკები, რომლებმაც შესაძლოა, შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ამ დროს ხელისუფლების წარმომადგებლები გამოდიან და ჭკვიანური სახეებით გამორიცხავენ რაღაცას. კონომიკის მინისტრი ხომ საერთოდ გაუგებრობაა. ან განსაკუთრებული ბრიყვები არიან, ან მართლა ყველა ბრიყვი ჰგონიათ და ნებისმიერ რაღაცას დაგვაჯერებენ - ამის თქმა უნდათ. ვაი–ვუი კაცია ეკონომიკის მინისტრი.

 

dima პირველად ვეთანხმები ამ კაცს!
5 წლის უკან