რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ხელისუფლებამ ახალი მიწის არქიპელაგზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი დასახლებულ პუნქტებთან დიდი რაოდენობით თეთრი დათვების გამოჩენაა. მათგან თავდაცვის მიზნით, ხელისუფლებამ ოპერატიული ჯგუფი გამოყო.
ახალი მიწის მუნიცუიპალიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგი ამ ტერიტორიაზე 1983 წლიდან სახლობს და ცხოველთა ასეთი რაოდენობით თავშეყრა ჯერ არ უნახავს.
"თეთრი დათვები ხანდახან ადამიანებს მიჰყვებიან უკან და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებშიც კი შედიან. ჩვენ გვაქვს ბრძანება, რომ ცხოველებს ცეცხლი არ გავუხსნათ და ვიმედოვნებთ, რომ ეს არც დაგვჭირდება და დათვებს იარაღის გარეშე გავყრით. უკანასკნელი ცნობებით, ტერიტორიაზე დაახლოებით 50 დათვი იმყოფება," - აცხადებს ჯიგანშა მუსინი.
შეგახსენებთ, რუსეთში თეთრი დათვის მოკვლა კანონით ისჯება.
აღსანიშნავია, რომ დათვები უკვე აღარ უფრთხიან პოლიციის ავტომობილებს და ძაღლებს, არ რეაგირებენ შუქსა და ხმოვან სიგნალებზე.
თეთრი დათვების დასახლებულ პუნქტებთან მიახლოება სპეციალისტების აზრით, საკვების ნაკლებობამ გამოიწვია.