პარლამენტი ბესელია–ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

პარლამენტი ბესელია–ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს

ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძეს მიმართვა - კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაკმაყოფილდა და პარლამენტი მის განხილვას მომდევნო კვირიდან იწყებს. გადაწყვეტილების მიღებამდე ბესელიამ იუსტიციის საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით, ინსტიტუციური უპატივცემულობაა, როდესაც პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე მსჯელობს, ისინი კი დემონსტრაციულად აგრძელებენ დანიშვნების პროცესს.

საკანონმდებლო ინიციატივა 2024 წლის 31 დეკემბრამდე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს. პროექტის ინიციატორია პარლამენტის ცხრა წევრი. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ტექნიკური და შინაარსობრივი პრობლემა ახლავს თან.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევაში პარლამენტს დამატებით მუშაობა მოუწევს. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, პრობლემაა შინაარსობრივი თვალსაზრისითაც, აღნიშნული კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

„ჩვენ შეიძლება ორდღიან რეჟიმში ვიმუშაოთ ამ კვირაში, ანუ ხვალ და ზეგ. შეიძლება ხუთშაბათს და პარასკევს არ გვქონდეს სხდომები და შეიძლება ტექნიკურადაც არ მოესწროს ამ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვა. თუ არადა მოგვიწევს ხუთშაბათსა და პარასკევს ორი დღით მუშაობის გაგრძელება ამ კანონპროექტის გამო.

რაც შეეხება შინაარსობრივ პრობლემას, კონსტიტუციასთან არის სერიოზული წინააღმდეგობა და ეს არის განსახილველი. როდესაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაზე ვმსჯელობთ ერთი დღე შეიძლება ამას არ ეყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა ეკა ბესელიამ, რომლის მოსაზრებით, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი ამ კვირაში განხილვა უნდა დაიწყოს. რაც შეეხება კონსტიტუციასთან შესაბამისობას, დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში.

„ბატონო ირაკლი, მე გთხოვდით, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ კვირაში გათვალისწინებულია სასესიო დღეები, ვიმუშაოთ დამატებით. მგონი ყველა ვაცნობიერებთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია ამას დრო დავუთმოთ, ვიდრე ის, რომ დღეები გამოვათავისუფლოთ და გადავიტანოთ კიდევ ორი კვირის იქეთ. ორი კვირით გადატანაც დააგვიანებს ამ პროცესს. ჩემი და ხელმომწერების პრინციპული თხოვნაა, რომ ამ საკითხზე მივიღოთ გადაწყვეტილება და ამ კვირაში დავიწყოთ განხილვა.

შეგნებულად ავარიდე თავი შინაარსობრივი მხარის განხილვას. როცა ეს აქ ხდება, არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს. არ მგონია, კარგი იყოს, რომ წინასწარ ვამბობთ ჩვენს პოზიციებს, თუმცა ეს თქვენი უფლებაა. მე არ მიმაჩნია, რომ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. დავიწყოთ ამ საკითხის განხილვა პირველი მოსმენით მაინც, რაც გვიჩვენებს სურათს კალენადრულად ამავე კვირაში დამატებით დღეებს გამოვიყენებთ თუ არა. სამართლებრივ არგუმენტებზე იქ ვისაუბრებ, როდესაც წარმოვადგენ ამ ინიციატივას“, – უპასუხა ეკა ბესელიამ.

როგორი იქნება პარლამენტის საბოლოო გადაწყვეტილება უცნობია, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ უმარველობის შენიშვნებს კანონპროექტეთან მიმართებაში, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უმრავლესობა კანონპროექტს ჩააგდებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ამბობს, რომ ერთ–ერთი ინიციატორი იყო, რომ ბიუროზე მხარი დაეჭირათ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისთვის, რადგან სჯობს არ გაჩნდეს ზედმეტი კითხვის ნიშნები.

„ვიღაცამ აღქმაში სპეკულაციურად არ გაიგოს, რომ დაჩქარებაზე მხარის არდაჭერაც კი ეს რაღაცის ინდიკატორია. აქედან გამომდინარე, მადლობა კოლეგებს, რომ გაიზიარეს ჩემი არგუმენტი და ზედმეტი კითხვის ნიშნები არ გავაჩინეთ და დაჩქარებას მხარი დავუჭირეთ.

მეორეა კანონპროექტის ავტორები რამდენად უპასუხებენ კითხვებს კონსტიტუციურობის შესახებ მიზანშეწონილობის თაობაზე. ამაზე კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე გვექნება მსჯელობა. რა თქმა უნდა, მე ზუსტად ჩამოყალიბებული აზრი მაქვს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და ეს პირველ რიგში ჩემს კითხვებში აისახება კანონპროექტის ავტორების მიმართ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კანონპროექტის ერთ–ერთი ავტორი ლევან გოგიჩაიშვილი კოლეგებს, ვისაც მოსამართლეთა შესახებ პროექტის მხარდაჭერა არ სურს, ახსენებს, რომ ისეთი კანონებისთვის დაუჭერიათ მხარი, რომელიც ბევრის თვალში არაკონსტიტუციური იყო. დეპუტატი ამბობს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას შეესაბამება.

„ალბათ, საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა ხვალიდან დაიწყება. სესიაზე მინიმუმ ორი მოსმენა უნდა მოვასწროთ. უმრავლესობას ბევრ ისეთ საკითხზე აქვს მხარი დაჭერილი, როცა ანალოგიურად კონკრეტულ მუხლებზე, ანტიკონსტიტუციურობაზე მიუთითებდნენ. სამთავრობო პაკეტს გაგახსენებთ, რომელიც საბანკო რეგულაციებს, ქონების განკარგვას, ლომბარდების საკითხსა და კერძო საკუთრების განკარგვის საკითხებს ეხებოდა. ეს საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოში არავის არ გაუსაჩივრებია, თუ გაასაჩივრებენ და სხვა შედეგი იქნება, კანონი გაუქმდება“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ბესელია–ფოფხაძის კანონპროექტის დაჩაქრებული წესით განხილვამ უმრვალესობაში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, პირადად მისი ინტერესი იყო, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განეხილათ.

„მოვისმინე კომენტარი, თითქოს 3 კვირაა კანონი ინიცირებულია და არ განიხილება. იურიდიულ კომიტეტს ეს საკითხი დაეწერა 11 თებერვალს, შესაბამისად, ერთი კვირა არის გასული და მესამე კვირა საიდან აითვლება ვერ გეტყვით. მე ასევე მოვისმინე კომენტარი, რომ გაჭინაურება ხდება ამ კანონპროექტის განხილვისო, არავის აქვს სურვილი გავაჭიანუროთ განხილვა. პირადად ჩემი ინტერესია, რომ საკითხი გონივრულ ვადაში განვიხილოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების პროექტის დაჩქარებული განხილვა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძეს შეფასებით კარგი არ იქნება. დეპუტატი განმარტავს, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნებია იმის დასადგენად, რამდენად კონსტიტუციურია ეს კანონპროექტი.

„ინიციატორები მოითხოვენ, რომ ამ პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს. ეს ბიუროს გადასაწყვეტია და ბიუროს წევრების უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მიზანშეწონილი პროექტის დაჩქარებული წესით მიღება. მგონია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელსაც კარგად განსჯა და არგუმენტების მოსმენა სჭირდება. კანონპროექტი ასევე კონსტიტუციურობის ჭრილში კარგად გაშუქებას ითხოვს.

ამ პროექტთან დაკავშირებით, სერიოზული კითხვის ნიშნებია იმის დასადგენად, ეს კანონპროექტი რამდენად კონსტიტუციურია. ამ საკითხის ერთ კვირაში დაჩქარებულად გავლა რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი. მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ სერიოზული კითხვის ნიშნები მის კონსტიტუციურობაზე არსებობს. ერთი მუხლი კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, სერიოზულ შეკითხვებს შეიცავს. პირადად მე, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის გავლა დაჩქარებულ ვადებში კარგი იყოს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარს უჭერს საპარლამეტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დღეს სასამართლო სისტემაში შექმნილი უმძიმესი კრიზისიდან გამოსავლისთვის მისაღებია ძალიან რადიკალური ნაბიჯები. ამიტომ ამ ეტაპზე, შესაძლებელია, გამართლებული იყოს უვადოდ დანიშვნის შეჩერება. როგორც აბესაძე ამბობს, მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის პროცესში პოლიტიკური წრის გარდა, ასევე ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, ადვოკატთა ასოციაცია და სახალხო დამცველი. მისივე განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების პროცესი უნდა იყოს საჯარო და ეს პოლიტიკური კონსენსუსით უნდა მოხდეს.

„ამიტომ ამ ეტაპზე, შესაძლებელია, გამართლებული იყოს უვადოდ დანიშვნის შეჩერება, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამ მიმართულებით უკვე დარეგისტრირებული გვაქვს ჩვენი ინიციატივა, რომელიც, პირველ რიგში, გულისხმობს ჩინჩალაძის კლანისთვის იმ ექსკლუზიური უფლების ჩამორთმევას, რომლითაც ისინი სარგებლობენ ხელოვნურად შექმნილი რიცხობრივი უპირატესობით. გვსურს, რომ იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრს ჰქონდეს მოსამართლეობის კანდიდატის წარმოდგენის საშუალება პარლამენტში.

ამ ეტაპზე ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მძიმე კრიზისიდან გამოსავალი იქნებოდა უცხოელი მოსამართლეების დანიშვნა მაღალი ინსტანციის სასამართლოებში. ახლა გარკვეული რბილი ღონისძიებებით და მცირე ცვლილებებით სასამართლოში სიტუაციის გაუმჯობესება გამორიცხულია. ზოგადად, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ივანიშვილის პირობებში, ასევე, გამორიცხულია“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საკითხი ფართო მსჯელობის საგანს წარმოადგენს, ამიტომ ის და მისი თანაგუნდელები მხარს უჭერენ საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას და როგორც აქ ითქვა, ეს არ არის მხოლოდ გუნდის შიგნით გადასაწყვეტი საკითხი. კიდევ კარგი, რომ არ თქვით ოჯახის შიგნით, გიყვართ ხოლმე თქმა – სპორტული ოჯახი, უმრავლესობის ოჯახი, უმრავლესობის გუნდი. სასამართლოების საკითხი არის მთელი ქვეყნის სატკივარი და მსჯელობის საკითხი, ამიტომ არ არის მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი. ჩვენც გიჭერთ მხარს და მოვითხოვთ, ამ საკითხის სასწრაფოდ გადაწყვეტას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

trampi ეს ქალი ამათ წირვას გამოუყვანთ
5 წლის უკან