პედაგოგის დილემა და აურზაური ილიაუნში

პედაგოგის დილემა და აურზაური ილიაუნში

სკანდალების მოყვარულმა ჩვენმა საზოგადოებამ მორიგი „საჩუქარი“ მიიღო „რუსთავი 2“-საგან. ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანია ყველაზე უფრო შეუპოვრად აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მწვავე კონფლიქტის გაშუქებას.

კონფლიქტი უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის გაუქმებას მოჰყვა, რამაც ზემოაღნიშნული სკოლის დეკანის გიორგი ქადაგიძის ილიაუნის რექტორთან პროფესორ გიგა ზედანიასთან დაპირისპირება გამოიწვია.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს და ფრიად ავტორიტეტულ უნივერსიტეტს გლადიატორთა ბრძოლის არენად გადაქცევა ემუქრება.

თუმცა, ისიც უნდა დავსძინოთ, რომ მსგავსი ნეგატიური მოვლენა ლამის ტრადიციად იქცა ქართულ უმაღლეს სკოლაში. გავიხსენოთ თუნდაც ორიოდე წლის წინ დედა უნივერსიტეტში დატრიალებული ანალოგიური აურზაური, რომლის შედეგადაც თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ლადო პაპავამ დატოვა თანამდებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნული სევდიან ფიქრებს აღძრავს ყველა მოაზროვნე ადამიანში ქართულ უმაღლეს სკოლაში არსებულ სერიოზულ სისტემურ კრიზისთან დაკავშირებით.

რაოდენ შესაფერისია აქ უილიამ შექსპირის სიტყვები: „Something is rotten in the Kingdom of Denmark“ (რაღაც დალპა დანიის სამეფოში), მაგრამ ამაზე მოდით ახლა ნუ ვიმსჯელებთ და ზემოთ აღნიშნულ საკითხზე დისკუსია მომავლისთვის გადავდოთ.

ამჯერად მინდა მხოლოდ ილიაუნში მიმდინარე მოვლენებზე ვთქვა ორიოდ სიტყვა, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი უნივერსიტეტიცაა, ვინაიდან 2013 წელს გავიმარჯვე რა კონკურსში, ამირჩიეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სექსოლოგიის მიმართულების პროფესორად.

2016 წლამდე ვიმუშავე ილიაუნში ზემოთაღნიშნულ აკადემიურ თანამდებობაზე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გიგა ზედანია გახლდათ ჩემი რექტორი.

დაუვიწყარი იყო ეს წლები.

უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა ჩემი არა მარტო პედაგოგიური (2014-დან 2016 წლამდე ჩემს მიერ წაკითხული არჩევითი სალექციო კურსის მსმენელთა რაოდენობა არითმეტიკული პროგრესიით გიზარდა), არამედ სამეცნიერო საქმიანობაც. საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ უამრავ სამეცნიერო ნაშრომთან ერთად, სწორედ ილიაუნში მუშაობისას, 2014 წელს დავასრულე მუშაობა სექსოლოგიის საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ ქართულენოვანი მონოგრაფიაზე „სამედიცინო სექსოლოგიის ნარკვევები ანუ რაზედაც ხმამაღლა არ ლაპარაკობენ“, მაგრამ ყველაზე დიდ ბედნიერებას მაინც ილიაუნის შესანიშნავ სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობა მანიჭებდა.

 „ხალხო ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“ - ნათქვამია. ხანმოკლე გამოდგა (მხოლოდ 2 წელზე ოდნავ მეტი) ჩემი აკადემიური კარიერა ილიაუნში. როგორც ბატონმა გიგა ზედანიამ ამიხსნა პირადი შეხვედრის დროს, უახლოესი წლების განმავლობაში უნივერსიტეტი აღარ აპირებდა მედიცინის ფაკულტეტის გახსნას, სადაც რექტორს ჩემი მუშაობა უფრო შესაფერისად მიაჩნდა, ვიდრე მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე და მოხდა ის რაც მოხდა - ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს.

შესაძლოა მოვაწყინე ცოტა მკითხველს თავი საკუთარი თავგადასავალის მოყოლით, მაგრამ ილიაუნის რექტორისა და ბიზნეს სკოლის ყოფილი დეკანის დღევანდელმა დაპირისპირებამ სამიოდე წლის წინ განცდილი ჩემი გულის ტკივილი გამახსენა.

ვერავის განვსჯი. ალბათ გიგა ზედანიასა და გიორგი ქადაგიძესაც აქვთ თავიანთი სიმართლე.

თუმცა, სიმართლის მებრძოლსაც მართებს ზნეობრივი ნორმების საგულდაგულო დაცვა, ვინაიდან მიზანი არასოდეს არ უნდა ამართლებდეს საშუალებას.

არ ვარ ჩახედული ზემოთ აღნიშნული დაპირისპირების დეტალებში. მართალი გითხრათ, ამ კონფლიქტის ერთი ასპექტი იწვევს მხოლოდ ჩემს შეშფოთებას, რომლის დამალვასაც ვერასოდეს ვერ ვაპატიებდი თავს.

ორ ათეულზე მეტი წელია, რაც უმაღლესი სკოლის პედაგოგად ვმუშაობ. მიმუშავია საზღვარგარეთაც, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გარდა არსად არ გამიგონია პედაგოგებს ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სტუდენტები გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესებისათვის კონფლიქტურ სიტუაციაში.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ქართული უნივერსიტეტების ადმინისტრაციისათვის სტუდენტების „მეშვეობოთ“ არასასურველი პროფესორის „თავიდან მოშორების“ პრაქტიკა არახალია. რაღა შორს წავიდე, 8 წლის წინ მეც გავხდი ანალოგიური ამაზრზენი პროვოკაციის მსხვერპლი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ ჩემს კოლეგა - უნივერსიტეტის პროფესორს შეუძლია საკუთარი გამოცდილებიდან უამრავი სხვა მაგალითის მოყვანაც.

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიგა ზედანიასა და ილიაუნის ადმინისტრაციის მხრიდან გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ არაფერ მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. სხვისა რა მოგახსენოთ და პირადად მე საქებარი მგონია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიცია არ ჩარიოს სტუდენტობა ზემოთაღნიშნულ კონფლიქტში.

მეორე „ბანაკში“ კი სრულიად საპირისპირო რამ ხდება.

მრავალრიცხოვანი მედიასაშუალებებიდან მიღებული მონაცემებით, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს გიორგი ქადაგიძეს მიერ მობილიზებულია მხარდამჭერ სტუდენტთა „ლაშქარი“, რომლის „სარდალი“ ნაპოლეონისეული შემართებით „გადაისვრის“ ხოლმე ამა თუ იმ „ქვედანაყოფს ფრონტის სხვადასხვა ხაზზე“.

გაუგებარია ყველაფერი ეს, ვინაიდან დაუშვებელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი „ვატერლოოდ“ გადაქცევა.

შესაძლოა გიორგი ქადაგიძე არც იყოს სტუდენტების ასეთი აქტივობის უშუალო ორგანიზატორი, მაგრამ არ მსმენია მისი მოწოდების შესახებაც სტუდენტებისადმი თავი შეიკავონ კონფლიქტში ჩარევისაგან.

ყოველთვის და ყველგან (მათ შორის ილიაუნშიც) დასანანია, როდესაც ვერ ხერხდება საერთო ენის გამონახვა ადმინისტრაციასა და პროფესორს შორის. ძალათა თანაფარდობაც არ არის ამ დროს თანაბარი. არცთუ იშვიათია უსამართლობა, ტენდენციურობა, ნეპოტიზმი კონფლიქტის უძლიერესი მხარის - უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, დაპირისპირებაში ჩათრეული და უსამართლოდ დაჩაგრული პროფესორისათვისაც კი პრიოროტეტულად მხოლოდ სტუდენტების ინტერესების დაცვა უნდა რჩებოდეს და მეტი არაფერი.

უმაღლესი სკოლის პედაგოგი სტუდენტის მხოლოდ პროფესიული და ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, იგი ზნეობრივი მაგალითი უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდებისათვის, მათი ჭეშმარიტი გამზრდელი, რომლის უპირველესი მოვალეობა ახალგაზრდების სულიერი სრულყოფაა.

ჯობია ისევ პედაგოგი დაისაჯოს დაუმსახურებლად, ვიდრე პროფესორისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კონფლიქტში მონაწილეობის შედეგად ახალგაზრდებმა მიიღონ გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრავმა.

უნივერსიტეტის პროფესორი ყოველთვის უნდა იყოს მზად მარტო კარიერა კი არა, ჯანმრთელობაც გასწიროს თავისი მოწაფეების კეთილდღეობისა და სულიერი სიმშვიდისათვის.

ზუსტად ისე, როგორც მშობელია მზად გასწიროს სიცოცხლე შვილებისათვის.