გასულ თვეს For.ge წერდა, რამდენად დიდი იყო რუსების დაინტერესება ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთლიანად საქართველოში ნარკოტიკების გავრცელების კუთხით.
საქართველოსთან მიმართებით ეს გასაკვირი არაა, რადგან, კრემლის თვალში საქართველო განსხვავებულად მოაზროვნე, ვექტორშეცვლილი ქვეყანაა, რომლის დამორჩილებაც ჰიბრიდული მეთოდებით უნდა განხორციელდეს. ამ მეთოდებს შორისაა ნარკოტიკებით ახალგაზრდობის გაბრუება. რაც შეეხება აფხაზეთს, რუსები მათაც არ წყალობენ. მით უმეტეს, რომ აფხაზეთში რუსებს არ ულხინთ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხშირია რუსების მკვლელობის, თუ მათთვის ბიზნესის წართმევის შემთხვევები; რუს ტურისტებზე ნადირობის სეზონი კი აფხაზეთში ზაფხულში იხსნება.
ასე რომ, რუსები მოთმინებით ელიან იმ დროს, როცა აფხაზებიც გადაშენდებიან. ამ მიზნით ჩრდილოელი ოკუპანტები ჩვენს ზღვისპირა რეგიონში ნარკოტიკებს, იარაღს, სასმელებს ავრცელებენ. სამიზნე ჯგუფი აფხაზი ახალგაზრდებია.
რასაკვირველია, ქართველ და აფხაზ ახალგაზრდებში ნარკოტიკების გავრცელება მხოლოდ რუსეთის ინტერესი არ არის. ამ მხრივ ჩვენი სამეზობლო (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი) არც ისე კეთილგანწყობილია, მაგრამ რუსეთის მზაკვრული ინტერესები არც არავის ჩამორჩება.
როგორია სქემა, რომლითაც რუსები სამიზნე ქვეყნებში მოქმედებენ და ავრცელებენ ნარკოტიკებს, იციან რა, რომ ნარკომანია საკუთარი სიკვდილით ტკბობაა?!
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკების გავრცელება ეს არის ე.წ. რბილი ძალის შემადგენელი ნაწილი. ეს არის ერისთვის იდეოლოგიური და კულტუროლოგიური საფუძვლის გამოშანთვა.
„პირველად ნარკოტიკები საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს თალიბებმა. ისინი წარმატებით ავრცელებდნენ ნარკოტიკებს სამიზნე ჯგუფებში. ბუნებრივია, რუსეთის სპეცსამსახურებმაც გადაიღეს თალიბების მეთოდი, რადგან ნარკოტიკების გავრცელება თავისუფლად ჯდება რუსეთის რბილი ძალის კონცეფციაში. ამას ემატებიან თურქები, ირანელებები და სხვები“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი ცქიტიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოში შემოტანილ ნარკოტიკებს რუსები ჯერ აფასოებენ, შემდეგ დებენ გარკვეულ ადგილებში, მათ შორის, სადარბაზოებში და, როცა კლიენტი მათ უკავშირდება და ფულს უხდის, ისინიც უგზავნიან სურათს მითითებული ადგილებით, სადაც ნარკოტიკი ინახება. სხვათა შორის, თვითონ რუსეთსა და მის შემოგარენში სწორედ ამ ბიზნესით არიან დაკავებულნი რუსეთის მოქალაქეები. ძნელია, მოვთხოვოთ შესაბამის ორგანოებს, რუსი რიგითი მოქალაქეების უფრო მეტად გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც გვახსოვს ფაქტი, რომ ლუჟკოვი თბილისის ცენტრში დაიარებოდა. მაინც ვფიქრობ, ნარკოტიკები ლარსის მხრიდან შემოდის, იქ უფრო ნაკლებია კონტროლი, მაგრამ არა მარტო რუსი მოქალაქეები უნდა გავაკონტროლოთ, არამედ ყველა მოქალაქე, რადგან ნარკოტიკების მოძრაობა არანაკლებია ირანიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან“, - აღნიშნავს ირაკლი ცქიტიშვილი და დასძენს, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომელიც გეოპოლიტიკური კორიდორია.
შესაბამისად, ნარკოტიკების მოძრაობისთვის საქართველოს ტერიტორია ყველაზე მოკლე და შესაშურია.
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნარკოტიკი ყოველთვის იყო საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის საკმაოდ ბევრი გზა არსებობს.
„რუსულის გარდა, არის თურქული გზა აჭარიდან, ასევე, ირანიდან ხდება ნარკოტიკების შემოტანა. ზოგადად, მთელ მსოფლიოშია აპრობირებული სადარბაზოებში ნარკოტიკების დატოვების მეთოდი. ინგლისშიც იგივე სიტუაციაა, საფრანგეთშიც, ამერიკაშიც და კიდევ უფრო უარესი ხდება ევროპის ქვეყნებში ახალ ფსიქიატრიულ ნივთიერებებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.