„ხშირად ოჯახის წევრებს ეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდნენ, რომ მათ გვერდით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია“

„ხშირად ოჯახის წევრებს ეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდნენ, რომ მათ გვერდით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია“

რა სიმპტომები ახასიათებთ მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებს და როგორ უნდა გამოვიცნოთ, საჭიროებს თუ არა კონკრეტული ადამიანი სასწრაფო ფსიქიატრიულ დახმარებას?!

საბჭოთა კავშირის დროს შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულებები არსებობდა, სადაც უმძიმესი ფორმის დაავადების მქონე პაციენტებს საზოგადოებისგან იზოლირებულად ამყოფებდნენ. დღეს მძიმე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები არც კი აკითხავენ ფსიქიატრებს, შესაბამისად, მათ იზოლირებაზე საუბარიც ზედმეტია და ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ისე, რომ არავინ იცის, ხვალ რას უქადიან საზოგადოებას.

რუსთავში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, რასაც ბიძის მიერ ბავშვის მკვლელობა მოჰყვა, ჩნდება კითხვა, რატომ მიიყვანეს მშობლებმა პოტენციური დამნაშავე მხოლოდ 10 წლის ასაკში რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში და ამის შემდეგ აღნიშნული დაწესებულებისთვის რატომ არ მიუმართავთ?!

ამ ყველაფრის შესახებ For.ge-ს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ესაუბრა.

რამდენად აუცილებელია, გაუმჯობესდეს ფსიქიატრიული დაწესებულებების მომსახურების ხარისხი, რათა აგრესიული პაციენტები დიდხანს დატოვონ სამკურნალო დაწესებულებაში და ფსიქიატრიულიდან გაშვების შემდეგ მათ უბედურება არ დაატრიალონ ქვეყანაში?

- ფსიქიატრიული ავადმყოფის მიმართ დამოკიდებულება მთელი საქართველოს პრობლემაა. ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს მენტალობაში გავურბივართ ფსიქიატრიულ ავადმყოფად ადამიანის აღიარებას, ანუ გავურბივართ იმას, რომ ცალკეულ ადამიანში დავინახოთ ფსიქიატრიული პრობლემები. ასეთი მენტალობა მოგვდევს ადრეული დროიდან დღემდე. ამიტომაც ძალიან ბევრი შეცდომაა საზოგადოების მხრიდან, პირველ რიგში კი, ოჯახების მხრიდან. რუსთავში მომხდარ ამ კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევაშიც არ შეიძლებოდა, არ გამოვლენილიყო ეს სიმპტომები ადრეულად, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აქვთ ინფორმაცია, არ იციან ადამიანებმა იმ სიმპტომების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სიგნალს იმისთვის, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს ადამიანს.

ქართული ფსიქიატრიული სკოლა სუსტი არ არის. ჩვენი ფსიქიატრიული სკოლა საკმაოდ ძლიერია, კვალიფიციური ექიმები გვყავს, მაგრამ კონკრეტული ერთეული შემთხვევები შეიძლება ყველგან მოხდეს. ამიტომ არამართებულია იმის შეფასება, რომ ფსიქიატრიულის ექიმები, ადმინისტრაცია უგულისყუროდ ეკიდებიან თავიანთ პაციენტებს. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ფსიქიატრიულის ექიმები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და მოსახლეობა. მოსახლეობაში შედის ოჯახი და საერთოდ მთელი საზოგადოება, რომელიც არ არის ინფორმირებული და არაფერი იცის იმის შესახებ, რა შემთხვევაში უნდა შეამჩნიონ, რომ ადამიანს აქვს ფსიქიატრიული პრობლემა.

როგორც ცნობილია, ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი მხოლოდ ბავშვობაში მიუყვანიათ ფსიქიატრიულში და ამით ამოიწურა მისიმკურნალობისპროცედურები. არადა, საეჭვო სიმპტომები არსებობდა, თუნდაც ის, რომ დამნაშვეს რამდენიმე ღამის განმავლობაში გადაბმულად არ ეძინა.

- დიახ, თვითონ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია. მეც წავიკითხე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღე-ღამე არ ეძინა ბრალდებულს. შეიძლება, ოჯახის წევრებმა მართლაც არ იცოდნენ, რომ ამ ადამიანს ნარკოტიკებიც ჰქონდა მიღებული. დღესდღეობით მარიხუანას ისე ეწევიან, ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუკი ფსიქიკურ პრობლემებს მარიხუანას მოწევაც დაემატა, ეს უკვე სერიოზული მდგომარეობაა და ფაქტია, ეს სერიოზული მდგომარეობა აღმოჩნდა რუსთაველი მამაკაცისთვის. ამის მიუხედავად, ასეთი ცალკეული შემთხვევები მთლიანად არ უნდა გავრცელდეს ექიმების კვალიფიკაციაზე, მათ პროფესიონალიზმზე, ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაზე. თუმცა ეს შემთხვევები არ უნდა ხდებოდეს. აქ უკვე მორიგე ექიმი იყო, თუ ვინც იყო, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგას და მისი განვრცობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაზე არამართებულია.

როდესაც ფსიქიატრიულ სერვისზე ვსაუბრობთ, ჩემი ინფორმაციით, აგრესიულიც რომ იყოს პაციენტი, მას მიიყვანენ კონკრეტულ ფსიქიკურ დაწესებულებაში და ერთი კვირის შემდეგ უშვებენ, რადგან არც ადგილები აქვთ და დაფინანსების ნაკლებობაცაა.

- ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან და ფსიქიატრებთან. არასოდეს, არც ერთ შემთხვევაში ერთი ხელის აღებით ფსიქიატრიული საავადმყოფოდან ავადმყოფის გაშვება არ ხდება და ვერც მოხდება. მე ამ განცხადებას ხმამაღლა გავაკეთებ, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უამრავი შემთხვევა მქონია, როცა პაციენტი გამიგზავნია, გადამიმისამართებია ფსიქიატრიულში და ყოველთვის გულისყურით მოჰკიდებიან ამ საქმეს ფსიქიატრები. არასოდეს არ არის საუბარი ფინანსურ მხარეებზე და არ მომხდარა ისე, რომ პაციენტები უმეთვალყურეოდ გაეშვათ. თუ იქ არ არის კონკრეტული ოჯახის წევრი, ან ახლობელი, რომელიც შემდგომში გააგრძელებს ყურადღებას და მეურვეობას, მაშინ არავინ დატოვებს პაციენტს უყურადღებოდ. გარდა ამისა, ჩვენს ფსიქიატრიულ მომსახურებაში არის ისეთი დაწესებულებები, სადაც მუდმივად შეიძლება ჰყავდეთ სახიფათო ავადმყოფები.

არსებობს ისეთი დაწესებულება, სადაც მძიმე დაავადების მქონე პაციენტები იზოლირებულნი არიან?

- ამ წუთში შემიძლია გითხრათ, რომ ასეთია ბედიანის დაწესებულება. თუმცა საჭიროა ხელისუფლებამ ასეთი ტიპის დაწესებულებების კიდევ უფრო გაძლიერებასა და მათი ფინანსურ-მატერიალური მხარის უზრუნველყოფაზე იზრუნოს. ბედიანში არის საუკეთესო ბუნებრივი ადგილი, საუკეთესო კლიმატი, საუკეთესო მედპერსონალი და პირობები. სხვაგანაც არის ასეთი დაწესებულებები, მაგალითად, დასავლეთ საქართველოში. არის, ასევე, ინდივიდუალური მომსახურების კერძო კლინიკები, ნახევრად კლინიკები, სადაც ექიმიც არის და მომვლელიც, ოღონდ პაციენტის პატრონი გარკვეულ თანხას იხდის. ასეთი კლინიკებია ბათუმში, თბილისში, სხვადასხვა ქალაქებში. ოღონდ ეს დაწესებულებები ფინანსებთანაა დაკავშირებული, განსხვავებით სახელმწიფო დაწესებულებებისგან, სადაც არავითარი ფინანსური ვალდებულება არ აქვთ ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანების ოჯახებს.

იმ პაციენტებს, რომლებსაც სულ რაღაც ერთ კვირაში უშვებენ ფსიქიკური დაწესებულებიდან, ფსიქიკური პრობლემების შედარებით იოლი ფორმა აქვთ?

- ესენი არიან ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ ავადმყოფობის ფრაგმენტები, რომელთა მკურნალობაც სტაციონარში საჭიროა, ამის შემდეგ მათ უშვებენ სახლებში. ისინი ჩვეულებრივად უბრუნდებიან ოჯახებს და ოჯახებში დაბრუნება მათთვის მკურნალობის გაგრძელებაა, რადგან ოჯახში დაბრუნებისას აღარ აქვთ სტიგმა, რომ ისინი ავადმყოფები არიან. ოჯახებში დაბრუნებას თავისი პოზიტიური მხარე აქვს.

თქვენ ახსენეთ სიმპტომების თაობაზე. როგორია ეს სიმპტომები, რომ მეზობლებმა, ახლობლებმა ვიცოდეთ, ადამიანს სჭირდება თუ არა მკურნალობა? სხვათა შორის, გამიგია, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან ზუსტად 7 დღეში გამოუშვეს ფსიქიკური პრობლემის მქონე ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც მეზობლის ბავშვებს დანით დასდევდა.

- როცა ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანის სიმპტომებზეა საუბარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი სიმპტომი არ არის საკმარისი. სპეციალურად არ ვასახელებ მძიმე ფსიქიკური დაავადებების სახელებს, რადგან ვისაც ეს დაავადება აქვს, ის არ იყოს დაღდასმული ამის გამო. ეს ექიმებმა ძალიან კარგად იციან. ხოლო ისეთ ავადმყოფებს, რომლებიც სახიფათონი არიან როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის, დაწესებულებიდან არ უშვებენ. ეს არ იფიქროთ არც ერთი წუთით. თუმცა ერთეული კონკრეტული შემთხვევა, რა თქმა უნდა, სახიფათოა და აქ უნდა დადგეს კონკრეტული ექიმისა და დაწესებულების პასუხისმგებლობის საკითხი.

რაც შეეხება სიმპტომებს, ესენია ძილის დარღვევა ხანგრძლივი ვადით, ან კიდევ ისეთი ეჭვი, თითქოს ვიღაც უთვალთვალებს, ან ხმები ესმის, ან ფიქრობს, რომ მისი მოკვლა, მოწამვლა უნდათ. მაგალითად, ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ტელევიზიიდან მათ უთვალთვალებენ. არის შემთხვევები, როცა ცალკეული ადამიანები ამბობენ, რომ ტელევიზორში რასაც ლაპარაკობენ, ამას ჩემს გამო ლაპარაკობენ, ეს მე მეხებაო. საუბარია რეალობასთან შეუსაბამო ეჭვიანობაზე. კიდევ ერთ-ერთი სიმპტომია სახის გაფერმკრთალება, ფერის დაკარგვა და ისეთი გამომეტყველება, თითქოს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის, თითქოს ამ წუთში აქ არ იმყოფება. ეს სიმპტომების არასრული ჩამონათვალია. ასევეა, გადაჭარბებული მადიანობა, ან პირიქით, მადის შესუსტება, სიარულის მანერა, თითქოს შენელებული კადრია, ან პირიქით.

გასულ კვირას შს სამინისტრომ მოითხოვა წვდომა ინფორმაციაზე იმის გასარკვევად, აქვთ თუ არა კონკრეტულ მძღოლებს ფსიქიკური პრობლემები. ზოგჯერ პრობლემაა, რომ აგრესიული ფსიქიკის მქონე ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და არაფერი ვიცით ამის შესახებ. უნდა ჰქონდეთ თუ არა გარშემომყოფებს, ან მეზობლებს წვდომა იმის შესახებ, არის თუ არა ცალკეული ადამიანი სახიფათო და სასწრაფოდ სამკურნალო?

- ასეთი ადამიანების იზოლირება ერთი ხელის მოსმით ვერ მოხდება. თუ მოსახლეობა ინფორმირებული იქნება ფსიქიკური დაავადების შესახებ და ფსიქიკური დაავადება აღქმულ იქნება, როგორც ჩვეულებრივი დაავადება, შედარებით იოლად შევხედავთ ამ პრობლემას. სხვათა შორის, გრიპიც ისეთივე სახიფათოა, როგორც ფსიქიკური დაავადება, მაგრამ გრიპით დაავადებულს სტიგმა (ადამიანის დისკრიმინაცია მისი თავისებურების გამო) არ აქვს. ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს კი სტიგმა აქვთ. ეს უნდა მოიხსნას ჩვენს სულიერებაში, ფსიქიკური პრობლემებით დაავადება ისეთივე დაავადებაა, როგორიცაა ნებისმიერი ჩვენი ორგანოს დაავადება. ოღონდაც ეს ეხება ფსიქიკას. კუჭი რომ აწუხებს ადამიანს, ან ფილტვები, ხომ არ არის უხერხულობა, ასევე უხერხულობის განცდა საზოგადოებაში არ უნდა იყოს ფსიქიკური პრობლემების წინაშე.

ალბათ, ფსიქიკურ დაავადებასაც გააჩნია, მთავარია, ამ სიმპტომების მქონე პირმა სხვა ადამიანს არ შეუქმნას პრობლემა.

- ხშირად ოჯახის წევრებს ეშინიათ საკუთარ თავს გამოუტყდნენ, აღიარონ, რომ მათ გვერდით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია. ისინი გაუცნობიერებლად გაურბიან, მიაკითხონ ფსიქიატრს, ფსიქოლოგს. ფსიქოლოგთან როგორც კი მოხვდება ფსიქიკური პრობლემის მქონე პირი, მას მაშინვე გადაამისამართებენ, არავინ დაიტოვებს და არ მოჰკიდებს ხელს ასეთ პაციენტს. რასაკვირველია, აგრესიული ფსიქიკური პრობლემის მქონე პირი უნდა იყოს სტაციონარში. თუკი ქრონიკულად მიმდინარე მძიმე დაავადებაა, მაშინ არსებობს ბედიანის ტიპის ფსიქიატრიული დაწესებულებები.