სამშენებლო კოეფიციენტებით ვაჭრობის ეპოქა დასრულდა

სამშენებლო კოეფიციენტებით ვაჭრობის ეპოქა დასრულდა

დედაქალაქის მთავრობამ შეიძლება ითქვას, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. სამშენებლო დარგში K2 კოეფიციენტის გაყიდვა იკრძალება. ეს ნიშნავს, რომ თბილისში ამიერიდან ვერავინ ააშენებს დადგენილზე მაღალ კორპუსებს, თუმცა უკვე გაცემულ ნებართვებს აღარაფერი ეშველება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ სიახლის შესახებ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად სპეციალური ბრიფინგის მეშვეობით ამცნო:

„შეიძლება ითქვას, მივიღეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწვეტილებს ჩვენი ქალაქისთვის, თბილისის სწორად განვითარებისთვის. ამიერიდან აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას.

მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით, შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი“, - განაცხადა კალაძემ.

ახალი გადაწვეტილება დაგვინებული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, თუმცა იგი ვერ გავრცელდება იმ 6 მლნ კვ/მ ფართობზე, რომელზეც უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათზე კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაცია არ იმოქმედებს.

გენგეგმის ავტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნებართვებიდან რამდენს აქვს K2 კოეფიციენტი ნაყიდი.

„იყო ასეთი მავნე პრაქტიკა, რომ გარკვეული საფასურის ფასად ხდებოდა სართულებისა და ფართის მატება. ამით დიდ მოგებაზე გადიოდა ინვესტორი, მაგრამ ქალაქს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. ჩვენ მივიღეთ მახინჯი და არაადეკვატური შენობები, რომელიც 4-5-სართულიანი კორპუსების გვერდით განთავსდა.

სამი წლის წინ პირველი, რაც გენგეგმამ მერიას შესთავაზა განაშენიანების წესებში K2 კოეფიციენტის შესყიდვის შეზღუდვა იყო. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება და კოეფიციენტების მატება ცენტრალურ უბნებში აკრძალეს. აქ საქმე ისაა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმით (გრგ) ეს კოეფიციენტის მატების უფლება მაინც დარჩა ინვესტორს. კახა კალაძის წინადადება ძალიან გაბედული ნაბიჯია და ახლა ეს დაშვებაც აღარ იარსებებს. ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესი გაგებით მოეკიდა. ამიტომ გადაწყვეტილება ძალაში შევა უახლოეს მომავალში.

„არც ერთი კოეფიციენტი არ იქნება მომატებული, არც ინდივიდუალურად და არც განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში. ეს იყო ის მავნე პრაქტიკა, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი ურბანულ დაღუპვამდე მიიყვანა. კოეფიციენტების გადამეტება, თავის შინაარსით, ნიშნავს იმას, რომ ფულის სანაცვლოდ სუბიექტი ყიდულობს მეტი ფართობის აშენების საშუალებას იქ, სადაც ეს არ შეიძლება“, - განაცხადა მერის მოადგილემ და დასძინა, რომ ერთი კვირის განმავლობაში საკრებულოს წარედგინება დოკუმენტი, რაც მერიის გადაწყვეტილებას იურიდიულ ძალას მისცემს.