უნივერსიტეტის დერეფანში მივდივარ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტელეჟურნალისტსა და ოპერატორს გადავაწყდი, სახელდობრ, ”რუსთავი 2”-სას.
შეუპოვარი და გაყინული სახით მიემართება ჟურნალისტი, უკან ოპერატორი მისდევს, უნივერსიტეტის თანამშრომელი ახლავთ, რაღაცას სთხოვს ჟურნალისტი, რაღაცას მოითხოვს და უკმაყოფილოა . . . მერე მითხრეს, ისეთი ადგილი უნდოდა გადაეღო ანუ გადაეცა რეპორტაჟი, საიდანაც ნაკლოვანება გამოჩნდებოდაო ანუ ნანგრევი რამ, უსუფთაო, უპატრონო, მიგდებული და ვერ იპოვაო და ბრაზობდაო...
მერე კი, ორიოდე დღის შემდეგ, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების, ბიზნესის სკოლის სტუდენტების შეკრებასა და დისკუსიაზე სხვა რამ ვიხილე. ვიხილე ჯგუფი სტუდენტებისა, ერთად ისხდნენ ქანდარაზე, ერთად ხმაურობდნენ, ერთი ან ორი წინამძღოლი ხელს აუქნევდა და ტაშს უკრავდნენ, კიდევ აუქნევდა ხელს და ახმაურდებოდნენ, კიდევ და კიდევ და კიდევ... მოკლედ იმად ქცეულიყვნენ, ლექსიკონებში რომაა განმარტება კრებითი სახელისა, ”რომელიც აღნიშნავს ადამიანთა, ცხოველთა ან ფრინველთა კრებულს, როგორიცაა, მაგ., სტუდენტობა, გუნდი, ჯოგი, ხროვა და სხვა...”
არადა, ჩვენი სტუდენტები იყვნენ, ჩვენი შვილები, ლამაზები, ნიჭიერები, ზარმაცები, შეუპოვრები, ცელქები, ამყოლები, ფიცხები, შეუსმენლები, დაუნდობლები, სუფთები, ჯერაც გაურყვნელნი, იოლად დასაყოლიებელნი.
პირობა წამოაყენეს, მოგვისმინეთო, მედიდურად არ მოგვექცეთო, ცინიკურად არ გაიღიმოთო და გვიპასუხეთო! არადა, თვითონ იქცეოდნენ მედიდურად, ხმაურობდნენ, არ ისმენდნენ, ირონიულად იღიმებოდნენ.
და პასუხობდნენ პროფესორები, დინჯად, აუჩქარებლად, არგუმენტებით, ფაქტებით, უხსნიდნენ რეორგანიზაციის არსს, აღიარებდნენ კომუნიკაციის ნაკლოვანებას, ყოფილი დეკანის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ბატონ გიორგი ქადაგიძის (აკადემიური წოდება არ გააჩნია), წვლილს ამ განხეთქილებაში, არც თავისი ავიწყდებოდათ და მოუწოდებდნენ ვისაუბროთო.
და სწორედ ესაა უნივერსიტეტი, საუბრის ადგილია, მოცალეობისა, სიდინჯისა, ჩაღრმავებისა, ანუ მოცალეობის კაცისა და ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენებისა, ცოდნის დაგროვებისა, ცოდნისა, რაც სააზროვნოდა და სამოქმედოდ გამოგვადგება.
მაგრამ არაო, არა გვჭირდება თქვენი ფილოსოფიაო, სასწრაფოდ პასუხი მოგვეცითო, შეაჩერეთ რეორგანიზაციაო, შეაჩერეთ შერწყმაო, ჩვენს ფაკულტეტს არ დავთმობთო, დამოუკიდებლობა ბიზნესის სკოლასო!
რამდენიმე დღის წინ დეკანსაც ითხოვდნენ, გიორგი ქადაგიძეს, დაგვიბრუნეთო, ახლა არ უხსენებიათ, ეტყობა იფიქრეს არ გამოდგება არგუმენტადო, ეტყობა ვინმემ ურჩია, ანდა, რაღა ვინმემ, იქვე ტრიალებდნენ ჟურნალისტები რუსთავი 2-ისა, სხვა ჟურნალისტებს ასწრებდნენ, ხმალივით მოემარჯვებინათ მიკროფონი, თოფივით - კამერა და მსხვერპლს ეძებდნენ. წკრიალდება ნაირ-ნაირი ტელეფონები, მიჩუმდებოდნენ სტუდენტები, აწკრიალდებოდა ტელეფონი და ახმაურდებოდნენ სტუდენტები.
მოთმინებით უხსნიდნენ პროფესორები, თქვენთვის ვცდილობთო, თქვენთვის უკეთესი იქნებაო, მაგრამ არაო, ხელები შორს ბიზნესის სკოლისაგანო! დამოუკიდებლობა ბიზნესის სკოლასო!
და მერე, რაღაც მოხდა, შეწყდა დისკუსია, საიდანღაც ბრძანება მოვიდა და კატეგორიულად მოითხოვეს პასუხი, ბიზნესს სკოლას ხელუხლებლად დატოვებთ თუ არაო? გვიპასუხეთ ან ჰო, ან არაო! იდგა ცეროდენა გოგონა რექტორის წინ და თითს უტრიალებდა ცხვირწინ, მიპასუხეო!
ბავშვის გარყვნას და გატუტუცებას რა უნდა, წააქეზე და…
და, ამის მერე, კიდევ გამამტყუნოს ვინმემ, როცა ვიტყვი, ბავშვის აღზრდის საუკეთესო მეთოდი დავით გურამიშვილისაა-მეთქი!
ასე იყო თუ ისე, ჩამთავრდა დისკუსია, დაშლა დავიწყეთ, დარბაზიდან გამოვედი, სტუდენტები ჯგუფებად იდგნენ, ნაწილი პროფესორებთან კამათობდნენ, ნაწილი ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, წინამძღოლები ტელევიზიებს აძლევდნენ ინტერვიუებს, - არაფერი გვიპასუხესო… ტყუოდნენ, რა თქმა უნდა.
ჩემი სტუდენტები მათ შორის არ იყვნენ, მაგრამ მაინც შევეცადე გამოვლაპარაკებოდი, ერთ ჯგუფს მივეკედლე, მეცნიერებისა და ხელოვნების დეკანს ეკამათებოდნენ, ის დინჯად უხსნიდა, ესენი წიწმატობდნენ, ვცადე ჩავრეულიყავი და ერთმა მოხდენილმა ყმაწვილმა კაცმა ”ჩამჭრელი” შეკითხვა დამისვა, სტრატეგია სად არისო? - რა სტრატეგია-მეთქი, გავოცდი, ჩვენს ინტერნეტსაიტზე ხომ ყველაფერი წერია, მისიაც, სტატეგიაც, მიზანიც; არაო, რეორგანიზაციის სტრატეგია გვინდა დაწერილიო, ოქმებიო, დოკუმენტებიო. თვით რეორგანიზაციის გეგმაა სტრატეგია-მეთქი; ამას გარდა, ახლახან ავტორიზაცია გავიარეთ წარმატებით, ყველა საბუთი წესრიგშია-მეთქი;
- არაო, რომ არ გაამართლოსო!
- მიიხედ-მოიხედე-მეთქი, ეს უნივერსიტეტი ამ ხალხმა შექმნა, სხვებთან ერთად, ვინც ახლა, სამწუხაროდ, მათ შორის არ არიან! მაშინ გიორგი ქადაგიძე სად იყო, კაცმა არ იცის და რატომ გგონიათ, რომ მათი მცდელობა თუ შრომა არ გაამართლებს და ვიღაცის ავი წყევლა თუ მკითხაობა ასრულდება-მეთქი. ჩაფიქრდა ყმაწვილი და ამ დროს ციცქნა გოგონა მოცქრიალდა და ბრძანა, წავიდეთო, სტრატეგია უნდა შევიმუშავოთო! რა სტატეგია-მეთქი მოვეჭიდე, ოდნავ შეფერხდა, მაგრამ არ დაბნეულა, პროექტი უნდა მოვამზადოთ პრეზენტაციისათვისო.
კარგად არიან მომზადებულნი, მთლად ”კმარაც” არაა, მაგრამ არც არაფერი უკლიათ.
მიდიოდნენ და ისმოდა, სტრატეგია, სტრატეგია!
იქვე ტრიალებდა ”რუსთავი 2”, მიკროფონი ხმალივით მოემარჯვებინა და კამერა - თოფივით, აცა, რაღაც ჩამოინგრევა და იქ დავდგებით, გადავიღებთ და დავძახებთ, აი, ხომ დაიქცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიო!